Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალი რანგის სამი ოფიცერი პოლიტიკაში მიდის


საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საინტერესო პრეცედენტი იქმნება: ხელისუფლების მიერ დაწუნებული და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი

ქართველი ოფიცრები სამხედრო კარიერაზე უარს ამბობენ და პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებენ. გერმანიის აკადემიის კურსდამთავრებულმა სამმა მაღალი რანგის ოფიცერმა 1 თებერვალს პარტია “ახალ მემარჯვენეებში” გაწევრიანების განცხადება გააკეთა და ჟურნალისტებს უამბო, როგორც თავად ამბობენ, იმ უკანონობის შესახებ, რაც, რეფორმების სახელით, შეიარაღებულ ძალებში ხდება. ვინ არიან ისინი და კარგია თუ არა ქვეყნისთვის, როცა პროფესიონალი სამხედროები პარტიულ მოღვაწეობას იწყებენ?

გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული, 33 წლის გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე სამხედრო ძალებში სულ ახალგაზრდა ჩაირიცხა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილეა. იყო კოჯრის სპეცდანიშულების ბატალიონის შტაბის უფროსი, 20001 წელს კი კოსოვოში - ქართული სამშვიდობო ასეულის მეთაური. დაჯილდოებულია მედლით “მხედრული მამაცობისათვის” და ნატოს მედლით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ბლიაძე სამხედრო სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლებით სარგებლობდა, 2005 წლის ივნისში იგი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს და სამხედრო ძალებიდან დაითხოვეს. გიორგი ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლა მას თავდაცვის სამინისტროს ასეთმა დამოკიდებულებამ აიძულა.

[გიორგი ბლიაძის ხმა] “აზრი არ ჰქონდა კარიერის გაგრძელებას, რადგან ძალიან შიგნიდან და ძალიან ღრმად მწამს ის, რაც სწორია. ამიტომ, ჩავთვალე, რომ გარედან უფრო მეტის გაკეთება შეიძლება. თუნდაც იმ მხრივ, რომ ამაზე შემიძლია თავისუფლად ვისაუბრო როგორც პოლიტიკოსმა და როგორც თავისუფალმა მოქალაქემ.”

პოლკოვნიკ ბლიაძის გარდა, პარტია “ახალ მემარჯვენეებში” გაწევრიანდნენ პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე და ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მელითაური. პირველი სამხედრო აკადემიის უფროსი გახლდათ და 2005 წლის ივნისში მეტად ორიგინალურად გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან - მან ტელევიზიის ეთერით შეიტყო, რომ გათავისუფლებულია. გერმანიის სამხედრო აკადემიიდან დაბრუნებულმა გიორგი მელითაურმა, რომელიც 2003 წელს კოსოვოში სამშვიდობო ბატალიონს ხელმძღვანელობდა, ორჯერ მიმართა პატაკით ზემდგომ მეთაურებს, რომ დაენიშნათ ნებისმიერ თანამდებობაზე, მაგრამ ორი თვის განმავლობაში არავითარი პასუხი არ მიუღია. სამხედრო უწყების მიერ დაწუნებული ოფიცერი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში გადასვლით სწორი არჩევანი გააკეთა:

[გიორგი მელითაურის ხმა] “ჩემთვის მთავარია, რომ მე იმ გუნდის წარმომადგენელი ვარ, რომელშიც შემიძლია ჩემი გამოცდილება, ჩემი ჩანაფიქრები დავამუშაო. შემდგომშიც რაღაცა გამოსადეგარი იყოს შეიარაღებული ძალებისათვის, ამიტომ, რომ ვთქვა, რომ ახლა რაიმე პოლიტიკურ კარიერაზე ვფიქრობ, ვერ გეტყვი.” [სტილი დაცულია]

“ახალი მემარჯვენეები” ახალი შევსებით აშკარად კმაყოფილნი არიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც სამხედრო სისტემიდან ყბადაღებული საკადრო რეორგანიზაციის საფუძველზე დაითხოვეს, მაინც თავს იკავებდნენ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებისგან. შესაბამისად, ასეთი პრეცედენტი უკვე თავისთავად მოითხოვს ვითარების გაანალიზებას და პასუხის გაცემას შეკითხვაზე - კარგია თუ არა ქვეყნისთვის, როცა პროფესიონალი სამხედროები პარტიულ მოღვაწეობას იწყებენ? სამხედრო პოლიტოლოგი, “ფონდ ღია საზოაგადოება - საქართველოს” თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია პოზიტიურია საზოგადოების განვითარებისათვის:

[დათო დარჩიაშვილის ხმა] “თავისთავად სამხედრო ექსპერტების ჩართვა პოლიტიკაში, პოლიტიკური თამაშის წესების დაცვით, და სამოქალაქო ურთიერთობებში გადასვლა სულაც არ არის ცუდი საზოგადოებრივი განვითარების კუთხით.”

თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ოპოზიციურ პარტიაში სამი სამხედრო მაღალჩინოსანი ოფიცრის გადასვლაზე და საეჭვოა, რომ მომავალში გააკეთოს. ერთი ქართული გამოთქმისა არ იყოს: სამხედრო უწყებიდან წასვლა ძალზე იოლია, დაბრუნება კი - ძნელი. მით უფრო, თუ დაბრუნების მსურველს ღიად ჰყავს გაკრიტიკებული თავდაცვის მინისტრი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG