Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დიალოგს განაგრძობს


საქართველოში იმყოფება ვატიკანის ქრისტიანთა ერთიანობის საბჭოს პრეზიდენტი, კარდინალი ვალტერ კასპერი, რომელსაც, რომის პაპის სახელით,

სხვადასხვა კონფესიათა დიალოგისთვის ხელშეწყობის მისია აქვს.

კარდინალ კასპერის ვიზიტის ოფიციალური პროგრამა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან და ხელისუფლებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითვალისწინებს.

თბილისში გაიმართება ეკლესიათა ერთიანობისადმი მიძღვნილი ლიტურგიაც, რომელშიც ვალტერ კასპერთან ერთად მონაწილეობას სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები მიიღებენ. საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ ორივე ამ კონფესიის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლება იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

საქართველოს დამოუკიდებლობა, ერთ-ერთმა პირველმა, ვატიკანმა აღიარა. 1992 წელს დამყარებული ურთიერთობიდან 7 წლის თავზე თბილისში რომის პაპის ვიზიტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, კიდევ 4 წლის შემდეგ კი საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობაში პირველი სკანდალი მოხდა.

2003 წლის შემოდგომაზე უარით გაისტუმრეს ვატიკანის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ჟან ლუი ტორანი, რომელიც საქართველოსთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ხელმოსაწერად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. უკვე მომზადებულ ხელშეკრულებაზე, რომელსაც მისი მოწინააღმდეგენი საიდუმლო დოკუმენტად მიიჩნევდნენ, ხელისუფლებამ უარი საქართველოს საპატრიარქოს უარყოფითი დამოკიდებულებისა და საზოგადოების ერთი ნაწილის საპროტესტო აქციების გამო თქვა.

სამი წლის წინ ჩაშლილი შეთანხმება პარლამენტს ახლახან შეახსენა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. ხელისუფლებისადმი მისი ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაცია სხვადასხვა კონფესიებთან - მათ შორის, რომის კათოლიკურ ეკლესიასთან - ხელშეკრულებების გაფორმებას შეეხება:

[სოზარ სუბარის ხმა] "თუკი რომელიმე ჯგუფს სურს ხელშეკრულებების დადება, ჩვეულებრივი, ორდინარული ხელშეკრულებების, რომლებიც განსაზღვრავს მათ სტატუსს და მათ გარკვეულ უფლებებს, უბრალოდ, ეს შეიძლება იქნეს გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფოს მიერ. ეს არის ერთადერთი, რაც არის რელიგიასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, სწორი პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან.” (სტილი დაცულია)

ამ რეკომენდაციას ომბუდსმენი საქართველოს კონსტიტუციით ქვეყნის მოქალაქეთათვის მინიჭებული თანაბარი უფლებებით ასაბუთებს და განმარტავს, რომ სხვადასხვა კონფესიებთან ხელმოწერილ შეთანხმებებს რიგითი და არა კონსტიტუციური სტატუსი უნდა ჰქონდეს.
სამი წლის წინ ვატიკანთან შეთანხმების ხელმოწერის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ამგვარი პრეცედენტი საქართველოს პრობლემებს შეუქმნიდა სხვა კონფესიებთან ურთიერთობისას. თავად რამდენიმე კონფესიის წარმომადგენლები მათი სტატუსის განსაზღვრას ქვეყნის ხელისუფლებისგან რამდენიმე წელია ითხოვენ. სადავო საკითხების მოგვარების მთავარ გზად კონფესიათა დიალოგს მიიჩნევენ ვატიკანში, სადაც ამ პროცესის ხელშესაწყობად საგანგებო მისია მოქმედებს. მისი მეთაური, კარდინალი ვალტერ კასპერი, დიალოგს ამჯერად თბილისში აწარმოებს.

კონფესიათა დიალოგის აუცილებლობას მხოლოდ ურთიერთობაში არსებულ პრობლემათა დაძლევის გზად არ მიიჩნევს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი:

[ზაზა შათირიშვილის ხმა] "რაც არ უნდა სეკულარული იყოს თანამედროვე სამყარო, რაც არ უნდა დაცლილი იყოს რელიგიური ელემენტისაგან საჯარო ცხოვრება, რასაც მოითხოვს თანამედროვე ლიბერალური აზროვნება, ადამიანებს, რა კონფესიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, აქვთ მოთხოვნილება, რომ იყოს რაღაც ერთი ადგილი მაინც, სადაც არის გარკვეული სიწმინდე.” (სტილი დაცულია)

დიალოგს - ამ შემთხვევაში კათოლიკურ ეკლესიასთან - არ ეწინააღმდეგება არც საქართველოს საპატრიარქო, თუმცა მისი პოზიცია კონკრეტული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ხელმოწერისადმი უცვლელია. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული ენთუზიაზმი არც საქართველოს პარლამენტში შეინიშნება. ამასთან, იანვარში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის მიერ რელიგიის კანონის მიღებას და სტატუსის საკითხის გადაწყვეტას, ვატიკანთან ერთად, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასაც დაჰპირდა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG