Accessibility links

logo-print

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებისგან ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვს

  • ნინო როდონაია

საქართველოს ხელისუფლებას ზეწოლის მცდელობაში კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ადანაშაულებს. ,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო

ცენტრი” მისი საქმიანობის შეჩერების მცდელობად აფასებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ამ ორგანიზაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაინტერესებას.
სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას მის მიერვე აღიარებული პრინციპების დაცვისა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
რას ეფუძნება “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრზე” ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებული ეჭვი?

თებერვლის დასაწყისში ,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს” შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიაკითხა, თუმცა არა საკუთარი უფლების დასაცავად, არამედ ამ ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობის მოტივით. მას შემდეგ, რაც სამშაბათს ორგანიზაციის ხელმძღვანელს სამინისტროში გასაუბრებაზე მისვლა მოსთხოვეს, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრმა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართა და ოთხშაბათს საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია. ცენტრის ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას კონტრტერორისტული დეპარტამენტის მაიორმა თენგიზ ტყებუჩავამ აცნობა, რომ ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გია გაბუნიასთან იბარებდნენ და უარის შემთხვევაში, იძულებით მიყვანას დაჰპირდა:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ,,ჩვენთვის მიუღებელია თავისთავად ის ტონი და ის საუბრის მანერა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში. მიუღებელია ის საბჭოთა მეთოდები, როდესაც ხდება გამოძახება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ აუცილებლად დღესვე უნდა გამოცხადდეთ, რადგან ვიღაცას სურს გასაუბრება.” (სტილი დაცულია)

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა ოფიციალური შეტყობინება და იმის განმარტება, აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე, ან რა სტატუსით უნდა გამოცხადდეს თავად ნანუაშვილი. ზეპირი პასუხის მიხედვით, საქმე არ აღძრულა, ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან კი იმის გაგება სურდათ, თუ ვის რა სახის დახმარებას უწევს ცენტრი და რა ინფორმაციას ავრცელებს.
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანა დოლიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სამინისტროს მოქმედებას არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა:

[ანა დოლიძის ხმა] ,,ასე უბრალოდ დაბარება არ ხდება დაწესებულებებში. ჯერ ერთი, უნდა იყოს დაწყებული გამოძიება, წარმოდგენილი უწყება, უწყება ჩაბარებული და შემდეგ ადამიანი თვითონ მიდის, თუ ეს არის დაკითხვა. ამის გარდა, როგორც ჩანს, არ ყოფილა წარმოდგენილი არავითარი საბაბი, თუ რა პროცესუალური საფუძვლით ხდება ამის განხორციელება. სწორედ აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს იყო არაფორმალური შეხვედრის მცდელობა და გარკვეული გზავნილების მიწოდება უჩა ნანუაშვილისათვის, თუ ვისთან აქვს მას საქმე.” (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც რამდენიმე ხნის წინ კოალიცია შექმნეს, არ გამორიცხავენ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრით ხელისუფლების დაინტერესება უკავშირდება საქართველოში არსებული სიტუაციის ამსახველ მოხსენებას, სათაურით ,,შემდეგი გაჩერება - ბელორუსი?”
საკმაოდ კრიტიკული ანგარიში ცენტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ცენტრზე ზეწოლის მცდელობა ბოლოდროინდელი ტენდენციის გაგრძელებაა:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ,,ეს არის სწორედ გაგრძელება იმ სცენარისა, რომელიც უკვე დაიწყო საქართველოში, სამწუხაროდ. მსხვერპლი შეიქმნა სხვა ორგანიზაციებიც. იყო გარკვეული ზეწოლა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე”, იყო ,,ყოფილ პოლიტპატიმრებზე.” ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება. ის, რაც განხორციელდა იურისტთა ასოციაციაზე, განხორციელდა თუნდაც ჩვენს წინააღმდეგ, ამისგან დაზღვეული არც ერთი ორგანიზაცია არ არის.” (სტილი დაცულია)

ამ პოზიციას ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, რომელიც ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრზე ზეწოლის მცდელობის გამო ახალ მიმართვას ამზადებს. თუმცა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანა დოლიძე ამბობს, რომ საზოგადოების აქტიურობის გარეშე, მხოლოდ არასამთავრობო სექტორი ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს:

[ანა დოლიძის ხმა] ,,ასოციაციაზე თავდასხმა იყო ამის დასაწყისი. ჩვენ მაშინ ყველამ ერთად ვთქვით, რომ ეს აუცილებლად გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის დამორჩილების მცდელობა, ეს არის სექტორის დამორჩილების მცდელობა. აი, მეორე ნაბიჯი სახეზეა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ამას სჭირდება სერიოზული და ხმამაღალი პასუხი, რომ ეს არ განმეორდეს და არ გაგრძელდეს.” (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრს ურჩევს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტება თავად მოითხოვოს ოფიციალური წერილით. ამ პროცედურის შედეგის მიხედვით, კოალიცია გაფართოებული დისკუსიის ინიციატივას გამოთქვამს.
XS
SM
MD
LG