Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებს მთავრობა და პარლამენტი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის და, საერთოდ, სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას


საქართველოს პარლამენტში დაიწყო პროცესი პარლამენტის ოქტომბრის დადგენილების ძირითადი მოთხოვნის აღსასრულებლად. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში

სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მთავრობის დეტალური ინფორმაციის მოსმენის შემდეგ (რაც უკვე მოხდა პარლამენტის ბიუროს გაფართოებულ სხდომაზე) ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები ერთობლივ გადაწყვეტილებაზე უნდა შეთანხმდნენ. ”უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში პარლამენტი მოითხოვს სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას” - ზუსტად ასე წერია დადგენილებაში. ბიუროს გაფართოებულ სხდომაზე მთავრობის წევრების მოხსენებებში კი აშკარად უარყოფითად იყო შეფასებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო მისიაც და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში რუსეთის საშუამავლო როლიც. იმასთან დაკავშირებით, უნდა შეწყდეს თუ არა ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ოპერაცია, საქართველოს პარლამენტში საბოლოო პოზიციას ერთ კვირაში ჩამოაყალიბებენ.

მომავალი კვირის მანძილზე საქართველოს პარლამენტში გაგრძელდება მთავრობის წარმომადგენლების მოსმენა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობისა და იქ შექმნილი მდგომარეობის შესახებ. პარლამენტის დადგენილების მოთხოვნების აღსრულებასთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებს დეპუტატები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გააანალიზებენ. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება საბოლოო პოზიცია. მანამდე კი საკითხისადმი პარლამენტარებისა და მთავრობის წევრების დამოკიდებულება დაახლოებით ისეთია, როგორიც პარლამენტის თავმჯდომარემ სამშაბათს ბიუროს გაფართოებული სხდომის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გამოხატა. აქვე შეგახსენებთ, რომ ბიურომ სამშვიდობო ოპერაციისა და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ინფორმაცია მოისმინა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ჩვენ მივესალმებით და მივესალმებოდით ნებისმიერ პოზიტიურ ნაბიჯს, რომელიც მიმართული იქნებოდა იქითკენ, რომ სამშვიდობოებს შეესრულებინათ თავიანთი მანდატი, მაგრამ არ ვაპირებთ გამუდმებით თვალდახუჭულმა ვუყუროთ იმას, თუ როგორ არღვევენ ჩვენს საკუთარ ვალდებულებებს ის ქვეყნები, რომლებმაც... რომელმაც თავის თავზე შუამავლის და მედიატორის ფუნქცია აიღო. ” (სტილი დაცულია)

ეს მოხდა 1992 წლის ზაფხულში - ივლისში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაცია დაგომისის ცნობილი შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. სწორედ ედუარდ შევარდნაძესა და ბორის ელცინს შორის ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პრინციპებზე მიღწეული შეთანხმება დაედო საფუძვლად სამშვიდობო პროცესს, რომელიც ოთხმხრივ - 3 ერთის წინააღმდეგ - ფორმატში განვითარდა. თავდაპირველად შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია, შემდეგ მოხდა შერეული სამშვიდობო კონტინგენტის ფორმირება (საქართველოს, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონების მონაწილეობით). სამშვიდობო ძალების მოვალეობად პირველ ეტაპზე კონფლიქტის ზონაში მხარეთა დაშორიშორება და მშვიდობის დამყარება განისაზღვრა, მოგვიანებით - მშვიდობის მხარდაჭერა. 1992 წლიდან მოყოლებული, მანდატის თანახმად, შერეული სამშვიდობო ძალების პირდაპირ მოვალეობაში იყო კონფლიქტის ზონის კონტროლი, შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება, მძიმე ტექნიკისა და სხვა შეიარაღების კონცენტრაციის აღკვეთა და ასე შემდეგ. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის თითქმის 14 წლიანი ისტორიის შეჯამებისას სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ არსად, არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია ადგილი სამშვიდობო ძალებზე მანდატის მიხედვით დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებას. ნებისმიერ სამშვიდობო ოპერაციას ნეიტრალური მხარე უნდა ახორციელებდეს - ბიუროს სხდომაზე ამაზეც იყო საუბარი. ითქვა, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასობრივი პასპორტიზაციის აქტის განხორციელების შემდეგ, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის და თავად რუსეთის კანონმდებლობის დარღვევით მოხდა, შეიქმნა პრეცედენტი, როცა ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარ მოქალაქეებს იცავენ.


[გიორგი ხაინდრავას ხმა] ”ჩვენ გვაქვს სრული უფლება განვაცხადოთ, რომ სამშვიდობო ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ჩავარდა დაწყების დღიდან. არანაირი იურიდიული უფლება არა აქვს რუსეთის მხარეს ამ საკითხში შეგვედავოს. ”

აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთიდან საქართველოს მაინც ედავებიან, ისევე როგორც ცხინვალიდან, და აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვერ შეცვლის სიტუაციას კონფლიქტის ზონაში, რადგან იქ ცისფერჩაფხუტიანები მხოლოდ და მხოლოდ შერეულ საკონტროლო კომისიას ემორჩილებიან.

შევარდნაძესა და ელცინს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში, მართლაც, არის ერთი პუნქტი, რომელიც სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას რუსეთ-საქართველოს შეთანხმების საფუძველზე უშვებს, რისი მოტივიც, თავის მხრივ, შერეული საკონტროლო კომისიის დასკვნა უნდა გახდეს. დავიწყოთ იმით, რომ არცთუ დიდი ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავდა დაგომისის შეთანხმების დენონსაციას. ამას გარდა, საქართველოსთვის მიღებულია შერეული საკონტროლო კომისიის არსებული 3 ერთის წინააღმდეგ ფორმატი, რომლის პირობებში არ დაიწერება სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტისთვის დაგომისის შეთანხმებით განსაზღვული დასკვნა. საქართველოს ხელისუფლების არგუმენტი მარტივია: სამშვიდობო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში რუსეთისა და საქართველოს შეთანხმების საფუძველზე დაიწყო და საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, სრული უფლება აქვს მოითხოვოს ამ აბსოლუტურად არაეფექტიანი ოპერაციის შეწყვეტა. მოხდება თუ არა ასე, ამის შესახებ ერთ კვირაში შევიტყობთ.
XS
SM
MD
LG