Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირები


პროფესიული კავშირების ახალი ხელმძღვანელობა ქართველ ხელოვანთა ინტერესების დაცვასაც აპირებს. პროფკავშირების ახალი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი

ჩემთან საუბარში აღნიშნავს, რომ კულტურის მუშაკთა ღირსების დაცვა ქართული კულტურის ღირსების დაცვას ნიშნავს.

პროფკავშირების ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა ადამიანები, რომელთაც ირაკლი პეტრიაშვილი ”ძველი მენტალიტეტის” ხალხს უწოდებს. ქართულ პროფკავშირებში მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც აპირებენ სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანები ჩართონ რეფორმის პროცესში. განსაკუთრებული აქცენტი ხელოვნების მუშაკებზე კეთდება, რადგანაც, ბოლო დროის გამოცდილებით, პოლიტიკური პარტიები აქტიურად იყენებენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ სახეებს, როგორც წესი, მხოლოდ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის, მერე კი ავიწყდებათ. თუმცა, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ხელოვნების მუშაკთა მიმართ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაზე გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა ხელოვნების მუშაკთა დაქსაქსულობა და მათი, პროფკავშირების ახალი ლიდერის სიტყვებით, ”სოციალური თვითშეგნების დაბალი დონე”:


[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა]”საფრანგეთში რომ მომხდარიყო ისეთი რაღაც, რაც შარშანწინ აქ, თბილისში, მოხდა, როცა მსახიობები და მოციგურავეები ჩამოიყვანეს, როცა ჩვენი მსახიობები,ჩვენი ხელოვნების მუშაკები ხმას არ იღებენ, იქ მოხდებოდა კატასტროფა და ბევრ პრობლემას შეუქმნიდნენ იქაურ ქალაქის მერს... აქ ეს არ მოხდა, რადგან გათითოკაცებულია საზოგადოება, ხელოვნების მუშაკები... ვერ ხედავენ, არ არის სოლიდარობის გრძნობა - არადა, ესაა პროფესიული კავშირი.”

ცნობილია, რომ ქართველ ხელოვანთა შორის არიან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანები. ალბათ, ამიტომაც ვერ ხერხდებოდა აქამდე მათი გაერთიანება, ალბათ, ამიტომაც ვერ წყვეტენ სოციალურ საკითხებს შემოქმედებითი გაერთიანებები. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, აუცილებელია ხალხს გავაგებინოთ, რომ არსებობს აპოლიტიკური ორგანიზაცია - პროფკავშირები, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანებს პროფესიული ნიშნით აერთიანებს და არა იმის მიხედვით, თუ ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს:

[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა] ”პროფესიული კავშირები - ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია: პოლიტიკაში იმდენად ვერევით, რამდენადაც პოლიტიკა ერევა ჩვენს საქმიანობაში. ერთადერთი, სოციალურად ორიენტირებულ კოდექსზე თუა საუბარი, მაშინ გვექნება ურთიერთობა საკანონმდებლო ინსტიტუტებთან... მორჩა, ამით იწყება და მთავრდება პროფკავშირები. ეს არ უნდა იყოს პრობლემა პროფკავშირებისთვის, რომ მის წევრებს, ზოგს ერთი პარტია მოსწონს, ზოგს მეორე. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს.”

ჩვენთან საუბრის დროს ირაკლი პეტრიაშვილი ხშირად იმეორებს ”დასაქმებული ხელოვნების მუშაკები”, თუმცა ისიც ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კულტურის სფერო განსაკუთრებით დაზარალდა - უამრავი მსახიობი, რეჟისორი, მხატვარი სამუშაოს გარეშე დარჩა. პროფკავშირების ახალი ლიდერის თქმით, ეს ორგანიზაცია ქართველ არტისტებს დასაქმებას ვერ დაჰპირდება:

[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა] ”ჩვენ დავპირდებით მათ არა იმას, რომ დავასაქმებთ... იმისთვის, რომ შეიქმნას მათთვის სამუშაო ადგილები, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხელოვნების მუშაკების ინტერესები იყოს გათვალისწინებული, პროფკავშირების მიზანია, რომ ეს ხალხი დასაქმებული იყოს... თუ დასაქმებულია წევრი და იღებს ნორმალურ ხელფასს, პროფკავშირებიც ძლიერდება.”(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG