Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის მსვლელობისას სარფის საბაჟოზე თურქი მძღოლები საპროტესტო აქციებს აწყობდნენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თურქეთმა ამ დღეებში საქართველო-თურქეთის მორიგ ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომლის მუშაობაშიც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, მთავრობის წევრებმა და

ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მაშინ, როდესაც ქართული დელეგაცია არწმუნებდა თურქულ ბიზნესს, რომ კაპიტალის საქართველოში დასაბანდებლად ყველა წინაპირობა არსებობს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან თურქეთიდან მომავალი დატვირთული ავტომობილების მძღოლები საბაჟო კანონმდებლობის ცვლილებას აპროტესტებდნენ. მინდა საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმისა და სარფის საბაჟოზე შექმნილი პრობლემის შესახებ გესაუბროთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი მშენებლობის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების და საბანკო სფეროს საკითხებს შეეხო და მასში ქართველ და თურქ ბიზნესმენებთან ერთად ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.
ზურაბ ნოღაიდელი ცდილობდა დაერწმუნებინა თურქი ბიზნესმენები, რომ, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების წყალობით, "საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური ინვესტიციებისათვის". პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას და საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზებას უკეთებდა აფიშირებას.
მაშინ, როდესაც ზურაბ ნოღაიდელი ბიზნესფორუმზე ქართული საინვესტიციო კლიმატის კეთილსაიმედოობაზე საუბრობდა, საქართველო-თურქეთის საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან თურქეთიდან მომავალი დატვირთული ავტომობილების რიგი იდგა, თურქი მძღოლები კი აქციას ატარებდნენ და საქართველოს საბაჟო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. 19 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, საბაჟო სამსახურებს დაევალათ არ დაუშვან საბაჟო საზღვრის გადმოკვეთა იმ სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები არ შეესაბამება კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებელს, კერძოდ, თუ თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას ან გადასაზიდი ტვირთის საერთო წონა 44 ტონაზე მეტია. ამ ცვლილებებმა, რომელთა შესახებ თურქეთიდან მომავალი მძღოლები არავინ გააფრთხილა, სარფის საბაჟოზე რიგები წარმოშვა, ”მძიმეწონიან” სატვირთო ავტომობილებს კი საქართველოს სატრანსპორტო სივრცე, ფაქტობრივად, ჩაეკეტათ.
სარფის საბაჟოზე მიმდინარე საპროტესტო აქციას კორექტივი არ შეუტანია ბიზნესფორუმის მსვლელობაში და, პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქული ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციებით დაინტერესდა:
[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „საკმაოდ პრაქტიკული და კონცენტრირებული იყო ეს ბიზნესფორუმი. კონკრეტული კომპანიები მონაწილეობდნენ მასში. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მათთან გვქონდა საუბარი, გაირკვა, რომ სერიოზული დაინტერესება არის სამშენებლო კომპანიების მხიდან. თურქეთის მშენებელთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში ესტუმრება საქართველოს და დაიწყებს ამ პროექტებზე მუშაობას. ჩვენ მივიღეთ სერიოზული დაინტერესება ენერგოსექტორში მონაწილეობით, არის დაინტერესება საბანკო სექტორიდან. შედარებით ნაკლები დაინტერესებაა სატელეკომუნიკაციო სექტორით, მაგრამ ამაშიც არანაირი პრობლემა არ იქნება.”
პრემიერ-მინისტრმა თურქი ბიზნესმენები სიტუაციის ადგილზე გასაცნობად საქართველოში დაპატიჟა. სარფის საბაჟოზე წარმოქმნილი პრობლემის მიუხედავად, ზურაბ ნოღაიდელი ამბიციურ განცხადებებს აკეთებს და, ბიზნესფორუმის და მეზობელ თურქეთთან სავაჭრო პოლიტიკის გამარტივების წყალობით, 2009 წლამდე საქართველოში 2 მილიარდამდე დოლარის თურქული ინვესტიციების მოზიდვას, 2008 წლამდე კი ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის 2 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს. საინტერესოა, რომ ამჟამად საქართველოსა და თურქეთს შორის ტვირთბრუნვა დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG