Accessibility links

logo-print

მუსულმანურ ქვეყნებში გრძელდება საპროტესტო აქციები


მუსულმანურ ქვეყნებში გრძელდება საპროტესტო აქციები

წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამო. ევროკავშირის სამიზნეებზე თავდასხმების ესკალაციის გამო, ევროპის კომისიამ ძალადობის ყველა გამოვლინება დაგმო და მხარეებს მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდა. "ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებას სწორედ ამ სკანდალს ვუთმობთ.

წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამო დაწყებულ სკანდალს ყოველდღიურად მსხვერპლი მოაქვს.

7 თებერვალს ქაბულში საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიციასა და ნატოს მშვიდობის დამცველებთან მოუვიდათ შეტაკება. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ასობით მონაწილეს ნორვეგიელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც, სულ ცოტა, ოთხი ადამიანის სიკვდილი და რამდენიმეს დაშავება მოჰყვა.

7 თებერვალსვე აქციები გაიმართა ირანსა და პაკისტანში.

6 თებერვალს ავღანეთში პოლიციამ დაახლოებით 2000 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი, ვინაიდან ისინი ქაბულიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაში ცდილობდნენ შეღწევას. აქცია გაიმართა ქაბულშიც. ასობით ადამიანი დანიის საელჩოსთან მისვლას შეეცადა და პოლიციასთან მოუვიდა შეტაკება.

[შეტაკების ხმები]

6 თებერვალს საპროტესტო აქცია გაიმართა სომალიშიც. შეტაკებას ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე კი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გამართულ აქციას შეეწირა აქციის მონაწილის სიცოცხლე.

ბოლო დღეების მანძილზე ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში ევროპის დიპლომატიურ ინსტიტუტებზე სულ უფრო მეტი თავდასხმა ხორციელდება. გასულ კვირაში ღაზის სექტორში ევროკავშირის ოფისი მოაქციეს ალყაში; შაბათ-კვირის განმავლობაში კი დამასკსა და ბეირუთში დანიის საელჩოებს წაუკიდეს ცეცხლი.

ევროპის კავშირი ძალადობრივ პროტესტს მკაცრი და ოფიციალური ფორმით გმობს. კავშირის ხელმძღვანელობამ 7 თებერვალს ოფიციალური გაფრთხილებით მიმართა ახლო აღმოსავლეთის 19 ქვეყანას და განაცხადა, რომ ისინი მოვალენი არიან დაიცვან ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

6 თებერვალს ევროპის კომისიამ პროტესტის ძალადობრივი გამოვლინება დაგმო. კომისიის წარმომადგენელმა იოჰანეს ლეიტენბერგერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომისია ყველა მხარეს დიალოგის წარმოებისკენ მოუწოდებს:

[ლეიტენბერგერის ხმა] "ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საკითხი მშვიდობიანი დიალოგის ფორმით განიხილონ."

ლეიტენბერგერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გასულ კვირაში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გამოთქმული აზრი, რომ კარიკატურების სერია, რომელიც რამდენიმე ევროპულ გაზეთში გამოქვეყნდა, მსოფლიოს მუსულმანებს შეურაცხყოფას აყენებს:

[ლეიტენბერგერის ხმა] "კომისია აღიარებს, რომ კარიკატურებმა, რომლებიც ევროპულ მედიაში გამოქვეყნდა, მსოფლიოს მასშტაბით მუსულმანების გულისწყრომა გამოიწვია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არანაირი შეურაცხყოფა, რეალური იქნება ის თუ წარმოსახვითი, არ ამართლებს ძალადობის იმ აქტებს, რომლებიც შაბათ-კვირას განხორციელდა."

ლეიტენბერგერმა აგრეთვე განაცხადა, რომ, ევროკავშირის აზრით, ძალადობრივი დემონსტრაციებით მსოფლიოს მუსულმანების უმრავლესობის პოზიცია არ არის გამოხატული:

[ლეიტენბერგერის ხმა] "ვფიქრობ, ყველასათვის გასაგებია, რომ მუსულმანთა აბსოლუტური უმრავლესობა ძალადობრივ რეაქციას ემიჯნება. ამას ამტკიცებს ის განცხადებები, რომლებიც ევროპის კავშირში თუ სხვაგან მუსულმანურმა თემებმა ოფიციალურად გააკეთეს."

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიტენბერგერმა თავისუფალი სიტყვის პრინციპი დაიცვა და განაცხადა, რომ სწორედ ამ პრინციპის არსებობა აძლევს საპროტესტო აქციების მონაწილეებს პროტესტის გამოთქმის საშუალებას:

[ლეიტენბერგერის ხმა] "დავამატებ, რომ გამოხატვის თავისუფლება, რასაც კომისია პატივს სცემს და იცავს, მხოლოდ კარიკატურების გამოქვეყნებას კი არა, მათ გაკრიტიკებასაც შესაძლებელს ხდის. გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში სერიოზული, მაგრამ მშვიდობიანი დისკუსიის წარმოებაა იმის ერთადერთი წინაპირობა, რომ დამყარდეს ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა."

კარიკატურების გამოქვეყნებით დაწყებულმა სკანდალმა ევროპაში გამოხატვის თავისუფლების პრინციპის ირგვლივ ინტენსიური დისკუსია გამოიწვია. ევროპელი ინტელექტუალები, ექსპერტები და ჟურნალისტები სვამენ შეკითხვას, უნდა არსებობდეს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა – ვთქვათ, კულტურებს შორის არსებული სხვაობები ან სხვა კულტურის წარმომადგენელთა ინტერესების პატივისცემა -
გამოხატვის თავისუფლების პრინციპთან მიმართებით.
იმის აღსანიშნავად, რომ ევროპაში არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა ირგვლივ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია, ხოლო სატირული დამოკიდებულება - დაუშვებელი, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის გადაცემა "Hარდ თალკ"-ის ერთ-ერთ ბოლო გამოშვებაში წამყვანმა, სტივენ საკურმა, ერთგვარი უხერხული შეკითხვაც კი დასვა. მან იმ დანიის გაზეთის კულტურული გვერდის რედაქტორს, სადაც კარიკატურები პირველად გამოქვეყნდა, ჰკითხა, დაუშვებდა თუ არა იგი სატირას ებრაელთა რელიგიის ან ნაციზმის თემაზე ისევე ადვილად, როგორც ეს ისლამთან მიმართებით გააკეთა.

ევროკავშირის დიპლომატები აღიარებენ, რომ კარიკატურების ირგვლივ შექმნილმა სკანდალმა, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ევროკავშირის სამომავლო მცდელობებზე, დიალოგი აწარმოოს მუსულმანურ სამყაროსთან. ამავე დროს, სკანდალის შედეგები, შესაძლოა, ევროპის შიგნითაც აისახოს და კიდევ უფრო გართულდეს ევროპაში მცხოვრები 15 მილიონი მუსულმანის ინტეგრაციის პროცესი.
XS
SM
MD
LG