Accessibility links

ბორის ელცინი 75 წლის გახდა


წინა მასალაში ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური კურსი შევადარეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისას.

ახლა გესაუბრებით პოლიტიკოსზე, რომელმაც დიდად განაპირობა პუტინის, როგორც ქვეყნის ლიდერის კარიერა, მაგრამ ამავე დროს საგრძნობლად განსხვავდებოდა მისგან.

საქმე ეხება ბორის ელცინს, რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც გასული ათასწლეულის ბოლოს სწორედ პუტინს გადასცა - შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობით - რუსეთის ლიდერის სკიპტრა. მას 1-ლ თებერვალს 75 წელი შეუსრულდა.

ბორის ელცინის პოლიტიკურ კარიერას თუ წარმოვიდგენთ, უდაოდ ყველაზე უფრო თვალშისაცემია 1991 წლის აგვისტო, როცა მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ წარუმატებელი პუტჩის დღეებში ელცინი ტანკზე იდგა და თანამემამულეებს მიმართავდა.

იმ დაძაბულ დღეებში გამოვლენილმა სიმამაცემ მას ხალხში სიმპათია და პატივისცემა მოუპოვა.

რამდენიმე დღის შემდეგ ელცინი გამოვიდა მოწოდებით, დაწყებულიყო რუსეთის აღმშენებლობა.

[ელცინის ხმა] "ხალხი უკვე გათავისუფლდა შიშისგან, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა (ტაში). მოვუწოდებ ყველა თანამემამულეს, ეროვნული ერთიანობის სახელით დაიწყონ რუსეთის აღდგენისა და განახლებისაკენ მიმართული აღმშენებლობითი სამუშაო."

1993 წელს ელცინი გადაურჩა იმპიჩმენტის დაწყებას და იმავე წელსვე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. იგი ქვეყანას უძღვებოდა დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ მეტად მტკივნეულ პროცესში. მისი ლიდერობის მიმართ დამოკიდებულება არ არის ერთგვაროვანი, მაგრამ ძნელია რუსეთის წინაშე მისი დამსახურებების ეჭვქვეშ დაყენება.

ელცინის მოწინააღმდეგეები პირველ რიგში მიუთითებენ იმაზე, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება. იური ლევადას ცენტრის მიერ გასულ თვეში ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ რუსეთის მოსახლეობის 70 პროცენტის აზრით, ელცინის ერამ ქვეყანას ზიანი უფრო მეტი მოუტანა, ვიდრე სიკეთე.

1999 წლის 31 დეკემბერს ელცინმა განმაცვიფრებელი ნაბიჯი გადადგა. მან სატელევიზიო გამოსვლაში გამოაცხადა, რომ ტოვებს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას.

[ელცინის ხმა] "დღეს უკანასკნელად მოგმართავთ, როგორც რუსეთის პრეზიდენტი. მე გადაწყვეტილება მივიღე. ამაზე დიდხანს და მტკივნეულად ვფიქრობდი. დღეს, მიმავალი საუკუნის უკანასკნელ დღეს, ჩემს თანამდებობას ვტოვებ."

ელცინმა თავის მემკვიდრედ პუტინი გამოაცხადა. ახლახან მიცემულ ერთ ინტერვიუში მან თქვა, რუსეთს პუტინის ტიპის ლიდერი სჭირდებოდაო.

როგორც კარნეგის ცენტრის მოსკოველმა თანამშრომელმა, ნიკოლაი პეტროვმა უთხრა ჩვენს რადიოს, მართალია, პუტინი ელცინის მიერ იქნა შერჩეული, მაგრამ დღევანდელი პრეზიდენტის მმართველობა არ ჰგავს მისი წინამორბედისას.

[პეტროვის ხმა] "ელცინი სტიქიურად მართლაც უფრო მეტად იყო დემოკრატიისკენ მიდრეკილი. ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიის თუ არა, საჯარო პოლიტიკისადმი მაინც. იგი იყო პოლიტიკოსი, იგი იყო ადამიანი, რომელიც თვითონ პოლიტიკური გზით მოვიდა ხელისუფლების სათავეში. პუტინი კი ამ თვალსაზრისით სრულიად განსხვავდება. იგი ტექნოკრატია. იგი წარმოადგენს აზროვნების სრულიად განსხვავებულ, კორპორატიულ სკოლას. მას, პირიქით, არ უყვარს საჯარო პოლიტიკა. მას უყვარს მკაცრი, ნახევრადსამხედრო მორჩილება. მისი ბევრი პროექტი სპეცოპერაციას ჰგავს."

ამასთან, პეტროვი შენიშნავს, რომ ბევრი ზომა, რომელსაც პუტინს უთვლიან წარმატებად, ელცინის მმართველობის ბოლო წლებში იქნა შემუშავებული.

მაგრამ ამ ორი პოლიტიკოსის შედარება ძალზე ძნელია. ელცინის დროს რუსეთი უფრო სუსტი სახელმწიფო იყო და დემოკრატია და ფედერალიზმი სისუსტესთან ასოცირდებოდა.

გარდა ამისა, პუტინს ეკონომიკურად უფრო ძლიერი სახელმწიფოს მართვა მოუწია, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის ნავთობზე ფასების ზრდას.

საფიქრებელია, რომ რუსეთი ელცინის დროსაც რომ ასე მდიდარი ყოფილიყო, მაშინ ამ პოლიტიკურ ფიგურას დღეს უფრო დადებითად მოიხსენიებდნენ.
XS
SM
MD
LG