Accessibility links

logo-print

რუსი სამშვიდობოების საქართველოში ყოფნის მართებულობა, ირანული ბუნებრივი აირის ფასი, არასამთავრობო


რუსი სამშვიდობოების საქართველოში ყოფნის მართებულობა, ირანული ბუნებრივი აირის ფასი, არასამთავრობო სექტორის როლი საქართველოს ცხოვრებაში - დღევანდელი პრესა ამ

და სხვა აქტუალურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. გთავაზობთ ზოგიერთი პუბლიკაციის მიმოხილვას.

”რუსებმა უკან დაიხიეს”, ”რუსი სამშვიდობოები საქართველოს საფრთხეს უქმნიან”, ”ღმერთო, სამშვიდობოებისგან დაგვიფარე”, ”რუსულმა სამშვიდობო ძალებმა ქართული მხარის ნდობა დაკარგეს”, - ამ სათაურებიდანაც ჩანს სულისკვეთება, რომელსაც რუსი ცისფერჩაფხუტიანების საქართველოში ყოფნის მიმართ გამოხატავს დღევანდელი ქართული პრესა. ისიც უნდა ითქვას, რომ, სულისკვეთების გარდა, აღსანიშნავი ამ თემაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში თითქმის არაფერია: გაზეთები კვლავ ვრცელი ინფორმაციის გამოქვეყნებას სჯერდებიან და ელიან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას: ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისდამცველების ყოფნა-არყოფნის საკითხის განხილვას დეპუტატები მომავალ კვირაში დაიწყებენ.

პრესის ყურადღება ირანული ბუნებრივი აირის საფასურის მიმართ სამართლიანად გაამძაფრა საქართველოს ხელისუფლების ”დამუნჯებამ” ამ საკითხზე. ”რა ღირს სინამდვილეში ირანული გაზი - 120 დოლარი თუ 233? - არც ერთი და არც მეორე. ზუსტ პასუხს ”ალიამ” კანცელარიის კულუარებში მიაკვლია”- ასეთი ხმაურიანი სათაურით იპყრობს მკითხველის ყურადღებას გაზეთი. ”ალიას” მიერ მიკვლეული ინფორმაცია კი ასეთი გახლავთ: ”ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო გაზში ფულს საერთოდაც არ იხდის. ხელშეკრულებაში ბარტერია გაფორმებული, ანუ ზამთრის გაზს ჩვენ ელექტროენერგიით გადავიხდით უკვე გაზაფხულზე.”

ირანული ბუნებრივი აირის თემაზე ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილთან, სათაურით ”ირანთან მეგობრობა ამერიკასთან ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს”. შეკითხვას, ხომ არ იყო ენერგოდივერსია დაკავშირებული რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანასთან, კლიმიაშვილი უპასუხებს: ”შესაძლებელია საქართველოსა და რუსეთს შორის ისე დაიძაბოს ურთიერთობა, რომ რუსეთმა არ გაიყვანოს სამშვიდობო ძალები. ჩვენ ახლა მივიღეთ ახალი გაზის მომწოდებელი ირანის სახით. ირანი არის პირველი დამფინანსებელი ჩეჩენი ტერორისტების. თუკი ჩეჩნები ააფეთქებდნენ გაზსადენს, ამის შემდეგ ჩვენ გაზს კი არ მივიღებდით რუსეთიდან, არამედ ირანიდან, ეს კი ჩეჩნებს აწყობთ. ირანთან მეგობრობა კი ნიშნავს ამერიკასთან ურთიერთობის გაწყვეტას. თუკი ამერიკასთან გავწყვეტთ ურთიერთობას, შეგვიწყდება ბევრი დახმარება”, - ამბობს რამაზ კლიმიაშვილი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

ირანის გაზთან დაკავშირებით საყურადღებოა ”24 საათში” გამოქვეყნებული ინტერვიუ. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი დავით ინგოროყვა ირანული გაზის ფასზე დასმულ შეკითხვას ბუნდოვნად უპასუხებს: ”მესმის, ჩვენთან უნდათ, რომ ყველაფერი ყველასთვის გასაგები იყოს. ეს არის გარიგება ორ კომერციულ ორგანიზაციას შორის, რომელიც ხელშეკრულებას არ დადებს, თუ ეს ხელს არ აძლევს და თუ ეს მისი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მინდა გითხრათ, რომ ამაზე ვერ გესაუბრებით. ირანმა ჩვენი დახმარება ურთულეს მომენტში გადაწყვიტა და ჩვენც მივიღეთ ეს დახმარება”, - ამბობს დავით ინგოროყვა. ამით ირანის ბუნებრივ აირზე პუბლიკაციების მიმოხილვას დავასრულებ, თუმცა, რადგან ”24 საათს” შევეხე, თქვენს ყურადღებას კიდევ ერთ საკითხზე შევაჩერებ: დღევანდელ ნომერში ქვეყნდება მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ფილოსოფოს გია ნოდიას სტატია არასამთავრობო სექტორის როლზე საქართველოს ცხოვრებაში. ავტორი პუბლიკაციას ასე იწყებს: ”დღეს არასამთავრობოთა სამყაროში დაბნეულობაა. რაშია მათი როლი ახალ საქართველოში - თუკი ასეთი როლი კიდევ არის?” - ამ კითხვის გარდა, ნოდია კიდევ არაერთ კითხვას სვამს,მათ ნაწილს თავადვე უპასუხებს. ერთი კითხვა-ქვესათაური ასეთი გახლავთ: ”სექტა თუ სამოქალაქო საზოგადოება?” და აი, პასუხიც: ”საქართველოს (ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყნის) ”ენ-ჯი-ო”-ები ”რაღაც აზრით” სამოქალაქო საზოგადოებაა: ისინი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებები არიან და სწორედ დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად იბრძვიან. მაგრამ ისინი არ არიან სამოქალაქო საზოგადოება ამ სიტყვის სრული, კლასიკური, აზრით, რადგან მათ შინაგანად არ ახასიათებთ ინტერესთა და შეხედულებათა პლურალიზმი. დემოკრატიის ქადაგება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თავად ხარ დემოკრატიული. ამ ნიშნით არასამთავრობოებისთვის შეგვეძლო გვეწოდებინა დემოკრატების სექტა”, - წერს გია ნოდია ”24 საათში”.


დღევანდელი პრესა გამოეხმაურა სამი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის - კახა კაციტაძის, გიორგი მელითაურისა და გიორგი ბლიაძის ოპოზიციურ პარტიაში შესვლასაც. ”რეზონანსი” წერს: ”სამხედროების ეს ჯგუფი ადასტურებს, რომ მათ დღევანდელ სამხედრო ხელმძღვანელობასთან პრინციპული კონფლიქტი აქვთ. თუმცა უარყოფენ, რომ მათი ოპოზიციაში წასვლა წყენით იყოს განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ისინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნის შემდეგ დაითხოვეს. მთავარი კითხვა კი ის არის, ოპოზიციაში ყოფნით რეფორმის გატარებას როგორ შეძლებენ. მათი განმარტებით კი,რეფორმის გატარება მაშინ მოხდება, როდესაც ხელისუფლებაში მათი ფავორიტი პოლიტიკური ძალა მოვა”, - წერს ”რეზონანსი”.
XS
SM
MD
LG