Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მიზნებს თავისუფლება, დემოკრატია და ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს


მიუნხენის კონფერენციაზე მის პატივსაცემად გამართულ სადილზე 3 თებერვალს წარმოთქმული სიტყვა – "საქართველოს როლი საერთაშორისო უშიშროების პოლიტიკაში" – მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტური წლების გახსენებით დაიწყო.

სააკაშვილის თქმით, მიუნხენში ყოფნამ მას ის დრო გაახსენა, როდესაც 80-იან წლებში უკრაინაში სწავლობდა და ყოველდღე "რადიო თავისუფლებას" უსმენდა. რადიო, მისი თქმით, მისი "ერთადერთი კავშირი" იყო თავისუფლებასთან. მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ "რადიო თავისუფლების" გადაცემით სიხარულით შეიტყო ბერლინის კედლის დანგრევის შესახებ. "იმ მომენტში მივხვდი, რომ გარღვევა ხდებოდა, რომელიც აქ, გერმანიაში დაიწყო და რომელიც ჩემს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა" – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, მან იცოდა, რომ თუ თავისუფლებამ გერმანისა და და აღმოსავლეთ ევროპაში გაიმარჯვა, მაშინ ოდესმე ეს საქართველოშიც მოხდებოდა – თუმცა არ ეგონა, რომ ამას 14 წელიწადი დასჭირდებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციის მთავარი მონაპოვარი ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ და დემოკრატიისკენ შემოტრიალება იყო. მისი თქმით, პოსტ-რევოლუციურ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა - განსაკუთრებით, კორუფციასთან ბრძოლის საქმეში.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროპის კავშირიდან მიღებული ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში, და გერმანიას მადლობა გადაუხადა საქართველოს სამართლებრივი სისტემის რეფორმაზე გამოყოფილი დახმარებისთვის.

მიხეილ სააკაშვილმა მედიის როლზეც ისაუბრა. "ყველა დიქტატორი ძლიერი და დაუმარცხებელი ჩანს მანამ, სანამ მისი ჩამოგდების მომენტს CNN-ი აჩვენებს", თქვა მან. მისი თქმით, საქართველოს რევოლუციას ტელევიზია პირდაპირ ეთერში ოთხსაათნახევრის განმავლობაში გადასცემდა. სააკაშვილმა გაიხსენა, რომ უკრაინის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მან CNN-ის კორესპონდენტებს კიევში წასვლისკენ მოუწოდა. ახლა კი, მისი თქმით, სასურველია ტელეკომპანიებმა კორესპონდენტები მინსკში გაგზავნონ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მიზნებს შორის ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტორი გამოყო: (1) ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი და სრული აღდგენა; (2) თანამედროვე ეროვნული თავდაცვის ძალების შექმნით და ენერგორესურსების დივერსიფიკაციით მდგრადი უსაფრთხოების დამყარება; (3) ფართომასშტაბიანი ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციები განათლების, ჯანდაცვის და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში (4) ნატოში და სხვა ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია და ყველა მეზობელ ქვეყანასთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება.

უკრაინაში და საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისზე საუბრისას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ კრიზისით კარგად გამოჩნდა – საქართველოც და ევროპაც უნდა ეცადონ, არ იყვნენ დამოკიდებული ენერგეტიკის მხოლოდ ერთ წყაროზე. მისი თქმით, ამ დამოკიდებულებასთან ბრძოლის ერთ-ერთი გზა შავი ზღვის აუზის, სამხრეთი კავკასიის, და შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობაა ენერგეტიკის საკითხებში.

სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოს სურვილზე, გაწევრიანდეს ნატოში და განაცხადა, რომ საქართველო ამისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებისთვის მზად არის. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანებას ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტი უჭერს მხარს. პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უკვე მონაწილეობს ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში, და თანამშრომლობს ნატოს მისიებთან ავღანეთსა და კოსოვოში.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას უჭერს მხარს. სააკაშვილის თქმით, ნატოში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა საქართველოს გაყინული კონფლიქტების გადაჭრის საწინდარია.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლა მისი თქმით, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ლიდერის, გერმანიის ყოფილი კანცლერის, კონრად ადენაუერის სიტყვებით დაასრულა. ადენაუერმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაზე დაწერა, რომ ქვეყნის აღდგენის გზა პარტნიორული თანამშრომლობა იყო. სააკაშვილის თქმით, ისეთი ქვეყნები, როგორიც არიან საქართველო და უკრაინა, ევროპის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, რომლებსაც იგივე ხედვა, სურვილები და მიზნები ამოძრავებთ. თანამშრომლობით შესაძლებელია საერთო საფრთხეების დამარცხება - რაც მთელს ევროპას მშვიდობას და კეთილდღეობას მოუტანს.
XS
SM
MD
LG