Accessibility links

logo-print

უამრავი ადამიანი კითხულობს დღეს


უამრავი ადამიანი კითხულობს დღეს,

“რატომ არის დაკეტილი სურათების ეროვნული გალერეა, იგივე “ცისფერი გალერეა”... კითხულობენ ხელოვნების მოყვარულები, კითხულობენ რუსთაველის პროსპექტზე მოსეირნე ის ადამიანებიც, რომელთაც “ხელოვნების მოყვარულებს” ვერ დავარქმევთ... მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გერმანელი არქიტექტორის ზალცმანის მიერ აშენებული ეს ლურჯი საექსპოზიციო პავილიონი არ მოსწონდეს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ აქ ეწყობოდა “საგაზაფხულო” და “საშემოდგომო” გამოფენები, რომელშიც როგორც კარგი, ასევე ძალიან კარგი, ასევე ცუდი და ძალიან ცუდი ნამუშევრები იფინებოდა - ბევრი ნამუშევარი. ეროვნული გალერეის სივრცე ყველას ყოფნიდა.


მაგრამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეროვნული გალერეის დირექციაც შეიცვალა და მენეჯმენტიც. ეროვნული გალერეა დაიხურა, რასაც ჩვენთან საუბარში გალერეის დირექტორი ქეთევან კორძახია სარეკონსტრუქციო სამუშაოებით ხსნის:


[ქეთევან კორძახიას ხმა] “ზალცმანის მიერ აშენებული შენობა აბსოლუტურად ოპტიმალურია იმისთვის, რომ იქ საექსპოზიციო საქმიანობა მიმდინარეობდეს, მაგრამ არ არის სათანადო განათება, დაცვისა და გათბობის სისტემა. გარდა ამისა, ის მიშენება, უკანა ნაწილი... მან სრულიად დაანგრია ქვედა სართული. საგამოფენო სივრცე უფრო სრულფასოვანია, მაგრამ ძალიან ნესტიანია.”(სტილი დაცულია)

ქეთევან კორძახიას თქმით, სანამ შენობაში სარესტავრაციო სამუშაოები არ დასრულდება და სანამ “ეროვნული გალერეის” სახე საგამოფენო დარბაზის საერთაშორისო სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, ამ სივრცეში ექსპოზიციები არ უნდა მოეწყოს. ასეთ სივრცეში არც თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები უნდა გამოიფინოს და არც ის ნამუშევრები, რომელიც ეროვნული გალერეის ფონდში ინახება:

[ქეთევან კორძახიას ხმა] “ფონდების ამბავი, მართლაც, საინტერესოა, კატასტროფული არ არის... საბჭოთა პერიოდში იყო ორი ორგანიზაცია, რომელიც თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრებს იძენდა – ეგრეთ წოდებული “ხუდფონდი” და “კულტურის სამინისტრო”... “ხუდფონდს” ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ისედაც ჰქონდა ამ ნამუშევრების ჩამოწერის უფლება, მით უმეტეს... როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი, ეს ქონება სრულიად განიავდა. ერთადერთი, სადაც დარჩა ეს მხატვრობა, არის საქართველოს ეროვნული გალერეის ფონდი – ეს არის კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილი ნამუშევრები და ერთადერთი ფონდი, რომლითაც შეიძლება თანამედროვე ქართული მხატვრობის იმიჯის შექმნა.”

ეროვნული გალერეის ფონდი კი, მართლაც, მდიდარია. ქეთევან კორძახიას თქმით, ამ ფონდში ინახება დაახლოებით 18 000 ექსპონატი – ფერწერა, გრაფიკა, ჭედურობა, მინა, კერამიკა, ქანდაკება. ხელოვნების მოყვარულების უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს ამ ნამუშევრებზე. ეროვნული გალერეის დირექტორი ამბობს, რომ 50-იან, 60-იან წლებში შესრულებული ხელოვნების ეს ნაწარმოებები არ არის ერთნაირი მხატვრული ღირებულების, მაგრამ ეს კომპოზიციები, თუნდაც სურათზე ბერია და სტალინი იყოს დახატული, ჩვენი ისტორიაა, ჩვენი კულტურის ისტორია... და ხალხმა უნდა იცოდეს, რას და როგორ ხატავდნენ ქართველი კლასიკოსები.

თუმცა ეროვნული გალერეის რესტავრირებული შენობა, სავარაუდოდ, სექტემბერში ამ ნამუშევრების ექსპოზიციით არ გაიხსნება. გალერეის მესვეურები დავით კაკაბაძის, მართლაც რომ, გრანდიოზულ გამოფენას ამზადებენ. ჩვენთან საუბარში ქეთევან კორძახია ცდილობს ახსნას, რატომ შეჩერდა მათი არჩევანი მაინცდამაინც კაკაბაძეზე:

[ქეთევან კორძახიას ხმა] “ეს არის ამ ეტაპზე ერთადერთი მხატვარი, რომელსაც შეუძლია ლეგიტიმაცია მოახდინოს ქართული სახვითი ხელოვნების...დავით კაკაბაძე იყო ადამიანი, რომელიც სტერეოკინოს გამომგონებლად ითვლება, აქვს არაჩვეულებრივი ფოტოები. ბევრმა არ იცის, რომ იელის უნივერსიტეტში არის მისი 18 ნამუშევარი. ისინი მოდიან თანამშრომლობაზე და ჩვენ გვინდა მაღალი დონის გამოფენის გახსნა, თავისი კონფერენციით.”

დიდი მხატვრის ექსპოზიცია არამარტო ქართველებისთვის იქნება საინტერესო,. თუკი ეროვნული სამხატვრო გალერეა მსოფლიოს პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზებთან კონტაქტს დაამყარებს (გალერეის ახალი დირექცია გვარწმუნებს, რომ ასეთი კონტაქტები უკვე დამყარებულია), კაკაბაძის ნამუშევრების ეს ექსპოზიცია, შესაძლებელია, დასავლეთშიც წაიღონ და თუნდაც პარიზში, პომპიდუს ცენტრში, მოაწყონ. მაგრამ რა ვუყოთ თანამედროვე ქართველ მხატვრებს? იყო დრო, როცა მათ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეძლოთ გამოეფინათ თავიანთი ნამუშევრები “ცისფერ გალერეაში”.

[ქეთევან კორძახიას ხმა] “აღარ იქნება შეძენა ისე, როგორც ადრე... როცა მთელ გამოფენას ყიდულობდნენ...ანუ მხატვარს უნდა ჰქონდეს პრეტენზია და ამბიცია, რომ მისი კონკრეტული ნამუშევარი იმის ღირსია, რომ მოხვდეს საქართველოს ეროვნული გალერეის ფონდში.”

რა თქმა უნდა, ასეთი ამბიცია უამრავ მხატვარს აქვს საქართველოში. თუმცა, ცხადია, მხოლოდ ამბიცია არ გადაწყვეტს ყველაფერს. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გადაწყვეტს ამა თუ იმ ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებას. ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ექნება მნიშვნელობა მხატვრის ავტორიტეტს და იმას, თუ რამდენად პოპულარულია მხატვარი “ბაზარზე”. ქეთევან კორძახიას თქმით, ეს ცნება “ბაზარი” საერთოდ არ არსებობდა ქართული მხატვრობის ისტორიაში:

[ქეთევან კორძახიას ხმა] “ეს არის ბედნიერება, რომ ქართველი მხატვრები არ იყვნენ დამოკიდებული ბაზარზე, არ იყვნენ იმიტომ კი არა, რომ სხვა შემოსავალი ჰქონდათ, უბრალოდ, ერთადერთი შემსყიდველი იყო კულტურის სამინისტრო, ამიტომ ვერ მოხდა ამათი გაფუჭება, ამიტომაა, რომ ყალბი რაღაცები ცოტაა... მხატვარი თუ უნიჭოა, ეს დარჩა... ამას უნდა მოევლოს, იქ უნდა მოხვდეს სერიოზული ნამუშევრები, რომელსაც კომპეტენტური კომისია გადაარჩევს.”

ჩვენი საუბრის მიწურულს ეროვნული გალერის დირექტორს ფინანსებზე ვკითხეთ... თუკი ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში რეფორმა ჯერ ვერ ხორციელდება (ამაში ეროვნული გალერეის დირექტორიც გვეთანხმება), როგორ უნდა დაარწმუნონ გალერეის მესვეურებმა ხელისუფლება, რომ საქართველოს მთავარი სამხატვრო დარბაზის მოვლა-პატრონობა ქვეყნის პრესტიჟია, ხოლო ის 18 ათასი კარგი და ცუდი ნამუშევარი, რომელიც ჩვენი გალერეის ფონდში ინახება, - ამ ქვეყნის სახე... სულ რამდენიმე წლის წინ, როცა ფონდი გაიქურდა და გალერეის საცავებიდან ქურდებმა მხოლოდ და მხოლოდ ბრინჯაოს ქანდაკებები წაიღეს (გასაგებია, ალბათ, რა მიზნით), ხელისუფლებამ თითქმის არაფერი გააკეთა დამნაშავეთა გამოსავლინებლად.

[ქეთევან კორძახიას ხმა] “ჩვენი დაფინანსება არის 99 ათასი, რაც არ ჰყოფნის კომუნალურ გადასახადსაც კი, მაგრამ ჩვენ მოვიძიეთ კერძო დაფინანსება.”

მაშ, ასე. გამოდის, რომ ეროვნულ გალერეას დღეს, ფაქტობრივად, არა სახელმწიფო, არამედ კერძო პირი ინახავს. “მე გალერეას ძროხის ფერმად არ გადავაქცევ”, ამბობს ეროვნული გალერეის ახალი დირექტორი... ამიტომ სექტემბრამდე უნდა მოვითმინოთ და მხოლოდ და მხოლოდ “ცისფერი გალერეის” ფასადით დავტკბეთ.
XS
SM
MD
LG