Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქში ავტოსადგომების მოწყობისა და მუშაობის სისტემა იცვლება


თბილისის ქუჩებში ლამის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ორგანიზებულ თუ სტიქიურად მოწყობილ ავტოსადგომებს, რომელთა თანამშრომლები, იმის მიხედვით,

თუ სად მდებარეობს სადგომი, მძღოლებს 20 ან 50 თეთრს ახდევინებენ. გაცილებით მეტი ჯდება ავტომობილის პარკირება რესტორნების წინ მოწყობილ ავტოსადგომებზე, სადაც დღისით ავტომობილის გაჩერება, სულ ცოტა, ერთი ლარი მაინც ღირს. თუმცა, როგორც დედაქალაქის მერიაში ამბობენ, მოქმედი სისტემის არაეფექტურობის გამო, ავტოსადგომების სიმრავლე თბილისის ბიუჯეტში სათანადო ასახვას ვერ პოვებდა - ადგილობრივი მმართველობა ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ- მილიონ-ნახევარ ლარს კარგავდა. ვითარების გამოსასწორებლად მერიის მესვეურებმა დედაქალაქში ავტოსადგომების მოწყობისა და მუშაობის სისტემის შეცვლა გადაწყვიტეს. როგორ?

დედაქალაქში ავტოსადგომების მოწყობისა და მუშაობის სისტემის შეცვლის ინიციატივა თბილისის მერს ეკუთვნის. გიგი უგულავამ გულისნადები საზოგადოებასა და მთავრობის წევრებს დაახლოებით ორი თვის წინ გაუმხილა:

[გიგი უგულავას ხმა] „აქ მოეწყობა ავტოსადგომი, ოღონდ განისაზღვრება ადგილების რაოდენობა, რამდენი ავტომობილის დაყენება შეიძლება ერთდროულად, განისაზღვრება ფასი, დაიხაზება, იქნება განმასხვავებელი ნიშნები, რომ ეს არის ავტოსადგომი. ეს არის ის მინიმალური სტანდარტი, რასაც ქალაქი სთხოვს კერძო მოიჯარეს.“

მერს „კერძო მოიჯარე“ შემთხვევით არ უხსენებია. საქმე ის არის, რომ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიამ 2005 წლის 26 დეკემბერს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემის მიზნით, გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც, მერიის აპარატის უფროსის მამუკა ახვლედიანის თქმით, მონაწილეობას 7 კომპანია იღებდა.

[მამუკა ახვლედიანის ხმა] „კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ პარკირების მოსაკრებელი გაუქმდა, ანუ აქამდე არსებული დისლოკაციისა და პარკირების ადგილები იყო უკანონო და სად მიდიოდა იქ აკრებილი ფული, კაცმა არ იცის. თუმცა არის სხვა საკითხიც: კეთილმოწყობა, ანუ დახაზვა, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმება და აბრების დაყენება, სადაც მითითებული იქნება მომსახურების ღირებულება და სხვა ინფორმაცია.“(სტილი დაცულია)

ახვლედიანის თქმით, ავტოსადგომების მოწყობის მიზნით, მერია იჯარით გასცემს დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა –კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში მდებარე დაახლოებით 50 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს, რომლის ყოველწლიური საიჯარო გადასახადი 2 მილიონ ლარს აღწევს. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის წევრი ლიკა მეღვინიშვილი დარწმუნებულია, რომ დედაქალაქში ავტოსადგომების მოწყობისა და მუშაობის სისტემის შეცვლა მომსახურების გაძვირებას არ გამოიწვევს:

[ლიკა მეღვინიშვილის ხმა] „მინიმალური გადასახადი არის 20 თეთრი, მეორე კატეგორია არის 50 თეთრი და გვაქვს უმაღლესი კატეგორია, რომელიც 1 ლარი ღირს. თუ არ ვცდები, „ლარიანი კატეგორია“ არის მხოლოდ 7 პროცენტი. რაც შეეხება ფასის გაზრდას, ჩვენ მიერ განსაზღვრულ კატეგორიებზე ფასი არ მოიმატებს, თუმცა მოიჯარემ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, შეამციროს მომსახურების ღირებულება, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, არ ვეწინააღმდეგებით.“


თუმცა სხვა ინფორმაციას ფლობენ თავად ავტოსადგომების თანამშრომლები, რომელთა თქმითაც, იჯარის გადასახადის გაზრდა, სავარაუდოდ, მომსახურებასაც გააძვირებს:

[მამაკაცის ხმა] „ჩემთვის ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ველოდებით, ალბათ, რაღაცა შეიცვლება, ალბათ, გადასახადი იქნება მეტი. ასე გვითხრეს ჩვენ... ახლა საათი 20 თეთრი ღირს.“

ამ 20 თეთრით, როგორც ჩემი რესპონდენტი განმარტავს, ავტომობილის მფლობელი მხოლოდ ადგილს, ტერიტორიას ქირაობს, ავტოსადგომის თანამშრომელი კი სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოებაზე პასუხს არ აგებს. ამ გარემოების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი მძღოლი ავტოსადგომზე ავტომობილთან ერთად რჩება.

[მამაკაცის ხმა] „მე თვითონ ვპატრონობ. არადა, ფულს ვიხდით, მაგრამ იმედი მაინც არ არის...“

„იმედი არის“ - ირწმუნებიან თბილისის მერიაში, რომლის მესვეურებმა 6 თებერვალს კონკურსის შედეგები გამოაქვეყნეს. სატენდერო კომისიის ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთში, ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა –კრწანისის რაიონებში მდებარე ავტოსადგომების კეთილმოწყობაზე ამიერიდან კერძო კომპანიები იზრუნებენ, თუმცა იჯარით აღების მსურველი არ გამოუჩნდა ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში მდებარე ავტოსადგომებს. მიწის მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დაახლოებით 250 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის ავტოსადგომების იჯარით გაცემაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG