Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკის დღევანდელ გამოშვებაში ორ წიგნს წარმოგიდგენთ.

ერთი მცირე ზომისაა, სულ 130 გვერდია. მეორეს ორჯერ დიდი ფორმატი აქვს და თანაც თითქმის 600 გვერდია. პირველი - ერთი ავტორის პოეტური კრებულია, მეორე - ასევე კრებული გახლავთ და 50-მდე ავტორს უყრის თავს. სხვათა შორის, ბიბლიოთეკაში აქამდე არ მიმოგვიხილავს ასეთი წიგნები: არც პოეზიაზე გვილაპარაკია და არც სტატიების კრებულზე. დავით პაიჭაძე დღეს აპირებს, ორივე ამოცანას გაართვას თავი. ჯერ წარმოგიდგენთ კრებულს ”საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე”. შემდეგ კი ვისაუბრებთ სპარსი პოეტი ქალის ფორუყ ფაროხზადის შესახებ, რომლის ლექსების ქართული თარგმანი ახლახან გამოიცა. წიგნს ”მეორედ დაბადება” ჰქვია.

”საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე” გამომცემლობა ”არეტემ” დასტამბა და წიგნში იმთავითვეა გაცხადებული მისი მიზანი: ”21-ე საუკუნის დასაწყისში, ორი ასწლეულისა და ორი ათასწლეულის გასაყარზე, ჩნდება აუცილებლობა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შეფასებისა.ამგვარი კომპლექსური, შემაჯამებელი სამუშაო საქართველოში არ ჩატარებულა, რაც ჩვენი საზოგადოებრივი მეცნიერებების, თავისუფალი ფილოსოფიისა და პუბლიცისტიკის მნიშვნელოვანი ხარვეზია. ჩვენი ჰუმანიტარული და შემოქმედებითი საზოგადოების ნააზრევი გაფანტულია და, დღევანდელი პრესის ამორფულობის გამო, კონცეპტუალურადაც დაკნინებული. ქართული აზროვნება აუცილებლად უნდა მიუბრუნდეს ფუნდამენტურ პრობლემებს,” - წერია წიგნის წინათქმაში და მთელი წიგნიც ამ ბოლო განაცხადის დასტური გახლავთ.

წიგნის ავტორები ფიქრობენ და მსჯელობენ პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმზე, ქართულ მენტალიტეტსა და ქართულ იდენტობაზე, კულტურასა და ინტელიგენციაზე... აქ ნახავთ დისკუსიას ეროვნულ სიმბოლოებსა და უცხოს თემაზე, სომხურ პატრიოტიზმსა და იდენტობის კულინარულ დონეზეც კი. დღემდე ასეთი მოცულობის კრებულებს დიდხანს ამზადებდნენ, ახლა კი, ჩანს, მომზადებაც და გამოცემაც სწრაფად ესწრება: კრებულში არის სტატიები, რომელშიც ავტორები იაზრებენ მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდს, ვარდების რევოლუციის ჩათვლით, და სავარაუდო პერსპექტივას. ასეთია, მაგალითად, ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის წერილი ”ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა” და გია ნოდიას ”უძლურების დაძლევა: საქართველოს ბოლო რევოლუცის საზრისი”. ერთი ციტატა წერილიდან:

”წესად ქცეული კორუფციისა და სტაგნაციის პირობებში სტაბილობის ლოზუნგი, ფაქტიურად, ნიშნავდა თქმას: “ამის მეტი აღარაფრის გაკეთება შეგვიძლია.” ძველი ხელისუფლება ცდილობდა, ეროვნული წარუმატებლობის ინსტინქტი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა: დიახ, ცუდები ვართ, ჩვენი მთავრობა ყოველთვის კორუმპირებული იქნება, მაგრამ ამ ხალხთან ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მიაღწევს იმაზე ბევრად უკეთესს, რაც გვაქვს. ჩვენ საუკეთესო ვართ, რასაც თქვენ იმსახურებთ. რევოლუციამ ხალხს საკუთარი ძალების რწმენა შესძინა არა იმიტომ, რომ შევადნაძე ახალგაზრდა და ენერგიულმა ლიდერებმა შეცვალეს. რევოლუცია რომ მშვიდობიანი და ორგანიზებული იყო, მისივე ლეგიტიმურობის ძირითადი ფაქტორი აღმოჩნდა. რევოლუციამ ქართველ ხალხს უძლურობის სინდრომი დააძლევინა.”

”საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე” მდიდარია უამრავი თვალსაზრისით, ვისთვის ღრმა, ვისთვის პარადოქსული, ვისთვის კი მცდარი და, შესაძლოა, მკრეხელური აზრებითა თუ მსჯელობით. როგორც გნებავთ, ისე შეაფასეთ მწერლისა და მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანის, სიტყვები, მაგრამ, ვვარაუდობ, რომ ისინი იოლად არ დაგავიწყდებათ:

”მთავარი დამახასიათებელი თვისება ჭეშმარიტი ქართველისა არის მისი ქალურობა, რამაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა გადაარჩინა განადგურებას, ისტერიულობა, მეძავისათვის დამახასიათებელი მლიქვნელობა და ტყუილი. ქართველი ვაჟკაცი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავს დედას და ქალს, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავში. აგრეთვე თვალშისაცემია მისი რელიგიური სიმსუბუქე ანუ მრწამსის მომენტალური შეცვლა, თუ საქმე თვითგადარჩენას ეხება. ეს ფაქტი კვლავ იმ ქალურ, პრაგმატულ პლასტიურობაზე მიუთითებს, რომელმაც დღემდე მოიყვანა ეს პატარა და, ერთი შეხედვით, განწირული ერი.”

რა თქმა უნდა, ჩვენს ”ბიბლიოთეკაში” წარმოუდგენელია წიგნში გაბნეული იდეებისა და მიდგომების თუნდაც უაღრესად მოკლე გადმოცემა. მკითხველის ინტერესის გასაღვივებლად რამდენიმე ავტორს ჩამოვთვლით: ზურაბ კიკნაძე, ჯანრი კაშია, ლევან ბერძენიშვილი, აკა მორჩილაძე, გივი მარგველაშვილი, იური მეჩითოვი, ლაშა ბაქრაძე, დავით დარჩიაშვილი... ახლა დავუტევოთ თანამედროვე ქართველ მოაზროვნეთა ეს შთამბეჭდავი კრებული და ლირიკას მივაშუროთ.

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] ”ფორუყ ფაროხზადი ძალიან მნიშვნელოვანი სახელია მე-20 საუკუნის სპარსულ პოეზიაში. მან სულ 32 წელიწადი იცოცხლა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მოასწრო მთელი ეპოქა შეექმნა თანამედროვე სპარსულ პოეზიაში. ისეთი ტრადიციების ლიტერატურულ ქვეყანაში, როგორიცაა ირანი, ეს განსაკუთრებით ძნელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ფორუყმა მთლიანად დაანგრია ტრადიციული ირანული ლექსთწყობა და ახალი მხატვრული აზროვნება შექმნა.”

ასე წარადგენს ირანელ პოეტ ქალს, ფორუყ ფაროხზადს, მისი მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე. პოეტი რომ ქალი იყო, ამის ხაზგასმა გვჭირდება, რადგან სწორედ პოეზიამ შემატა დრამატიზმი - რომ არა ვთქვათ, ტრაგიზმი - მის, როგორც ქალის, ცხოვრებას.

[ლობჟანიძის ხმა] ”ლექსების წერა ადრე დაიწყო და ამის გამო გარემო მუდმივად სდევნიდა. მამამისი თავიდან ვერ ეგუებოდა ქალიშვილის პოეტობას და ფორუყს სახლიდან წასვლა მოუწია. ადრე გათხოვდა და ისევ ლექსების გამო ქმართან განშორებით დასრულდა მისი ქორწინება. ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ქართულ კრებულშიც არის შესული, სასამართლო პროცესზე მოიტანეს, როგორც საბუთი მისი ამორალობისა. მერე შვილის ნახვის უფლებაც წაართვეს.”

გიორგი ლობჟანიძის თარგმანებს წიგნში ახლავს ირანელი რეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ესე ფორუყ ფაროხზადის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ: ”ფორუყმა შეუდარებელი გულწრფელობით დაგვანახვა საკუთარი ქალური “მე”. ასე არც ერთი ქალი არ დაგვხმარებია მამაკაცებს ქალის ბუნების შეცნობაში. მათ ნამუშევრებში ჩვენივე - კაცებისვე - ბუნების შეცნობას წავწყდომივართ და არა კაცობრიობის დაჩაგრული მეორე ნახევრის ხატებას. მაგრამ ფორუყი ამ მხრივაც გამონაკლისია. ამიტომაც მისი ”მე” მხოლოდ მისია და არა - სხვა ქალებისა.”

ქართულ ენაზე სპარსული პოეზია კონვენციური ლექსით არის თარგმნილი. ფორუყ ფაროხზადის პოეზიის თარგმანი, შესაძლოა, ქართულ ენაზე ირანული პოეზიის პირველი ნიმუში იყოს, რომელიც თავისუფალი ლექსით ითარგმნა. მაგრამ, გიორგი ლობჟანიძის თქმით, ტრადიციული საზოგადოება და ლიტერატურული კრიტიკა მხოლოდ ახალი ფორმების გამო არ დაჰპირისპირებია პოეტს:

[ლობჟანიძის ხმა] ”პირველ რიგში, რასაკვირველია, ეს იყო შინაარსი. ფორუყ ფაროხზადი თვითონ ერთგან წერს, მე მსაყვედურობენ - ტრადიციულ პოეტიკას განვუდექი და ჩემს ლექსებში ისეთ სიტყვებს ვიყენებ, აქამდე არც ერთ პოეტს რომ არ უხმარია. მაგრამ, რა ვქნა, თუკი, საითაც გავიხედავ, ყველგან ვამჩნევ, რომ რაღაც ფეთქდება ჩემს ცხოვრებაში და თუ, ვთქვათ, ტრადიციულ პოეტებს სიტყვა აფეთქება არ უხმარიათ თავიანთ ლექსებში, ეს არ იძლევა საფუძველს, რომ მე ის ახალი შინაარსით არ დავტვირთო და არ გამოვიყენოო”...

პოეტის სიკვდილის შემდეგ კი, ამბობს გიორგი ლობჟანიძე, წელი არ გავა, რომ მასზე წერილი არ დაიწეროს, წიგნი არ გამოქვეყნდეს, თვით მისი წიგნი არ გამოიცეს. ფორუყ ფაროხზადის გავლენა ძალიან დიდია თანამედროვე სპარსულ პოეზიაზე. ქართველ მკითხველს მისი ”მეორედ დაბადებით” (ასე ჰქვია თარგმნილ კრებულს) უკვე შეუძლია იგრძნოს, საიდან იღებს ეს გავლენა სათავეს.
XS
SM
MD
LG