Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა საფრთხე სტუდენტური თვითმმართველობის დამოუკიდებლობას


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (http://www.mes.gov.ge) გამოქვეყნებულია უმაღლეს სასწავლებელთა მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების დებულების პროექტი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება ”ახალი სტუდენტური ალტერნატივა” შიშობს, რომ დოკუმენტში აღნიშნულ მმართველობით ორგანოებში სტუდენტური თვითმმართველობაც იგულისხმება. ამ ორგანიზაციის აზრით, განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები სტუდენტური ორგანოების დამოუკიდებლობას შეზღუდავს.

განათლების სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დებულების პროექტის წინათქმაში წერია, რომ იგი მომზადებულია უმაღლესი სასწავლებლების შესახებ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. იქვე აღნიშნულია, რომ ბრძანებულების პროექტი განსაზღვრავს უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს, აკადემიური საბჭოს, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დეკანის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევის წესს. სწორედ ამ უკანასკნელმა ჩანაწერმა შეაშფოთა ახალი სტუდენტური ალტერნატივის წევრები. მათ ლიდერს ლაშა ბლიაძეს მოვუსმინოთ:

[ლაშა ბლიაძის ხმა] ”შეიქმნება საერთო საარჩევნო კომისია და ეს კომისია ჩაატარებს ყველა არჩევნებს... თვითმმართველობა გადაიქცევა რექტორატის დანამატად.”

ლაშა ბლიაძემ და მისმა თანამოაზრეებმა 3 თებერვალს პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოების ინფორმირებით ცდილობენ წინ აღუდგნენ, მათი აზრით, არადემოკრატიულ ბრძანებულების პროექტს. მე განათლების სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს ლევან გახელაძეს დავუკავშირდი და იმ დადგენილების პროექტის განმარტება ვთხოვე, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების მმართველობითი ორგანოების არჩევნების წესს არეგულირებს.

გახელაძის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლების მმართველობითი ორგანოების საარჩევნო კომისიის პრეროგატივაში არ შედის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება:

[ლევან გახელაძის ხმა] ”რექტორი ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წესს, რომელიც რექტორს შეიძლება მიაწოდონ სტუდენტურმა ორგანიზაციებმა - გნებავთ, კონსოლიდირებულად, გნებავთ, ცალ-ცალკე. შემდეგ უნდა მოხდეს მისი საჯარო განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული ეს წესი. აი, ამ ლოგიკურ ჯაჭვში სად იბღალება რომელიმე სტუდენტური ორგანიზაციის უფლებები?”


ახალი სტუდენტური ალტერნატივა სწორედ ამ ლოგიკურ ჯაჭვში ხედავს თვითმმართველობის დამოუკიდებლობის შებღალვის საშიშროებას. ლაშა ბლიაძის კომენტარი:

[ლაშა ბლიაძის ხმა] ”საბოლოო დებულებას, რომელზეც სტუდენტური ორგანიზაციები შეთანხმდებიან, - და ჯერჯერობით ვერაფერზე ვერ ვთანხმდებით, - აირჩევს რექტორი. ნუ, გასაგებია, რექტორი როგორსაც აირჩევს...”

”ახალი სტუდენტური ალტერნატივისგან” განსხვავებით, სტუდენტურ ორგანიზაციათა შორის კონსენსუსის მიღწევა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება სრულებით შესაძლებლად მიაჩნია უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი მეგრელიშვილს:

[ირაკლი მეგრელიშვილის ხმა] ”ყველა დაპირისპირებული თუ ერთად მყოფი ორგანიზაცია ერთად ვღებულობთ მონაწილეობას ამ დებულების შემუშავებაში. დარჩენილი გვაქვს 2 საკითხი, რომელსაც ორშაბათს განვიხილავთ და, ალბათ, გადავწყვეტთ. შემდეგ ამ დებულებას რექტორი მოაწერს ხელს და იმ წესით ჩატარდება არჩევნები.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება მარტის თვეში იგეგმება.
XS
SM
MD
LG