Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველო ლოკალური ომის პროვოცირებას ცდილობს“, „ სამხრეთ ოსეთი მზად არის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი „საქართველო ლოკალური ომის პროვოცირებას ცდილობს“, „ სამხრეთ ოსეთი მზად არის საქართველოსთან საომრად“ – 7 თებერვლის რუსეთის გაზეთებში ასეთი სათაურები ჭარბობდა.

რუსული გაზეთები სავსებით იზიარებენ რუსი პოლიტიკოსების აზრს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების განახლებას გამოიწვევს. რუსული პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.

7 თებერვლის „ნეზავისიმაია გაზეტა“ “წარმოუდგენელს” უწოდებს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში პარლამენტარ გივი თარგამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია რუსეთის ცისფერჩაფხუტიანებს ოკუპანტების სტატუსი მიანიჭოს და ძალის გამოყენებით დაატოვებინოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა. გაზეთის თხოვნით, ამ განცხადების კომენტირებისას რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის განყოფილების უფროსმა ალექსანდრ სკაკოვმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადებების მნიშვნელობის დაკნინება არ შეიძლება. როგორც სკაკოვმა უთხრა „ნეზავისიმაია გაზეტას“:

“არსებობს ლოკალური პრობლემის სახელმწიფოთაშორის კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე - თბილისში სწორედ ეს უნდათ და იმედოვნებენ, რომ მოვლენებიც ამ სცენარით განვითარდება. ასეთ შემთხვევაში, თბილისისთვის მომგებიანია, თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონას არ დატოვებენ. ქართული მხარე მათ საომარ მოქმედებებში ჩართვას შეეცდება,” - ამბობს ალექსანდრ სკაკოვი.


როგორც გაზეთი წერს, რუსი გენერლები არ აპირებენ მშვიდად დაელოდონ, როდის გამოყრიან ძალის გამოყენებით საქართველოდან. კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული სამშვიდობო ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მარატ კულახმეტოვის განმარტებით, ცისფერჩაფხუტიანების მანდატი მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე მხარეების პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება შეჩერდეს. ცალმხრივი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კულახმეტოვის განცხადებით, შერეული სამშვიდობო ძალები თავისი მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ. კიდევ ერთი რუსი გენერალი - რუსეთის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური აკადემიის პრეზიდენტი, გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი - აცხადებს, რომ ანტირუსული ისტერიით მიხეილ სააკაშვილი ქართული საზოგადოების საპროტესტო განწყობილების გაძლიერებას ცდილობს. როგორც ივაშოვი აცხადებს:


“მიხეილ სააკაშვილის პირადი მოტივი მისი ვაშინგტონელი მეგობრების სურვილებს ემთხვევა. მიზანი მარტივია - საქართველოდან რუსეთის სამხედროების გამოყრა და ნატოს ძალებისთვის პლაცდარმის მომზადება. ამას თბილისი დამოუკიდებლად ვერ მიაღწევს. ამისთვის საჭიროა ვაშინგტონის ზეწოლა მოსკოვზე და მოსკოვის მხრიდან დათმობაზე წასვლა. რუსეთისა და საქართველოს რეალური კონფრონტაციის შემთხვევაში, საქართველო დარჩება გაზის, სინათლისა და სითბოს გარეშე - ასეთია რეალობა. და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არა მგონია, სააკაშვილის ხელისუფლებამ დიდხანს გაძლოს,” - განუცხადა „ნეზავისიმაია გაზეტას“ გენერალმა ივაშოვმა.
XS
SM
MD
LG