Accessibility links

logo-print

ამერიკელი პოლიტოლოგი დევიდ სმიტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებს


ორი კვირის წინ გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნდა

ვაშინგტონში საქართველოს ფორუმის თავმჯდომარის, უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ხელისუფლების მრჩევლის, ელჩ დევიდ სმიტის სტატია. ცნობილი ამერიკელი დიპლომატი გაცილებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, ვიდრე ადგილობრივი ქართველი ექსპერტები და საქართველოს სულ მალე ნატოში გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებს. ნატომ მხარი უნდა დაუჭიროს კონფლიქტების მოგვარებას საქართველოს შიგნით, რადგან, ამერიკელი დიპლომატის თქმით, თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შექმნილი ვითარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

ძალიან მარტივია მიხვდე, თუ რისთვის სჭირდება საქართველოს ნატოს წევრი 26 მოკავშირე. მაგრამ რატომ უნდა სურდეს ნატოს ახლანდელ შემადგენლობას, გამოუცხადოს თანადგომა და აიტკიოს თავი ასეთი შორეული ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა? ასეთი შეკითხვა დასვა ვაშინგტონში საქართველოს ფორუმის თავმჯდომარემ, პოტომაკის ინსტიტუტის პოლიტიკურ სწავლებათა უფროსმა ექსპერტმა, ელჩმა დევიდ სმიტმა 3 თებერვალს ნატოს საინფორმაციო ცენტრში ქართველ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე. ამერიკელი დიპლომატის პასუხი ნათელია: საქართველოს მოკავშირედ მიღება ნატოს ინტერესებში შედის. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში დევიდ სმიტმა სათქმელი კიდევ უფრო დააკონკრეტა:

[დევიდ სმიტის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებისათვის. განსაკუთრებით ეროვნული უშიშრეობის სექტორში. თუმცა ჩემმა ნათქვამმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, რადგანაც ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. მე აქ ვცდილობ დაგანახვოთ, თუ რას ფიქრობს მეორე მხარე საქართველოს პერსპექტივებზე. ჩვენ, ალიანსის წევრებს, 26 ქვეყანას, გვაქვს ძლიერი გეოპოლიტიკური მიზეზი, რათა შავის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე მეგობარი დემოკრატიული ქვეყნები ვიხილოთ როგორც მოკავშირეები.”

საქართველო დასავლეთის ჭიშკარია კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიისაკენ და არამხოლოდ ნავთობისა და გაზისათვის - დასავლეთისათვის საქართველო ბევრი სხვა სიკეთის მომტანიცაა, მიიჩნევს უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ხელისუფლების მრჩეველთა საბჭოს წევრი დევიდ სმიტი და ამის დასტურად იხსენებს გასული წლის 10 მაისს. იმ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სწორედ თბილისი აირჩია თავისუფლებისკენ მოწოდების გასახმიანებლად. გარდა ამისა, ქართველი სამხედროების მონაწილეობა ერაყში, ავღანეთსა და კოსოვოში ნიშნავს, რომ საქართველოს გაცნობიერებული აქვს: ნატოს მოკავშირე ქვეყანამ თავად უნდა გაიღოს საკუთარი წილი უსაფრთხოების სისტემის დაცვისათვის.

[დევიდ სმიტის ხმა] “მიუხედავად იმისა, რომ ერაყი არ არის ნატოს ოპერაცია, ქართველი ჯარისკაცების იქ ყოფნა დასტურია იმისა, რომ საქარველო მზადაა და შეუძლია უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაწილეობა მიიღოს საერთო ოპერაციებში. ერაყამდე ქართული ძალები მონაწილეობდნენ ალიანსის მიერ წარმოებულ ოპერაციებში ავღანეთსა და კოსოვოში. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა ქართველმა სამხედროებმა სრულ ოპერატიულ თავსებადობას მიაღწიონ ნატოს სამხედრო ქვედანაყოფებთან, მაგრამ 850 ჯარისკაცი ერაყში, დიახაც რომ, ძალზე ეფექტურად მოქმედებს.”

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალისტურია საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმი, რომ 2006 წელს ქვეყანა წარმატებით შეასრულებს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო პროგრამას და უკვე წლის ბოლოს შეძლებს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამაში ჩართვას, ვაშინგტონში საქართველოს ფორუმის თავმჯდომარე, ელჩი დევიდ სმიტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მისწრაფება სრულიად რეალისტურია:
[დევიდ სმიტის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია, თუმცა ბოლომდე გარანტიიის მიცემა შეუძლებელია. საქართველო კარგად ახორციელებს “აი-პა-პს” - ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო პროგრამას - და თუ საქართველო გააგრძელებს პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, მე ვერ ვხედავ მიზეზებს, თუ საქართველომ რატომ ვერ უნდა მიიღოს ალიანსისაგან გაწევრიანების სამოქმედო გეგმა 2006 წლამდე.”

კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში სხვადასხვა ვარაუდს იწვევს, ეხება კონფლიქტების მოგვარებას, როგორც შესაძლო დაბრკოლებას, საქართველო გაწევრიანდეს ნატოში. ყველაზე პესიმისტები ბოლო ხანს მიიჩნევენ, რომ ალიანსს არ სჭირდება ზედმეტი პრობლემები, ამიტომ საქართველოს ნატოში მიღების საფასურად მოუწევს სამუდამოდ დაემშვიდობოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ასეთ შიშს ელჩი დევიდ სმიტი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ნატო გაწევრიანების წინაპირობად არ უსახავს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებას:

[დეივიდ სმიტის ხმა] “ჩვენ დაინტერესებულნი ვართ და უნდა გამოვაცხადოთ კონფლიქტების დაუყოვნებლივ მოგვარების აუცილებლობა, რადგან აფხაზეთი და სამაჩაბლო კრიმინალის წყაროა, რის შედეგსაც, ფართო აზრით, პარიზის, ლონდონის ან რომის ქუჩებში ვხედავთ. შესაბამისად, თუ ნატო საქართველოს კონფლიქტების მოგვარებას გაწევრიანების წინაპირობად დაუსახავს, მაშინ ის შეაჩერებს კონფლიქტების მოგვარების პროცესს.”

ცხადია, მუგვარებელი შიდა კონფლიქტები, მაშინ როცა საქართველოს კანდიდატურის განხილვის საკითხი დადგება, ნატოს ზოგიერთ წევრს კვლავაც მისცემს ყოყმანის საფუძველს. მაგრამ ელჩ დევიდ სმიტის თქმით, საკითხს აუღელვებელი და გაწონასწორებული პოზიციიდან მიდგომა ესაჭიროება. ასეთი მიდგომა კი, ჩემი თანამოსაუბრის შეფასებით, იმის გაცნობიერებასაც გულისხმობს, რომ თუ საქართველოში აღარ იარსებებს მოუგვარებელი კონფლიქტები, ნარკოტიკებით, ადამიანებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, მაშინ არც “ამსტერდამში, ფრანკფურტსა და გლაზგოს ქუჩებში გავლა იქნება საშიში”.
XS
SM
MD
LG