Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშის განცხადებით, ვაშინგტონი მსოფლიო ასპარეზიდან უკან არ დაიხევს


გუშინ საღამოს, როცა ევროპის ქვეყნებში დღევანდელი დილა თენდებოდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ყოველწლიური სიტყვით მიმართა კონგრესს.

ამერიკის ლიდერების ასეთ გამოსვლებს 216 წლის ტრადიცია აქვს და მასში პრეზიდენტი აფასებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ეკონომიკურსა თუ სოციალურ მდგომარეობას, საუბრობს ამერიკის როლზე მსოფლიოში.

გუშინდელ მიმართვაში ბუშმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადის დარჩენილ სამ წელიწადში იგი განაგრძობს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ და არ შეასუსტებს ძილისხმევას, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის დამკვიდრებისკენ არის მიმართული.

[ჯორჯ ბუშის ხმა]" ეჭვი ნუ შეეპარებათ ნურც მტრებსა და ნურც მოყვარეებს: შეერთებული შტატები მსოფლიო ასპარეზიდან უკან არ დაიხევს, ბოროტების წინაშე არასოდეს მოვიხრით ქედს."

კერძოდ, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს ბრძოლას ტერორისტული ქსელების წინააღმდეგ ავღანეთსა და ერაყში.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენ კვლავაც შევუტევთ ტერორისტულ ქსელებს. ტერორისტთა ბევრი ლიდერი დავხოცეთ და დავიჭირეთ. იმათ საყურადღებოდ კი, ვინც ჯერ კიდევ თავისუფალია, ვიტყვი, რომ მათი დროც მოვა. ჩვენ ავღანეთშიც ვინარჩუნებთ შემტევ პოზიციას. ავღანეთის პრეზიდენტი და ეროვნული ასამბლეაც ებრძვიან ტერორს და თან ახალ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ქმნიან. შემტევ პოზიციას გვიკავია ერაყშიც, სადაც გამარჯვების მკაფიო გეგმა გვაქვს”.

ირანის მიმართ საერთაშორისო უკმაყოფილების ზრდას თუ გავითვალისწინებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ბუშის მიერ ირანის შესახებ ნათქვამმა. ბუშმა ირანის ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ირანი ისლამისტური რეჟიმის ტყვეობაშია და რომ მსოფლიომ არ უნდა დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა. შეერთებული შტატები პატივს სცემს ირანის მოქალაქეებს, მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი და თავისუფლება მოიპოვონ. ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ დადგება დრო, როცა შეერთებული შტატები და თავისუფალი, დემოკრატიული ირანი მეგობარი ქვეყნები გახდებიან.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებს აკისრია ისტორიული მისია: ბოლო მოუღოს ტირანიას მსოფლიოში, რადგან ამაზეა დამოკიდებული თავად შტატების მომავალიც.

იყო კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი ჯორჯ ბუშის გამოსვლაში, როცა ის შეეხო შტატების დამოკიდებულებას ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "იმისთვის, რათა ამერიკამ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს, აუცილებელია ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროები ჰქონდეს. აქ კი სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ: ამერიკა მეტისმეტად დამოკიდებულია ნავთობზე, რომლის იმპორტი ხშირად მსოფლიოს არასტაბილური რეგიონებიდან ხდება. ამ დამოკიდებულების გადალახვის საუკეთესო გზა ტექნოლოგიური ცვლილებებია."
XS
SM
MD
LG