Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული ბანკნოტების მოგზაურობა და დაავადების გავრცელება


ამერიკულ ვებგვერდზე,

“www.whereisgeorge.com”- ზე, თუ შეხვალთ, მოგეცემათ შესაძლებლობა შესაბამის გრაფაში შეიტანოთ თქვენს ხელთ თუ თქვენს საფულეში არსებული დოლარიანების ნომრები და ადგილი, სადაც იმყოფებით იმჟამად. იქვე შეგიძლიათ გაარკვიოთ, საიდან მოვიდა ეს კუპიურა თქვენამდე, თუკი ის ადრე სხვამ გაატარა რეგისტრაციაში. შემდეგ, მომავალში, იმავე საიტზე დაადგენთ ხოლმე, სად წავიდა ის კუპიურა, ანუ სად გასცა ის თქვენს შემდგომმა მომხმარებელმა. ამას ამერიკაში თავისებური თამაშის ფორმა აქვს. ევროპელმა მეცნიერებმა, - გერმანიაში, გეტინგენში, მაქს პლანკის მოძრაობისა და თვითორგანიზაციის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, - დოლარიანების მოძრაობით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაიწყეს დაავადებების გავრცელების გეოგრაფიის შესწავლა. მათ საკუთრივ ფული, ამერიკული დოლარი, საერთოდ არ აინტერესებთ - სწავლობენ ადამიანის მოგზაურობის ჩვევებს. სულ ზემოხსენებულ ვებგვერდზე 50 მილიონი მონაცემია. მათი მხოლოდ მცირე ნაწილიც საკმარისია გეტინგენელი მკვლევრებისთვის, რათა ადამიანის მოძრაობის ჩვევები დაადგინონ. ბანკნოტების დადგენილი მოძრაობა მათ შეადარეს სამოქალაქო ავიაციის მონაცემებს აშშ-ის 50 ქალაქში. მოძრაობის მიმართულებები და ხანგძლივობა ემთხვეოდა, ანუ ცხადი გახდა, რომ ფულის მოძრაობა ძალიან კარგი საზომი იყო ადამიანის მოძრაობისა.
გეტინგენის მაქს პლანკის მოძრაობისა და თვითორგანიზაციის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა დირკ ბროკმანმა ჩვენს სატელეფონო საუბარში იმაზე ილაპარაკა, თუ რა იყო მისი და მისი თანამშრომლების თავდაპირველი მიზანი:

(ბროკმანის ხმა)
“თავდაპირველი მოტივი, ცხადია, დაავადებათა გავრცელების მოდელების შექმნა იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ მოდელების შესწავლისას გასათვალისწინებელია, როგორ მოგზაურობენ ადამიანები, - თანაც, ეს ზუსტად უნდა დაგვედგინა. ამის გაზომვა შეიძლება ტრანსპორტის ნაკადების შემოწმებით, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. სწორედ ამ დროს წავაწყდი ამ ვებგვერდს და გაგვიჩნდა აზრი, რომ ფულის ბანკნოტების მოძრაობით იქნებოდა შესაძლებელი იმის გაგება, თუ როგორ მოძრაობენ ადამიანები."

მე ჩემს რესპონდენტს ჩავაცივდი, რატომაა ასე პირდაპირ დაკავშირებული ფულის მოძრაობის შესაბამისი ადამიანის მოძრაობა დაავადების გავრცელებასთან. ბროკმანი განმარტავს, რომ ეს რთული პროცესია:

(ბროკმანის ხმა)
“ბანკნოტების მოძრაობით დავადგენთ, როგორ მოძრაობენ ადამიანები, თუ თვალს მივადევნებთ, როგორ და რა დროში გადაადგილდებიან ისინი, მაგალითად, ლოს-ანჯელესიდან სხვა ქალაქებში. ამ ცოდნას შემდეგ შევაჯერებთ სნეულებათა შესახებ არსებულ ინფორმაციასთან.”

მე დავინტერესდი, შესაძლებელია თუ არა ამერიკის მონაცემების, ანუ ადამიანების გადაადგილების იქაური ჩვევების, სხვა ქვეყნებზე ასე ერთი ხელის მოსმით გადატანა. გეტინგენელმა მეცნიერმა მითხრა, რომ თავიდან მათაც ეჭვი ეპარებოდათ, რომ ამერიკის სხვადასხვა რეგიონში ადამიანების მოძრაობა მსგავსი იქნებოდა, რადგან ხასიათით აშშ-ის ცენტრალური ნაწილი ნიუ-იორკისა და კალიფორნიისგან განსხვავდება. მაგრამ მათთვის მოულოდნელად გაირკვა, რომ ადამიანი ათ კილომეტრს გაივლის თუ ასს, ეს შესაბამისობა სხვადასხვა კუთხეში ერთი და იგივეა. ისიც ცხადია, რომ აშშ-ის სხვადასხვა კუთხეში მსგავსი კანონზომიერებები მოქმედებს.

(ბროკმანის ხმა)
“ახლა ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ, მაგალითად, ევროპაში მსგავსი დასახლების, მსგავსი სატრანსპორტო პირობების მქონე რაიონებში მსგავსი კანონზომიერებები მოქმედებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცით, როგორ არის საქმე განვითარებად ქვეყნებში ან ნაკლებად დასახლებულ რეგიონებში.”

უკვე გითხარით, რომ მეცნიერებს მიზნად აქვთ დასახული, ეპიდემიების, ასე ვთქვათ, “მოგზაურობის ფორმულა” მიიღონ, რათა წინასწარ შეძლონ იმის განსაზღვრა, თუ როგორ და სად არის პანდემიის გაჩენის შესაძლებლობა. თუკი ჩვენ ვიცით, რა სიჩქარით გავრცელდა დაავადება ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე, ჩვენ შეგვეძლება გამოვთვალოთ, როგორ გავრცელდება ის ა პუნქტიდან სხვა მიმართულებით. შეიძლება შემუშავდეს აცრების ჩატარების სტრატეგია, რომელიც გაითვალისწინებს მოგზაურობის ჩვევებს და, ამასთან, ამ ახალი ტიპის სქემას. მაგრამ დაავადებები? ისინი ხომ ერმანეთისგან განსხვავდება?

(ბროკმანის ხმა)
“ეს სქემები ვრცელდება იმ დაავადებებზე, რომლებიც, ჯერ ერთი, ადამიანიდან ადამიანზე გადადის, და, მეორეც, იმავე დროში ვითარდება, რომელშიც მოგზაურობა ხდება. მაგალითად, შიდსის “HIV” ვირუსი ამ სქემაში არ ჯდება, რადგან ინკუბაციის ძალიან ხანგრძლივი პერიოდი აქვს. ასე რომ, ეს სქემა შეგვიძლია მივუყენოთ მხოლოდ გარკვეულ დაავადებებს - მისი გამოყენება გრიპის პანდემიების დროსაც არის შესაძლებელი. გრიპის ვირუსებს მსგავსი დროითი სკალა აქვთ. დღეს აქტუალურია “H5 N1“ - ის ახლა მხოლოდ ფრინველის გრიპია, მაგრამ მომავალში შეიძლება პანდემია გამოიწვიოს და მაშინ ამგვარი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.”

ის, რასაც იკვლევენ გეტინგენის მაქს პლანკის ინსტიტუტში, სადაც ჩემი რესპონდენტი დირკ ბროკმანი მუშაობს, განვითარების პირველ ეტაპზეა. ახლა მიღებული დასკვნებით მეცნიერები ექსპერიმენტსა და, როგორც ბროკმანმა მითხრა, საკომპიუტერო სიმულაციაზე გადავლენ, რადგან პანდემიის ექსპერიმენტის ჩატარება პრაქტიკულად ძნელია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG