Accessibility links

logo-print

ცვლილებები ჩეჩენი მეამბოხეების მთავრობაში


ჩეჩენი მეამბოხეების ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა - ცვლილებები, რომლებიც მეამბოხეების საზღვარგარეთ მყოფ წარმომადგენლებს ეხება.

ჯერ ერთი, მეამბოხეების პრეზიდენტმა აბდულ ხალიმ სადულაევმა მოხსნა მთავრობის რამდენიმე წევრი, მათ შორის ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა მეამბოხეების, ალბათ, ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ბრიტანეთში მოღვაწე ახმედ ზაკაევი და მეორეც - უცხოეთში მყოფ ყველა მინისტრს დაავალა ჩეჩნეთში დაბრუნება. ეს განკარგულება არ ეხება მხოლოდ ზაკაევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილიას ახმადოვს, რომელსაც აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მინიჭებული.

საკადრო ცვლილებების ამბავი ორშაბათს გახდა ცნობილი ჩეჩენი მეამბოხეების ვებსაიტზე (www.chechenpress.co.uk) გამოქვეყნებული ინფორმაციით. ამავე წყაროს ცნობით, ცვლილების მიზეზია მეამბოხეების მთავრობის კონსოლიდაციის სურვილი. ამ სურვილს ემსახურება ახმედ ზაკაევის მოხსნა ვიცე-პრემიერის პოსტიდან (თუმცა ის დატოვეს კულტურის მინისტრად), ასევე მოვლადი უდუგოვის მოხსნა ინფორმაციის მინისტრის თანამდებობიდან (ახლა მას ეროვნული საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა დაევალა) და ჯანდაცვის მინისტრის, ასევე უცხოეთში მოღვაწე უმარ ხანბიევის გადაყენება.

გუშინ ზაკაევმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ საკადრო ცვლილებების მიზანია შინ, ჩეჩნეთში მეამბოხეების ხელისუფლების განმტკიცება. [ზაკაევის ხმა] “აგვისტოში შეიქმნა საგარეო და ჰუმანიტარული საკითხების ახალი სამთავრობო სტრუქტურა. მე დამევალა, გავუძღვე ამ უწყებას, რომელიც აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებით, ხუთ-ექვს სამინისტროს მოიცავს. როცა ეს უწყება შეიქმნა, იმედი გვქონდა, რომ მინისტრები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, შეძლებდნენ თავიანთი საქმის მეტ-ნაკლებად ნაყოფიერად გაკეთებას. მაგრამ ბოლო ორმა-სამმა თვემ დაგვანახა, რომ ეს გეგმა რეალისტური არ იყო. მეტიც, რესპუბლიკაში ვითარება შეიცვალა, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ ამ განკარგულების მიზანია ჩეჩნეთში მომუშავე სამინისტროების, მინისტრების და მთავრობის წევრთა როლის გაძლიერება. შედეგად, მთავრობის ლიდერები სამშობლოში იმუშავებენ. ეს იყო განკარგულების მიზანი”.

მაშ ასე, მეამბოხეების მთავრობაში არაერთი ცვლილების მიზნად ზაკაევი ასახელებს ხელისუფლების კონსოლიდაციას. მაგრამ შესაძლოა იყოს სხვა მიზეზიც: მეამბოხეების ზემოხსენებულ ვებსაიტზე გაჩაღებული ცხარე დისკუსია ზაკაევს და მოვლადი უდუგოვს (როგორც უკვე ითქვა, საინფორმაციო უწყების ხელმძღვანელს) შორის. საქმე ისაა, რომ უდუგოვმა ჩეჩნებს მოუწოდა, თავისუფლებისათვის ბრძოლაში უგულებელყონ საერთაშორისო სამართალი, უგულებელყონ დასავლური დემოკრატიული სტანდარტები და თან იბრძოლონ არა ჩეჩნების დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, არამედ მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მომცველი ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად. (ეს უნდა იყოს კავკასიის ხალიფატი, რომელსაც იმამი უხელმძღვანელებს). უდუგოვის მოწოდებას კი ზაკაევის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ზაკაევი - როგორც მსმენელს ალბათ ახსოვს, შარშან მოკლულ პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან დაახლოებული პირი - ზომიერ კურსს ემხრობა და ჩეჩნების დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის ერთგული რჩება, იმავდროულად, საჭიროდ მიიჩნევს ბრძოლაში საერთაშორისო ნორმების დაცვას.

ეს მოსაზრებები ზაკაევმა მეამბოხეების ვებსაიტზე, უდუგოვთან პოლემიკაში კიდევ ერთხელ გამოთქვა, რის გამოც, ზოგი ექსპერტის შეფასებით, “დაისაჯა”. მისი ვიცე-პრემიერის პოსტიდან მოხსნით მეამბოხეების პრეზიდენტმა აბდულ ხალიმ სადულაიევმა აჩვენა, რომ უდუგოვის რადიკალურ პოზიციას ემხრობა. მაგრამ თვით ზაკაევი არასწორედ მიიჩნევს ამ შეფასებას. როგორც მან გუშინ აღნიშნა ჩვენს კოლეგა ანდრეი ბაბიცკისთან ინტერვიუში, რამდენიმე საკადრო ცვლილება და მინისტრების ჩეჩნეთში გაწვევა დიდი ხანია მზადდებოდა და უდუგოვთან პოლემიკასთან საერთო არაფერი აქვს, გამოწვეულია სხვა მიზეზით, რომელსაც ზაკაევი ასე განმარტავს: [ზაკაევის ხმა] “ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ დასავლეთმა და ევროკავშირმა, პრაქტიკულად, გასცეს სანქცია ჩეჩნეთში ხანგძლივი ომის წარმოებაზე. რადგან სხვადასხვა საკითხის, მაგალითად, ირანის, ერაყის, ავღანეთის საკითხების მოგვარებით დაკავებული დასავლეთი არ იჩენს ჩეჩნეთში მშვიდობისადმი რაიმე ინტერესს. ამის გამო კი ჩვენს მინისტრებს, ბუნებრივია, არ მისცემიათ უცხოეთში თავიანთი უწყებების რიგიანად ამუშავების შესაძლებლობა. ამიტომ, რახან საქმე მიდგა რუსეთ-ჩეჩნეთის კონლფიქტის მხოლოდ ძალისმიერი გზით მოგვარებაზე, პრეზიდენტმა სადულაევმა მიიღო ზომები ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელისუფლების, სახელისუფლო სტრუქტურების განსამტკიცებლად”, განმარტავს ახმედ ზაკაევი, რომელიც - ისევე როგორც ჩეჩენი მეამბოხეების ყოფილი პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი - მუდამ ემხრობოდა კონფლიქტის მოსკოვთან მოლაპარაკების გზით მოგვარებას.

რახან სამშვიდობო მოლაპარაკება ჩაშლილია, ზაკაევიც, როგორც პოლიტიკური ფიგურა, წარსულს ჩაბარდა. ასე ფიქრობს მოსკოველი ექსპერტი, კარნეგის ცენტრის თანამშრომელი ალექსეი მალაშენკო: [მალაშენკოს ხმა] “ჩეჩნეთში ახალი ფიგურები გამოდიან ასპარეზზე, შესაძლოა უფრო რადიკალური ძალები, ეს არის ხალხი, ვისაც სურს მოქმედება ჩეჩნეთით კი არ შემოფარგლოს, არამედ მთელს ჩრდილოეთ კავკასიაზე განავრცოს. და ამ მხრივ, ზაკაევი წარსულის ფიგუარაა ყველასთვის, ვინაიდან ის ასოცირდება მოლაპარაკებებთან, როგორც მასხადოვთან დაკავშირებული ფიგურა. ახლა მოლაპარაკებები აბსოლუტურად შეუძლებელია”.

მოსკოველი ექსპერტის ნათქვამთან დაკავშირებით ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის ზაკაევი სამშვიდობო მოლაპარაკებასთან არ ასოცირდება - მას მოსკოვი ტერორისტად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG