Accessibility links

logo-print

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრები საქართველოში


იმის მიუხედავად, რომ კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” მეტად ლიბერალურ წესებს ამკვიდრებს, ყველაფერი ნებადართული, ცხადია, არ არის.

კერძოდ, რა იზღუდება კანონის მიხედვით და როგორი პრაქტიკა ინერგება რეალობაში?

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით არა მხოლოდ ჟურნალისტები სარგებლობენ, არამედ ნებისმიერი მოქალაქეც, რომელსაც სურს, საჯაროდ გამოთქვას ან გამოხატოს საკუთარი აზრი. მაგრამ არსებობს საზღვრები, რომელთა დარღვევა ისჯება. კერძოდ, კანონი კრძალავს: ცილისწამებას, უხამსობას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, მუქარას; სახელმწიფო, კომერციული, პირადი ან პროფესიული საიდუმლოს გამხელას.

ბოლოხანს მომხდარი რამდენიმე ფაქტის განხილვა საინტერესოა სწორედ კანონის ამ მოთხოვნათა ჭრილში.


პირველი შემთხვევა: გაზეთში “ასავალ-დასავალი” გამოქვეყნდა სამი სტატია, რომელთა ავტორმა - დიტო ჩუბინიძემ - სიტყვა “ჩეჩმა”, რაც აღმოსავლურ ტუალეტს ნიშნავს, საფუძვლად დაუდო ტერმინებს “ჩეჩმიაძინი” და “ჩეჩმიაძინელები”. დაარღვია თუ არა დიტო ჩუბინიძემ კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” უხამსობის კუთხით? კანონის განმარტებით, უხამსობა არის “განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს”. ეჭვს არ იწვევს, რომ სომეხი ერის უპირველესი სალოცავის ტუალეტთან გაიგივება ეთიკის უხეში დარღვევაა; მაგრამ ჟურნალისტს მოუხდებოდა, სასამართლოსთვის აეხსნა, შეიძლებოდა თუ არა მისი უხამსი გამონათქვამების გამართლება მათი რაიმე პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულებით. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტდა სასამართლო, დაესაჯა თუ არა გაზეთი “ასავალ-დასავალი” უხამსობისთვის.


მეორე შემთხვევა: სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა “ქარვასლაში” შემდეგი შინაარსის პერფორმანსი მოაწყეს: ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელში წმინდა სახარება ეჭირა, უნიტაზზე დაჯდა, წიგნიდან ფურცლები ამოხია და დაგემოვნებით მიირთვა. პერფორმანსი დაარბიეს. საკითხავია, ვინ დაარღვია კანონი? ახალგაზრდებმა ჩაიდინეს უხამსობა თუ მაყურებელმა შელახა მათი გამოხატვის თავისუფლება? ამ შემთხვევაშიც სასამართლოს გასარკვევი იქნებოდა სტუდენტების ქცევის მოტივი: მათ ამ შინაარსის პერფორმანსით საზოგადოების და ეკლესიის შეურაცხყოფა ჰქონდათ ჩაფიქრებული თუ სხვა რამ, რაც თავსდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში და რაც შეიძლება შეიცავდეს კულტურულ ან საგანმანათლებლო ღირებულებას. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტდა სასამართლო, ვინ უნდა დასჯილიყო - გამოფენის მომწყობი თუ მისი დამრბევი.


მესამე შემთხვევა: შალვა რამიშვილმა თავის საავტორო გადაცემაში ამგვარად მოიხსენია სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული: “ის, რაც კახა არდიამ თქვა, იდიოტობაა. კახა არდია იდიოტია”. არდიას შეეძლო, ამ სიტყვების გამო რამიშვილისთვის სასამართლოში ეჩივლა “პირისპირ შეურაცხყოფის” მოტივით. თავის მხრივ, ჟურნალისტს მოუხდებოდა მტკიცება, რომ მან მხოლოდ საკუთარი აზრი გამოთქვა საჯარო პირის შესახებ, რის უფლებასაც კანონი აძლევდა. ამ შემთხვევაშიც სასამართლოს კომპეტენცია იქნებოდა გადაეწყვიტა, შეილახა თუ არა სიტყვის თავისუფლების კანონიერი საზღვრები.


მეოთხე შემთხვევა: საზოგადოებას ახსოვს ფაქტი, როდესაც ირაკლი კაკაბაძის ინციდენტთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაიკითხა ამ შემთხვევის თვითმხილველი ვინმე “ბენჯი”, რომელიც მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მის პალატაში პაციენტის დაუკითხავად და მისი სურვილის წინააღმდეგ შევიდა “რუსთავი 2”-ის კორესპოდენტი ნანუკა ჟორჟოლიანი. დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა კანონი? ამ შემთხვევაში სასამართლო განიხილავდა საკითხს, შელახა თუ არა ჟურნლისტმა მოქალაქის პირადი ცხოვრების საიდუმლოება და უნდა დარჩენილიყო თუ არა საიდუმლოდ “ბენჯის” პერსონალური მონაცემები, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა.

ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე ფაქტს თავის დროზე მკითხველის და მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუმცა თითოეულ შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოს შეეძლო გადაეწყვიტა, გასცდა თუ არა სიტყვის ან გამოხატვის თავისუფლება კანონით დასაშვებ საზღვრებს. მაგრამ არც ერთი შემთხვევა სასამართლომდე არ მისულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანონით დაწესებული შეზღუდვები, რეალობაში, ჯერჯერობით, არ შემოწმებულა. შესაბამისად, არ შემოწმებულა მოსამართლეთა კორპუსის და თავად საზოგადოების დამოკიდებულება თავისუფალი სიტყვის საზღვრების მიმართ.
XS
SM
MD
LG