Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი, კოსოვო და საქართველოს სეპარატისტული რეგიონები


დღეს ვუბრუნდებით რუსეთის პრეზიდენტის 31 იანვრის პრეს-კონფერენციას, რომელზეც მას შემდეგ არაერთხელ მოგვიხდა საუბარი.

შევეხეთ, პირველ რიგში, მის გამოხმაურებას გაზით მომარაგების გამო საქართველოსთან დაძაბულ ურთიერთობაზე და ახლაც შევეხებით მისი გამოსვლის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება. [პუტინის ხმა] “თუ ვინმე ფიქრობს, რომ კოსოვოს უნდა მიენიჭოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაშინ რატომ უნდა ვუთხრათ ამაზე უარი აფხაზებსა და სამხრეთელ ოსებს? ახლა მე არ ვლაპარაკობ იმაზე, როგორ მოიქცევა რუსეთი. მაგრამ, მაგალითად, ვიცი, რომ თურქეთმა აღიარა ჩრდილოეთი კვიპროსი. არ მინდა იმის თქმა, რომ რუსეთიც მაშინვე, დაუყოვნებლივ აღიარებს აფხაზეთს, ან სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მაგრამ ასეთი პრეცედენტები საერთაშორისო თანამეგობრობის ცხოვრებაში არსებობს”.

ვლადიმირ პუტინის ეს განცხადება მიანიშნებს, რომ სერბიის პროვინცია კოსოვოსთან დაკავშირებული პროცესები, შესაძლოა, ფრიად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს საქართველოსთვის.

კოსოვოს (სერბიის უმეტესწილად ეთნიკური ალბანელებით დასახლებული პროვინციის) სტატუსზე მოლაპარაკება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა და, როგორც ჩანს, უკვე დასასრულს უახლოვდება, მაგრამ რუსეთისთვის არასასურველ დასასრულს.

სერბებს და კოსოვოელებს 25 იანვარს ვენაში უნდა დაეწყოთ სტატუსზე მოლაპარაკება, მაგრამ ის გადაიდო კოსოვოელი ალბენელების ლიდერის, იბრაჰიმ რუგოვას გარდაცვალების გამო. მანამდე კი გავრცელდა ცნობა შეერთებული შტატების, რუსეთის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ გარკვეული კონსენსუსის მიღწევაზე. ლაპარაკია ე.წ. “პირობით დამოუკიდებლობაზე” - სერბიიდან კოსოვოს ჩამოშორებაზე, მაგრამ მის საერთაშორისო მისიას დაქვემდებარებაზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსკოვი სერბიას პოლიტიკურ მოკავშირედ მიჩნევს, შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვი დამარცხდა კოსოვოს გარშემო დიპლომატიურ ომში. მაგრამ ვლადიმირ პუტინმა ზემოხსენებულ პრეს-კონფერენციაზე მიანიშნა, რომ მოსკოვი შეეცდება, სხვა მიზანს მაინც მიაღწიოს: “გაყინული” კონფლიქტების მოგვარების ერთგვარი უნივერსალური პრინციპის აღიარებას. წეღან მოისმინეთ პუტინის სიტყვები - თუ კოსოვო ვაღიარეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რატომ უნდა ეთქვას უარი აფხაზეთს, ან სამხრეთ ოსეთს?

მოისმინეთ შეფასება, რომელსაც პუტინის ამ განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქვამს მოსკოვში კარნეგის ცენტრის მკვლევარი, პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო. [მალაშენკოს ხმა] “ეს მას მისცემს საშუალებას. საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს და განუწყვეტლივ გაიმეოროს, რომ თუ რაღაც მოხდა კოსოვოში, შესაძლოა იგივე მოხდეს აფხაზეთსა და შესაძლოა სამხრეთ ოსეთში. მაგრამ იმავდროულად, არა მგონია, პუტინმა ამით წარმატებას მიაღწიოს, ვინაიდან დასავლ

მალაშენკოს ამ შეფასებას იზიარებს ავტორიტეტიან ჟურნალ “ეკონომისტის” კორესპონდენტი ედუარდ ლუკასი. [ლუკასის ხმა] “საქმე ეხება თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო პრინციპს. მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ის არის, რომ კოსოვო უცხოეთის არც ერთი მძლავრი სახელმწიფოს მხარდაჭერით არ სარგებლობს. მას არ ჰყავს ძლიერი მფარველი მეზობელი, როგორც ჰყავთ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და დნესტრისპირეთს. ამიტომ, ჩემი აზრით, პირველი, რაც უნდა ითქვას ერთობლივი სტადნარტის შემუშავებისას, არის ის, რომ არც ერთ მეზობელ ქვეყანას არ უნდა შეეძლოს ძლიერი ცალმხრივი ბლოკადის გამოცხადება ან დახმარების გაწევა გაყინული კონფლიქტების მოგვარებისას. ეს კი რუსეთს, რასაკვირველია, ძალიან რთულ პოზიციაში ჩააყენებდა”.

და ედუარდ ლუკასის კიდევ ერთი მოსაზრება: თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერით რუსეთი ძალიან თხელ ყინულზე მოძრაობს. [ლუკასის ხმა] “არსებობს ჩეჩნეთიც. თუ აღიარებ თვითგამორკვევის უფლებას, ან თუნდაც მისთვის ანგარიშის გაწევის საჭიროებას და არ გექნება ლაპარაკი მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპზე, მაშინ, რასაკვირველია, წამოიჭრება ჩეჩნეთის საკითხიც - შესაძლოა მომავალში ის წამოიჭრას რუსეთის სხვა რეგიონებშიც, რომლებიც (როგორც კარელია ან თათრეთი) შემთხვევით უფრო არიან რუსეთის შემადგენლობაში, ვიდრე ისტორიულად მოპოვებული უფლების საფუძველზე”.

თხელ ყინულზე მოძრაობს თუ არა, რუსეთი არ მალავს კოსოვოსთან პარალელების გავლების სურვილს: კრემლთან დაახლოვებულმა პოლიტოლოგმა, სერგეი მარკოვმა 31 იანვარს განაცხადა, რომ მოსკოვი, მართალია, ეწინააღმდეგება კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მზადაა, მას შეურიგდეს, თუ კოსოვოს პრეცედენტი გავრცელდება ოთხ გაყინულ კონფლიქტზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.
XS
SM
MD
LG