Accessibility links

ირანული გაზის საფასურმა ენერგობლოკადის გარღვევით გამოწვეული სიხარული გააფერმკრთალა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ერთკვირიანი ენერგეტიკული ბლოკადის ”გარღვევა” გვახარა

და ისიც გვამცნო, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად მოხერხდა ენერგეტიკაში შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის რეკორდულ დროში - ერთ კვირაში -დასტაბილურება. ხელისუფლების განცხადებით, ენერგობლოკადის გარღვევაში ლომის წილი რუსული გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიებამ ითამაშა. მართლაც, საქართველოს, ”გაზპრომის” ბუნებრივი აირის გარდა, პირველად გაუჩნდა, მართალია, მცირე მოცულობის, მაგრამ მაინც - ალტერნატივა. აზერბაიჯანულმა და, მოგვიანებით, ირანულმა გაზმა საშუალება მისცა ენერგეტიკოსებს სისტემის მდგრადობა მეტ-ნაკლებად შეენარჩუნებინათ. მოკლედ, ენერგეტიკული ბლოკადის გარღვევისათვის მთავრობის გარჯამ შედეგი გამოიღო. ამ ფაქტის აღსანიშნავად პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტი შეწყვიტა და საკუთარ ხალხს ”სიბნელის დამარცხება” მიულოცა. ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური კი ირანულ გაზს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დახვდა და ”ცისფერ ოქროს” მწვანე შუქი მედიის თანდასწრებით აუნთო. საკუთარი კაბინეტის წევრების მონდომებით კმაყოფილი ჩანდა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ენერგოკრიზისის რეკორდულ დროში დაძლევით მთავრობამ ”კარგი ტრენინგი” გაიარა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”რაღაც ვარჯიშივით გავიარეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მომავალში ანალოგიური განმეორდა, ბევრად უფრო სწრაფად უნდა მოხდეს ალტერნატიული წყაროებიდან გაზის მიღება და ახლა ეს იმდენად კარგად ჩამოყალიბებული მექანიზმია, რომ, ფაქტობრივად, ავტომატურად წავლენ ისინი, ვინც უნდა წავიდეს აღმოსავლეთის მიმართულებით და ისინი, ვინც დასავლეთით უნდა წავიდეს, ისინი იქით წავლენ.”(სტილი დაცულია)

ენერგობლოკადის გარღვევით გამოწვეული მთავრობის ”კოლექტიური აღტკინება” გასულ კვირას ისევ ირანულ გაზთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ გააფერმკრთალა. ირანთან მიღწეულ შეთანხმებას და განსაკუთრებით ბუნებრივი აირის ღირებულებას მთავრობა იმთავითვე ასაიდუმლოებდა და მოსახლეობას მხოლოდ იმას უმხელდა, რომ კონტრაქტი საქართველოსთვის მეტად ხელსაყრელი პირობებით გაფორმდა. თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გასაიდუმლოებული ”შეღავათიანი პირობები” მალე ცნობილი გახდა და ეს ინფორმაცია რუსულმა მედიამ ირანულ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციის თანახმად, ირანი საქართველოს 1000 კუბურ მეტრ გაზს 233 დოლარად აწვდის. შეგახსენებთ, რომ იმავე მოცულობის 2006 წლიდან გაძვირებული ბუნებრივი აირი საქართველოს რუსეთიდან 110 აშშ დოლარად მოეწოდება.

ის, რომ 30 დღის განმავლობაში საქართველო ირანიდან 30 მლნ. კუბურ მეტრ გაზს მიიღებს და გაზის ამ პარტიის ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი დოლარი, ანუ ათასი კუბური მეტრი გაზის საფასური დაახლოებით 233 დოლარია, აზერბაიჯანულმა მხარემაც დაადასტურა. ერთადერთი, ვინც ირანულ გაზში გადახდილ თანხას არ ადასტურებს, საქართველოს მთავრობაა. თანაც მთავრობის წევრები, რომლებიც ირანიდან გაზის მიღების პირველ დღეს, ერთმანეთის მიყოლებით, დიდი ენთუზიაზმით ჩნდებოდნენ მედიაში და ენერგოკრიზისის დამარცხებაში საკუთარ კომპეტენტურ წვლილზე გვესაუბრებოდნენ, ირანული გაზის რეალური ფასის გამჟღავნების შემდეგ ამ თემაზე საუბარს გაურბოდნენ. ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე კონტრაქტის კომერციულ საიდუმლოებაზე აპელირებდა და გვირჩევდა, ყველაფერი ენერგეტიკის მინისტრთან გაგვერკვია:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”კომერციული ხელშეკრულებები, რიგ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ გარკვეულად კონფედენციალური იყოს. ეს თუნდაც ხელშეკრულებებშივე დევს. თუ ამ თემაზე კონკრეტული შეკითხვები გექნებათ, მე ძალიან გთხოვთ, რომ ბატონ ნიკოლოზ გილაურს დაუსვათ ეს შეკითხვა.”(სტილიდაცულია)

ენერგობლოკადის გარღვევის გამო ”დაფნის გვირგვინისათვის გამზადებული” ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური კვირის ბოლოს ლამის ანტიგმირად იქცა.

ამ სიტუაციაში საგანგაშო გახლდათ არა თავად ფასი, რომელსაც ქართული მხარე იხდის ირანულ გაზში, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების მცდელობა გაესაიდუმლოებინა ეს ფასი. რა თქმა უნდა, უხერხულია, როდესაც საქართველო პოულობს ალტერნატიულ წყაროს, რომელიც გაზის ძირითადი მომწოდებლის ფასზე ორჯერ უფრო ძვირია, მაგრამ მაშინ, როდესაც ფორს-მაჟორული სიტუაცია გაქვს, ენერგოსისტემა პარალიზებულია და სასწრაფოდ არის მოსაძებნი გამოსავალი, შესაძლებელია და ლოგიკურიც, რომ მოკლევადიანი კონტრაქტის ღირებულება მაღალი იყოს. სრულიად გაუგებარია აქ ის, თუ რატომ უნდა დაარქვა ამ პირობებს შეღავათიანი, რატომ უნდა მოატყუო საკუთარი მოსახლეობა და დაუმალო, თუ რა უჯდება მას ენერგოდამოუკიდებლობა. არანაკლებ უცნაურია, რატომ არის ჩვენი სახელმწიფოს მთავრობის მიერ მეორე სახელმწიფოს ოფიციალურ სტრუქტურასთან გაფორმებული ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოება და რატომ არ უნდა ვიცოდეთ ჩვენ მისი დეტალები, მაშინ როდესაც ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების გასტუმრება ჩვენ მიერვე გადახდილი გადასახადებით ხდება.
XS
SM
MD
LG