Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მისივე მიღებული კანონის თვითნებურ შეცვლაში ადანაშაულებენ


საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სიყალბეში ადანაშაულებენ. საქმე ეხება თვითნებურ შეცვლას საქართველოს კანონისა, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა

იმ მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობა, რომელთაც დისციპლინური დევნა ემუქრებათ. საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 19 დეკემბერს უნდა ამოქმედებულიყო, მხოლოდ 16 მარტს შევა ძალაში, მანამდე კი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, ხელისუფლება არასასურველი მოსამართლეების დასჯის საქმეს ძველი კანონის თანახმად მიიყვანს ბოლომდე.


საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლებას ევროპულმა გამოცდილებამ უკარნახა. მოსამართლეთა ევროპული ქარტია მოითხოვს, რომ მოსამართლეთა დისციპლინურ დევნაზე საბოლოო გადაწყვეტილება არა იუსტიციის საბჭომ, არამედ უზენაესმა სასამართლომ მიიღოს. საქართველოს შემთხვევაში, ამ კანონის მიღებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმ ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების გახმაურებული საქმის გამო, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მათზე ზეწოლის გამო დაუპირისპირდნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” თავმჯდომარე მანანა კობახიძე მიიჩნევს, კანონი დევნილი მოსამართლეებისათვის საკმაოდ ლიბერალურ პროცედურებს ითვალისწინებს:
[მანანა კობახიძის ხმა] “ეს ცვლილება გამოიწვევდა იმას, რომ მოსამართლეების საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავდა არსებითად, ფუნდამენტურად, ფაქტობრივი მტკიცებულებების გამოყენებით, რაც, თავისთავად, უფრო უპირატეს უფლებას მისცემდა მოსამართლეებს.”

მაგრამ სიმართლის მძებნელი მოსამართლეებისა და მათი მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე, ანუ გასული წლის 19 დეკემბერს, უნდა ამოქმედებულიყო. მაგრამ პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ მასში შევიდა ცვლილება, რაც, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის ანა დოლიძის თქმით, კონსტიტუციის დარღვევაა. დოლიძე განმარტავს, რომ კონსტიტუცია კანონის ამოქმედებას გამოქვეყნების დღიდან ითვალისწინებს. უკანონო ცვლილების შედეგად კი, კანონი მხოლოდ 15 მარტიდან ამოქმედდება, რაც მეამბოხე მოსამართლეებს არ მისცემს საშუალებას ისარგებლონ ლიბერალური ნორმებით. ანა დოლიძე კანონის თვითნებური შეცვლის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს და იმედი აქვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე - იმისათვის, რომ დაცული იქნეს მუნდირის ღირსება - მათ თხოვნას ყურად იღებს.

[ანა დოლიძის ხმა] “იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს საკუთარი რეპუტაცია, ამ შემთხვევაში პარლამენტს ვგულისხმობ, პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ხელს შეუწყობს იმას, რომ გამოვლინდეს თუნდაც კონკრეტულად რომელიმე დაბალი რანგის მოხელე, რომელსაც ამაში აქვს მონაწილეობა მიღებული. თუმცა საწინააღმდეგოს გამორიცხვაც არ შეიძლება.”(სტილი დაცულია)

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამჟამად ქუთაისში იმყოფება და დიდთოვლობით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს აკვირდება. თავმჯდომარის მოადგილეებს ტელეფონები გამორთული აქვთ. ერთადერთი, ვისაც ამ კანონპროექტთან უშუალო შეხება ჰქონდა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეა, რომელმაც სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ არასამთავრობოების საჩივარს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] “ზუსტად მე ეს[განცხადება]მოვისმინე, და ვაპირებდი, ჩავიწერე კიდევაც, რომ ბიუროს სხდომაზე ეს საკითხი გავარკვიო. იმიტომ რომ მეც ცოტა ვერ გავიგე, რაშია საქმე.” [სტილი დაცულია]

ღირს აღინიშნოს, რომ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დაახლოებით 4 თვის წინ მთავრობის სარეზერვო ფონდის 40 მილიონი ლარით გადახარჯვის შესახებ სერიოზული დოკუმენტი მოამზადა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შესწავლილ არც ერთ ფაქტზე ხელისუფლებას ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია.
XS
SM
MD
LG