Accessibility links

logo-print

მსგავსებები და განსხვავებები ბუშის და პუტინის ყოველწლიურ გამოსვლებში


წელს ისე მოხდა, რომ თითქმის ერთდროულად გაიმართა შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ყოველწლიური საჯარო გამოსვლები.

ბუშმა ყოველწლიურ მიმართვაში, პუტინმა კი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე შეაფასეს განვლილი პეროდი და შემდგომი 12 თვის კურსზე ისაუბრეს.

ორივე ლიდერმა ბევრი დრო დაუთმო საგარეო პოლიტიკას. ამ სფეროში მათ სრულიად ურთიერთსაპირისპირო ხედვა აქვთ.

პუტინის სტრატეგია მოკლედ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც სტატუს კვოს შენარჩუნება ანდა ევოლუცია რევოლუციის ნაცვლად.

მისგან გასხვავებით ბუში კვლავაც მხარს უჭერს რადიკალურ ცვლილებებს, რომელთაც, ზოგჯერ რევოლუციურს უწოდებენ.

ამერიკისა და რუსეთის ლიდერების როლები ცივი ომის დროინდელის შებრუნებული ვარიანტია. წინათ ვაშინგტონი ცდილობდა შეეკავებინა კომუნიზმი, მოსკოვი კი მის ექსპორტს ცდილობდა.

დღეს სხვა ვითარებაა. უზბეკეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთს არაფერში ესაჭიროება ახალი ავღანეთი. იგი ცენტრალურ აზიაში რევოლუციების წინააღმდეგია.

ყველაზე დიდ წარმატებებს შორის პუტინმა გასული წლის ნოემბერში ჩეჩნეთში გამართული არჩევნები დაასახელა. ასევე ისაუბრა ბელორუსიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების გასაკუთრებულობასა და მათი გამყარების აუცილებლობაზე.

თავის მიმართვაში ჯორჯ ბუშმა ამერიკელებს ამცნო, რომ იგი გააგრძელებს აქტიურ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ომს, ერაყში წარმოებულ კურსს და მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

მისი თქმით, მიუხედავად ამერიკის საზოგადოებაში ზოგი ასეთი ნაბიჯის არაპოპულარობისა, ბუშის თქმით, იგი უკან არ დაიხევს, ვინაიდან იზოლაციონიზმი ამერიკას მხოლოდ ზიანს მოუტანს.

ბუშმა საგანგებოდ ისაუბრა ავღანეთსა და ერაყზე. მისი თქმით, ამ ქვეყნებში ამერიკა განაგრძობს შემტევ პოლიტიკას დემოკრატიის გამარჯვებისთვის.

ამავე დროს მან მკაცრი სიტყვები არ დაიშურა ირანისთვის. [ბუშის ხმა] "იგივე ვრცელდება ირანზეც. ქვეყანაზე, რომელიც მძევლად ჰყავს სასულიერო პირთა მცირერიცხოვან ელიტას. იგი თავის ხალხს იზოლაციაში აქცევს და ჩაგრავს. ამ ქვეყნის რეჟიმი ხელს უწყობს ტერორისტებს პალესტინელთა ტერიტორიასა და ლიბანში. ამას ბოლო უნდა მოეღოს."

ამავე დროს ამერიკის პრეზიდენტმა პირობა მისცა ირანელ ხალხს, რომ ამერიკა მას გვერდში უდგას.

შიდა ფრონტზე პუტინმაც და ბუშმაც მთავარი ყურადღება ეკონომიკურ პოლიტიკას დაუთმეს.

ბუშმა თქვა, რომ ამერიკამ ახალი ტექნოლოგიებისა და ენერგიის ეკონომიურობის მეშვოებით 2025 წლისთვის თავი უნდა დააღწიოს ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე დამოკიდებულებას.

თავის მხრივ პუტინმა გაამართლა რუსეთის მიერ ბუნებრივ გაზზე ფასების გაზრდა და თქვა, რომ მოსკოვს აღარ შეუძლია მეზობელი ქვეყნების სუბსიდირება.

[პუტინის ხმა] "ფასწარმოქმნის არასაბაზრო მეთოდები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ფაქტობრივი სუბსიდირება, აგერ უკვე თხუთმეტი წელი არსებობს რუსეთის მოქალაქეების, რუსეთის მომხმარებელთა ხარჯზე. მარტო უკრაინის ეკონომიკის დოტაცია რუსეთის მოქალაქეებს ყოველწლიურად 3-დან 5 მილიარდ დოლარამდე უჯდებოდათ. ყოველწლიურად! შედარებისთვის ვიტყვი, რომ თუ მეხსიერება არ მღალატობს, უკრაინისადმი შეერთებული შტატების დახმარება შარშან 174 მილიონს შეადგენდა."

ეკონომიკურ პოლიტიკაშიც ორი ლიდერის შეხედულებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა მომავალშიც შეძლებს მსოფლიო ეკონომიკაში დომინირებას. პუტინმა კი გააკრიტიკა ამერიკა, რომელიც, მისი თქმით, რუსეთს წინ არ უშვებს. "მოგვიფურთხებია თქვენთვის, ვისაც არ გსურთ რუსეთი იხილოთ აყვავებულ ქვეყნადო", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა მისთვის ჩვეული ენით.
XS
SM
MD
LG