Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ცვლილებები განხორციელდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესებში


2006 წლის ზაფხულში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლის გამოცდებისგან განსხვავებული წესებით ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

გადაწყვეტილებით, შეიცვლება როგორც აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურა, ასევე სპეციალობების არჩევის წესი და გრანტის გაცემის სისტემაც. კერძოდ, რა ცვლილებები იქნება ეს და რატომ გადაწყვიტა განათლების სამინისტრომ მათი განხორციელება?

თბილისის საქალაქო სასამართლოში აბუტურიენტ გვანცა ნაროზაულის სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და ვარაუდომენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება თებერვლის ბოლომდე გახდება ცნობილი. გვანცა ერთ-ერთია იმ 70 აბიტურიენტს შორის, რომლებიც განათლების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლებელში 2005 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა სიაში შეიტანა, შემდეგ კი ამოშალა, ტექნიკური ხარვეზის მომიზეზებით. ნაროზაულის ადვოკატის მაია კობახიძის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზი არაფერ შუაშია და მაღალქულიანი აბიტურიენტის ნაცვლად დაბალქულიანების ჩარიცხვა ეგრეთ წოდებული სკალირების სისტემის დამსახურებაა.

[მაია კობახიძის ხმა] ”ესენი ხსნიან ასე, რომ შეუძლებელია ბუნებაში არსებობდეს თანაბარი სირთულის ტესტი... არის, უბრალოდ, ფარატინა ფურცელი და არ შეიძლება კანონის ძალა ჰქონდეს.”(სტილი დაცულია)

მე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს მერაბ თოფურიას ვკითხე, რა ბედი ეწია სკალირების სისტემას და იმოქმედებს თუ არა ის 2006 წლის ზაფხულის გამოცდების შედეგების შეჯამებისას. მისი განცხადებით, სკალირების წესი კვლავ ძალაში რჩება და ის შეიძლება მხოლოდ დაიხვეწოს:

[მერაბ თოფურიას ხმა] ”მარტივად რომ გითხრათ, ორჯერ ორი არის ოთხი და სამჯერ სამი არის ცხრა. პრაქტიკულად ესენი იდენტური მაგალითებია, მაგრამ სამჯერ სამი უფრო ძნელი ამოსახსნელია, ვიდრე ორჯერ ორი. იმისათვის, რომ ეს სხვაობა დაყვანილ იქნეს თანაბარ სიტუაციამდე, ყველაფერი ამისთვის შემოღებულია სკალირების სისტემა.”

განათლების სამინისტროსა და შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჩინოვნიკებს უფრო უსამართლოდ მოეჩვენათ გრანტების განაწილების სისტემა. მერაბ თოფურიას განცხადებით, ძველი სისტემის მიხედვით თუ 4198-ე აბიტურიენტმა მიიღო 100 პროცენტიანი გრანტი, 4199-ე კი გრანტის გარეშე დარჩა, არადა, ქულებს შორის სხვაობა უმნიშვნელო იყო, სწორედ ამიტომ შექმნეს ახალი სისტემა.

[მერაბ თოფურიას ხმა] ”ჩვენ, აი, ამ სისტემით ვაძლევთ საშუალებას, რომ უფრო ნარნარი გადასვლა იყოს...”

როგორც მერაბ თოფურიას განმარტებიდან შეიტყვეთ, გრანტის გაცემის სისტემა იქნება დიფერენცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 1500 სტუდენტი მიიღებს 100 პროცენტიან დაფინანსებას, 1500-დან 2000-მდე სტუდენტის განათლებას სახელმწიფო 70 პროცენტით დააფინანსებს და ასე შემდეგ. სულ 7 ათასამდე გრანტი ზოგად უნარ-ჩვევებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გაიცემა.

ასევე შეიცვლება აბიტურიენტთა რეგისტრაციის წესი და წელს საგამოცდო რეგისტრაცია სკოლებში გაიმართება. ამასთანავე, აბიტურიენტს, 5-ის ნაცვლად, 7 სპეციალობის არჩევის უფლება ეძლევა. არის სხვა ცვლილებებიც, რომელთა ეფექტურობას მომავალი ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმოაჩენს.
XS
SM
MD
LG