Accessibility links

logo-print

რატომ დაიხურა საგაზეთო ჯიხურები თბილისში?


უკვე მეორე დღეა, თბილისში დახურულია საგაზეთო ჯიხურები. პრესის გამავრცელებელმა სამსახურებმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს,

რაც საგადასახადო დეპარტამენტმა ჯიხურებს ჯარიმები დააკისრა. ჯარიმების მიზეზი კი სალარო აპარატების უქონლობა გახდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გარე მოვაჭრეების გარდა ყველა სავაჭრო წერტილი ვალდებულია სალარო აპარატის გამოყენებით იმუშაოს.

თბილისის ცენტრში რუსთაველის ძეგლის წინ ჟურნალ-გაზეთების გავრცელების ბიზნესით უამრავი გარემოვაჭრე თუ ჯიხური არის დაკავებული. მე სწორედ ამ ადგილს მივაშურე იმის გასაგებად, თუ რატომ შეაჩერეს მუშაობა ჟურნალ-გაზეთების ჯიხურბმა. გარემოვაჭრეებს მოვუსმინოთ:

[გარემოვაჭრეების ხმა] ”...სალარო აპარატებს თხოვენ, 1000 ლარის ჯარიმა დააკისრეს.”
”ჩვენთვის არავის მოუთხოვია, ჯიხურებში უნდათ დადგან მაგრამ ჩვენ სად დაგვიდგამენ?”

პრესის დისტრიბუტორი ფირმების ხელმძღვანელები კი ფიქრობენ, რომ კანონმდებლებს ახალ საგადასახადო კოდექსში შეცდომა გაეპარათ და სწორედ ამიტომ არ აღმოჩნდა საგაზეთო ჯიხურები სალარო აპარატებისგან გათავისუფლებულთა ჩამონათვალში. პრესის გამავრცელებელი სამსახურის ”მაცნეს” დირექტორის შალვა ოქრუაშვილის კომენტარი:

[შალვა ოქრუაშვილის ხმა] ”სალარო საკონტროლო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან გაზეთების გამყიდველები ქუჩებში დამდგარი სტენდებიდან და მაგიდებიდან. ვფიქრობთ, აქ გამორჩენილი არის ჯიხურებიდან.”

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრესის რეალიზაცია გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადებისგან, შესაბამისად პრესის სარეალიზაციო პუნქტებში სალარო აპარატების გამოყენებას აზრი არ აქვს და მხოლოდ სირთულეებს შექმნისო.

პრესის გამავრცელებლებს ჯიხურებში სალარო აპარატის გამოყენება მოუხერხებლადაც მიაჩნიათ, რადგან მოქალაქეებს ხშირად 20 თეთრიდან 1 ლარამდე თანხის გადახდა უწევს და შეუძლებელია ამგვარი მცირე მოცულობის სალარო რეგისტრაცია.

ასე არ ფიქრობს საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელობა. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის კობა აბულაძის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებს სალარო აპარატებით ვაჭრობას ავალდებულებს 1 მარტიდან ამოქმედდება.

[კობა აბულაძის ხმა] ”მიუხედავად იმისა, არიან იურიდიული თუ ფიზიკური პირები, სალარო საკონტროლო აპარატის არქონის შემთხვევაში დაისჯებიან 500 ლარით პირველ შემთხვევაში... ”

მისივე თქმით, თბილისის საგადასახადო ინსპექციამ პრესის გავრცელების ჯიხურების მიმართ ადმინისტრირება აქამდე მოქმედი კანონის შესაბამისად გაამკაცრა, ამიტომ გამავრცელებელთა პრეტენზია, თითქოს ახლად მიღებულ კანონში ხარვეზი გაიპარა, მართებული არ არის.

პრესის გამავრცელებლები შიშობენ, რომ სალარო აპარატების შეძენის შემთხვევაში გაიზრდება ჟურნალ-გაზეთების საცალო ღირებულება და ჯიხურები გარე მოვაჭრეების წინაშე არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდებიან.
XS
SM
MD
LG