Accessibility links

logo-print

გადაურჩება თუ არა მეფრინველეობის დარგი „ფრინველის გრიპს“


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში “ფრინველის გრიპის“ H5N1 ვირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, მეფრინველეობის დარგში დასაქმებული

ფერმერები დიდ შეჭირვებას განიცდიან. პროფილაქტიკის მიზნით, ბევრმა დიასახლისმა, სავაჭრო თუ კვების ობიექტის ხელმძღვანელმა რაციონიდან ამოიღო თითქმის ყველა სახის ფრინველის ნაწარმი, რის გამოც, ფაქტობრივად, აღარ იყიდება აღარც იმპორტული და აღარც ადგილობრივი წარმოების ქათმის ხორცი და კვერცხი. თუ საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის მონაცემებს ვენდობით, ქართველი ფერმერების დიდი ნაწილი გაკოტრების პირასაა მისული. როგორ აპირებენ მეფრინველეობის ასოციაციაში გაერთიანებული ფერმერები მძიმე კრიზისში მყოფი დარგის გადარჩენას?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფრინველის ხორცისა და კვერცხის წარმოებამ კერძო სექტორში - ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებში -გადაინაცვლა. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დრომდე დარგი დინამიკურად ვითარდებოდა, თუმცა ფრინველის გრიპის გავრცელების საშიშროებამ და საინფორმაციო საშუალებებიდან მომდინარე ნეგატიურმა ინფორმაციამ არაერთი ფერმერი გაკოტრების საფრთხის წინაშე დააყენა. ამ მხრივ გამონაკლისი არც კომპანია „ალგეთია“, რომელიც მარნეულის რაიონში საშუალო სიმძლავრის მეფრინველეობის ფაბრიკას ფლობს. კომპანიის წარმომადგენელი ზაზა ლაშხი დარგში შექმნილ ვითარებას ასე აღწერს:

[ზაზა ლაშხის ხმა] „2 იანვრის შემდეგ ვეღარ ვყიდით ვერც კვერცხს და ვერც ქათმის ხორცს. 2 იანვრის შემდეგ ნულამდე დაეცა გაყიდვა.“

2 იანვარს საქართველოს მოქალაქეებს თავზარი დასცა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა. ლადო ჭიპაშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას იმ სასიკვდილო საფრთხეზე ილაპარაკა, რომელსაც ფრინველის გრიპი ქვეყნის მოსახლეობას უქმნის. შედეგად, მომხმარებელმა უარი თქვა ფრინველის ნაწარმის შეძენაზე, ხოლო დახლებიდან უკვალოდ გაქრა როგორც ქათმის ხორცი, ასევე კვერცხი.

[მაღაზიის მფლობელის ხმა] „არც ხალხი ყიდულობს და არც მომწოდებელს მოაქვს. ასეთი ვითარებაა ახალი წლის შემდეგ.“

[გამყიდველის ხმა] „მოიკლო რომელია, საერთოდ აღარ იყიდება. ეშინია ხალხს.“

[ქალბატონის ხმა] „საქონლის ხორცს მივირთმევთ. არც მჯერა და საერთოდ არ მინდა ქათმის ნაწარმი. პატარა ბავშვები გვყავს ოჯახში და მეშინია გრიპით არ დაავადდნენ.“


საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ისაკაძე კი დარწმუნებულია, რომ მომხმარებელი შეცდომაშია შეყვანილი. მისი თქმით, მეფრინველეობის დარგი ზარალს ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის უპასუხისმგებლო განცხადების გამო განიცდის:

[გიორგი ისაკაძის ხმა] „ზოგადად, როცა თემას ვეხებით, თან ისე უაპელაციოდ, როცა არ ვფიქრობთ, რა რეაქცია ექნება მოსახლეობას, არ არის გასაკვირი ის, თუ რა შედეგი მივიღეთ: დღეს ქათმის ხორცის რეალიზაცია დაეცა ნულამდე. ადამიანები არ მიირთმევენ იმას, რაც ამ ეტაპზე არის უსაფრთხო.“(სტილი დაცულია)

გიორგი ისაკაძის ნათქვამს, რომ საქართველოში წარმოებული ფრინველის ხორცი უვნებელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორიც ადასტურებენ. პატაა იმნაძის თქმით, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს:

[პაატა იმნაძის ხმა] „უკრაინის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ყირიმში დაავადებული ფრინველების გარდაცვალების გამო კიევში არავის შეუწყვეტია ქათმის ჭამა და რესტორნების მენიუდან არავის ამოუღია ფრინველის ნაწარმი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან ჯერ არ არის და რომც იყოს, თუ მოვიქცევით წესიერად ავადმყოფ ქათამთან, არაფერი დაგვემართება.“

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, მიხეილ სვიმონიშვილი ამბობს, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ფრინველის გრიპის ერთი შემთხვევაც კი არ გამოვლენილა, თუმცა მინისტრი, გაზაფხულის მოახლოების გამო, მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] „არსებობს რისკი, თითოეული მოქალაქე ელოდება ამ გადამფრენი ფრინველების დაბრუნებას. მე ვთვლი, რომ როცა ეს პერიოდი მშვიდობიანად გადაივლის, მოსახლეობა ბევრად უფრო აქტიური გახდება და ფრინველის ხორცსაც უფრო თამამად მოიხმარს და კვერცხის ნაწარმსაც. მთავარია, გაჩნდეს ნდობა. რაც იყიდება სავაჭრო ქსელში, აბსოლუტურად უსაფრთხოა“.
XS
SM
MD
LG