Accessibility links

უნივერსიტეტის დაარსების 88-ე წლისთავი შიმშილობის აქციის ფონზე


8 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 88-ე წლისთავზე, უნივერსიტეტის წინ მიტინგი გაიმართება - ოღონდ არა საზეიმო, არამედ საპროტესტო.

მიტინგის მთავარი მოთხოვნა იქნება უნივერსიტეტის ავტონომიის შენარჩუნება და კვალიფიციურ პროფესორ- მასწავლებელთა სამსახურიდან დათხოვნის შეჩერება, რისთვისაც უნივერსიტეტის კედლებში რამდენიმე პროფესორმა შიმშილობის აქცია წამოიწყო. თუმცა განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ, ახალი კანონით, უნივერსიტეტის ავტონომიურობა არათუ კლებულობს, არამედ იზრდება.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მხოლოდ 20 თებერვლის შემდეგ განახლდება. მანამდე კი საქართველოს უძველესი უმაღლესი სასწავლებლის ხალხმრავალი ეზო თითქმის ცარიელია. ცარიელია სასწავლო აუდიტორიებიც. ერთადერთი აუდიტორია, სადაც ხალხმრავლობაა, ე.წ. საპროფესოროა, სადაც მესამე დღეა შიმშილობს 7 პროფესორ-მასწავლებელი. მათ შორის ყველაზე ცნობილი სახეა პროფესორი ნესტან კირთაძე. პარლამენტის ყოფილმა წევრმა და “ლეიბორისტული” პარტიის წარმომადგენელმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ იძულებული გახდა მიემართა რადიკალური საპროტესტო ფორმისათვის, რადგან უნივესიტეტის ავტონომიურობა ხელყოფილია და სასწავლებელი არა კანონით, არამედ პრეზიდენტის განკარგულებით იმართება.

[ნესტან კირთაძის ხმა]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები “ღია კარს” ამტვრევენ, რადგან უნივერსიტეტის ავტონომიურობა, ახალი კანონით უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, უფრო იზრდება, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. გარდა ამისა, უნივერსიტეტის თვითმმართველობაში აქტიურად იქნებიან ჩაბმულნი სტუდენტებიც. საბოლოო ჯამში კი, ყველა უმაღლეს დაწესებულებას, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, 2006 წლის დეკემბერში ეყოლება არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული, არამედ დემოკრატიულად არჩეული მმართველობითი ორგანოები, - განაცხადა ჩვენთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან გახელაძემ.

[ლევან გახელაძის ხმა]

მაგრამ ოპონენტებს არაფრის გაგონება არ სურთ. აფხაზეთიდან დევნილმა ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ადა მარშანიამ, რომელიც უნივერსიტეტის კედლებში ასევე შიმშილობს, აცხადებს, რომ საერთოდ ისპობა ქართული მეცნიერებისა და თვითშეგნების ბურჯი და ამაზე ხმა ყველამ უნდა აღიმაღლოს.

[ადა მარშანია სხმა]

რაც შეეხება საკუთრივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მათი უმრავლესობა ამჟამად არდადეგებზეა, ამიტომ უნივერსიტეტში რესპონდენტ სტუდენტის მოძებნა არც ისე იოლია. ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი თევდორაძემ დიდი ხნის ძებნის შემდეგ მოშიმშილეთა აუდიტორია მიმასწავლა და მითხრა, რომ უნივერსიტეტის რეფორმის იმ პროექტს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო.

[სტუდენტების ხმა]

მოშიმშილე პროფესორ-მასწავლებელთა მომხრე სტუდენტები კი უნივერსიტეტის ეზოში 8 თებერვალს საპროტესტო მიტინგზე მოიყრიან თავს. აქვე იქნებიან იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც კრიტიკულად აფასებენ უმაღლესი განათლების არსებულ რეფორმას და თავდაპირველად უნივერსიტეტის რექტორის, შემდეგ განათლების მინისტრისა და, ბოლოს, საქართველოს ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG