Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


გასული კვირის მანძილზე პრესის უმთავრესი ყურადღება კვლავ ენერგეტიკის საკითხებისკენ იყო მიპყრობილი.

თუმცა ცხადი იყო ისიც, რომ ჟურნალისტებს, ძირითადად, ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გავრცელება უწევდათ და ნაკლებად ჰქონდათ დეტალების დაზუსტების საშუალება. კერძოდ კი, ეს ირანულ ბუნებრივ აირს შეეხებოდა; ქართული გაზეთები დაინტერესდნენ იმითაც, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოსთვის; პრესისთვის საყურადღებო აღმოჩნდა ის, თუ რა იდეებით დატვირთული დაბრუნდა ევროპიდან საქართველოში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი; დაბოლოს, კვირის მანძილზე აქა-იქ ჩნდებოდა პუბლიკაციები ზურაბ ჟვანიას შესახებ. 3 თებერვალს ხომ მისი დაღუპვიდან ერთი წელი შესრულდა. მინდა გასული კვირის პრესის მოკლე მიმოხილვა შემოგთავაზოთ.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ირანთან წარმოებული მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმების დეტალების გარკვევას მთელი კვირა ცდილობდა საქართველოს მედია და ისღა დარჩენოდა, მთავრობის წარმომადგენელთა არაფრის მთქმელი კომენტარები გაევრცელებინა. ”24-მა საათმა” ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტს დავით ინგოროყვას, თუმცა მისგანაც ბევრი ვერაფერი შეიტყო, გარდა იმისა, რომ ირანული გაზი საქართველოში ”ორ კომერციულ ორგანიზაციას შორის გარიგების” შედეგად შემოდის. სხვათა შორის, კვირის მეორე ნახევარში ამით დაინტერესდნენ ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრებიც. ”ახალი თაობის” თანახმად, ფრაქციის თავმჯდომარე დავით ზურაბიშვილს განუცხადებია, რომ, თუ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზეა საუბარი, ინფორმაციის დამალვის უფლება მთავრობას არა აქვს, ხოლო თუ ეს მართლაც კომერციულ ფირმებს შორის გარიგებაა, მაშინ სხვა საქმეაო. ხუთშაბათის ”ალია” კი იმავე ირანულ გაზზე წერდა, რომ საქართველო მასში ფულს საერთოდ არ იხდის, არამედ გაზაფხულიდან ელექტროენერგიით გაუქვითავს ირანს ბუნებრივი აირის საფასურსო, თუმცა, წერილში არაფერია ნათქვამი როგორ შეუფასებს საქართველო ირანს ელექტროენერგიას. ბარტერის შემთხვევაშიც ხომ მხარეებმა თავ-თავიანთი პროდუქცია ჯერ უნდა შეაფასონ და შემდეგ გაცვალონ. როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი მომავალი კვირის პრესაში უნდა ვეძიოთ. ბუნებრივია, პრესაში კვლავაც განიხილებოდა ირანული გაზის ”პოლიტიკური ფასის” საკითხი. ”ხვალინდელი დღე” პირდაპირ სვამს კითხვას, ”არის თუ არა ”საშიში” ირანული გაზიო?”. ექსპერთა უმრავლესობა, ვინც კი ამ საკითხზე კვირის მანძილზე მოსაზრება გამოთქვა, მიიჩნევს, რომ ირანული გაზის საქართველოში შემოსვლა არ გამოიწვევს დასავლეთის დიდ გულისწყრომას, თუკი ეს გრძელვადიან, სტრატეგიულ პროექტად არ იქცევა.

ამავე აზრის გახლავთ საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ამ ერთი კვირის წინ დაბრუნდა საქართველოში და, ბუნებრივია, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ აფასებს ყოფილი დიპლომატი იმ პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომელიც ენერგოკრიზისის ფონზე განვითარდა. ირანთან დაკავშირებით მან ”ახალ თაობას” განუცხადა: ”მე ვერ ვხედავ პრობლემას ირანთან ურთიერთობაში ამ დონეზე, მაგრამ თუ ირანი გახდება მთავარი მომწოდებელი, ისე როგორც დღეს რუსეთია, ესეც არასწორი იქნება. მე ვიცი, რომ ირანთან ძალიან დიდი ხანია დაწყებულია მოლაპარაკება, მაგრამ დღეს მოლაპარაკებები აჩქარებულ ტემპში ჩატარდა. არა მგონია, რომ დღევანდელ დღეს ეს პრობლემას გვიქმნიდეს ამერიკასთან, რადგან ამერიკისთვისაც გასაგებია, რომ არ შეიძლება საქართველო დამოკიდებული იყოს მხოლოდ რუსეთზე”. რაც შეეხება რუსეთთან ენერგოკრიზისის ფონზე განვითარებულ ურთიერთობას, ამაზე სალომე ზურაბიშვილი ”24 საათს” უცხადებს: ”ერთი ტენდენცია შევნიშნე და არამხოლოდ პრეზიდენტის ბოლო განცხადებებში - ტენდენცია, პოლიტიკის მაგივრად იყოს განცხადებები. ეს ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრობისას დავინახე. ხშირად მეუბნებოდნენ - აბა, სად არის განცხადებები? განცხადება და ... რა? პოლიტიკა თუ განცხადებებით იწყება და მთავრდება, ეს პოლიტიკა არ არის... ასეთ მწვავე დროს არ შეიძლება პოლიტიკა განცხადებებით შემოიფარგლოს”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ”24 საათთან” ინტერვიუში.

ირანულ გაზზე ზრუნვასა და რუსეთთან დიპლომატიურ ომს თან დაერთო კიდევ ერთი საკითხის აქტუალიზება, რომელიც ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას უკავშირდება. ”24-მა საათმა” ”ახალი რუსული შანტაჟი” უწოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებას: ”როგორც აღმოჩნდა, პოსტსაბჭოთა სეპარატისტების ტრადიციული მხარდამჭერი რუსეთი მნიშვნელოვან იმედს კოსოვოს სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებზე ამყარებს, რომელიც უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს. ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უნდა მიიღოს, რომელმაც რუსეთის პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ეს პოზიცია კი გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაახმიანა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ კოსოვოს თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ”უნივერსალურ ხასიათს” უნდა ატარებდეს”, - წერს ”24 საათის” მიმომხილველი, თუმცა პუბლიკაციის დასკვნაში აღნიშნავს, რომ რეალურად რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, თუნდაც ”კოსოვოს პრეცედენტის” მოშველიებით, არაფერს მოუტანს. ამავე აზრის გახლავთ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც, რომელმაც ”რეზონანსს” განუცხადა: ”რუსეთს სწორედაც სჭირდება, რომ საქართველოს ეს ორი რეგიონი მასზე იყოს ორიენტირებული და თან წაიყოლიოს მთლიანი საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია. თორემ თავად რუსეთს აქამდე არავინ უშლიდა ხელს ეთქვა, რომ აღიარებს ან ერთის, ან მეორის დამოუკიდებლობას. ეს მან არ გააკეთა... ამდენად, დიდი ეჭვი მაქვს, მსოფლიომ რომც დაუჩოქოს, თვითონ რუსეთი არ მისცემს აფხაზეთს დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ მაშინ აფხაზეთი მისთვის ყოველგვარ აზრს კარგავს”, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ”კოსოვოს პრეცედენტის” მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში.

დასასრულ, კიდევ ერთ თემაზე: ზურაბ ჟვანიას დაღუპვიდან ერთი წლისთავის მოახლოებამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა პრესა, რომელიც დროდადრო მთელი წლის მანძილზეც აქვეყნებდა მასალებს პრემიერ-მინისტრის დაღუპვის დეტალებზე. ”რა შეუთვალა რემა ანტონოვამ სააკაშვილს სანდრას პირით”, - ამ სათაურით ”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს ზურაბ ჟვანიას ძმასთან, რომელიც ამბობს, რომ აქვს ბევრი მასალა, რომელიც კარდინალურად ცვლის საქმეს და აჩვენებს მკვლელობის ნამდვილ არსს. თუმცა გიორგი ჟვანია თავს იკავებს ამ მასალის გამოქვეყნებისგან და პროკურატურის საბოლოო დასკვნას ელოდება. ”ერთი რამ ცხადია, ამ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა პირობა და არ გამოიძია ზურას მკვლელობის საქმე”, - ამბობს გიორგი ჟვანია ”ალიასთან” საუბრისას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG