Accessibility links

logo-print

”საქართველო ნატოს უახლოვდება - რუსეთი არ იმჩნევს, მაგრამ


”საქართველო ნატოს უახლოვდება - რუსეთი არ იმჩნევს, მაგრამ ალიანსის გაფართოების ეშინია” - ასეთი სათაურის სტატიას ბეჭდავს დღევანდელი “24 საათი”.

გაზეთი მიიჩნევს, რომ მიუნხენში გამართული 42-ე საერთაშორისო კონფერენციის ტრიბუნა საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამოიყენა. საუბარია კონფლიქტების მოგვარებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პრობლემების გახმაურებაზე. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების გზაზეც წინ წაიწია. თუმცა ამ (და არა მხოლოდ ამ) საკითხებს საქართველოსა და რუსეთში განსხვავებულად აღიქვამენ. “24 საათი” ცდილობს დააკონკრეტოს ეს განსხვავება. მაგალითად, თუკი ქართულმა მხარემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გამოსვლაში ნატოსკენ მიმავალი საქართველოს მხარდაჭერა დაინახა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კანცლერის ნათქვამი ასე თარგმნა: ”საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ავტომატურად არ უნდა მოხდეს.” სერგეი ივანოვი ამბობს, რომ ისიც სწორედ ამ აზრისაა. აქვე “24 საათს” მოჰყავს ალიანსის გენერალური მდივნის იაპ დე ჰოპ სხეფერის კომენტარი, რომელიც მან მიუნხენში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა: ”საქართველო პროგრესს განიცდის. თქვენს პრეზიდენტს ისიც ვუთხარი, რომ ნატოს კარი თქვენთვის ღიაა, მაგრამ ამისვის კიდევ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი. ჩვენ ქართველ ხალხს და ქვეყნის პრეზიდენტს მხარს ვუჭერთ. თქვენს დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს საქმეებში აღარ უნდა ჩაერიოს.”

გაზეთ ”მთელი კვირის” ყურადღებას იაპ დე ჰოპ სხეფერის სწორედ ეს ბოლო ფრაზა იპყრობს. გაზეთი იუწყება, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსთვის ალიანსის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ წლის ბოლოსთვის ვარაუდობს. სტატიაში, სათაურით ”გერმანულ-ამერიკული მხარდაჭერა”, გაზეთი ”მთელი კვირა” მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის შედეგებს დეტალურად მიმოიხილავს.

6 თებერვლის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში ასევე მოექცა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის თემა, რომელიც პარლამენტის მიერ დაწესებული ვადის, 2006 წლის 15 თებერვლის, მოახლოებასთან ერთად საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება. დღევანდელ ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში კოკოითის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძე ამ საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. ხაჭაპურიძეს ცისფერჩაფხუტიანების მუშაობა აკმაყოფილებს და, მათი მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, საშინელებას ელოდება: ”მაშინ, როცა სამშვიდობოები არ იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში, 1991-92 წლებში, თქვენ ნახეთ, რაც მოხდა, და იგივე განმეორდება სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში. ახლა რომ ვთქვათ, რომ სამშვიდობო ჯარი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ამის თქმა არ შეიძლება. რას ჰქვია ვერ ასრულებენ სამშვიდობოები თავის ფუნქციას.”(სტილი დაცულია)

ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის შემთხვევაში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შესაძლო დაძაბვას არც რამაზ საყვარელიძე გამორიცხავს. თუმცა პოლიტოლოგი გაზეთ ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ხაჭაპურიძისგან განსხვავებით, მოსალოდნელი დაძაბულობის წყაროდ სულ სხვა, დაინტერესებულ, ძალას მიიჩნევს: ”ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. საერთაშორისო აზრიც საკმაოდ შემზადებულია. აქ ერთადერთი პრობლემაა, შემდეგ რუსებმა პროვოკაციები არ მოაწყონ და ხელახალი ცეცხლი არ გააღვივონ. რუსეთს ასეთი პროვოკაცია იმისთვის აწყობს, რომ მსოფლიოს კავკასიაში მისი ყოფნის აუცილებლობა დაუმტკიცოს. აუცილებელია ეს საფრთხე თავიდან ავიცილოთ. თუკი პროვოკაციების აცილება ვერ მოვახერხეთ, გამორიცხული არ არის, რომ კონფლიქტი ხელახლა დაიწყოს და საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს ხელახლა ჩადგომის მოთხოვნით მიმართოს. მაშინ უკვე ძალიან მყარად შემოვა რუსეთი,” - აღნიშნავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
XS
SM
MD
LG