Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოსული ქართული გაზეთების საგანგებო ყურადღებას ძირითადად ორი თემა იმსახურებს:


დღეს გამოსული ქართული გაზეთების საგანგებო ყურადღებას ძირითადად ორი თემა იმსახურებს: პირველ ადგილს კვლავაც ინარჩუნებს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან

რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის საკითხი, ხოლო მეორე გახლავთ სალომე ზურაბიშვილის განაცხადი პარტიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მომავალი პარტიის წესდების კონცეფცია ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესას გუშინ გააცნო. გთავაზობთ ქართულ გაზეთებში დღეს დაბეჭდილი რამდენიმე პუბლიკაციის მიმოხილვას.

”პარლამენტი ”მოლოდინის რეჟიმში” გადადის” - ასეთი სათაურის სტატიას გაზეთი “24 საათი” ბეჭდავს და იმ ერთკვირიან ვადაზე საუბრობს, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის საკითხის განსახილველად მიეცა. გაზეთი წერს, რომ ერთკვირიანი ”მოლოდინის რეჟიმი” გამოყენებული იქნება ყველა იმ საფრთხისა და შესაძლო პროვოკაციის გასათვლელად, რომლებიც პარლამენტის დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ არის მოსალოდნელი. მთავრობისა და პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა. “24 საათს” დემოკრატიული ფრონტის ლიდერის კომენტარი მოჰყავს. დავით ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის მიერ 2005 წლის ოქტომბერში მიღებული დადგენილების შესრულებაზე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უარი თქვას. კიდევ უფრო მკვეთრ განცხადებას აკეთებს ფრაქცია ”მემარჯვენე ოპოზიციის” თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, რომლის მტკიცებითაც, ”საქართველოს პრეზიდენტმა რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა.”

ამ საკითხთან დაკავშირებულ ოპოზიციურ აზრს ადგილი დღევანდელი “რეზონანსის” ფურცლებზეც ეთმობა. დავით გამყრელიძის პროგნოზით, საკანონმდებლო ორგანო რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის თაობაზე დადგენილებას მომავალ კვირას მიიღებს, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში არ დაკონკრეტდება ვადები - როდის უნდა დატოვონ რუსმა სამხედროებმა კონფლიქტის ზონა. “რეზონანსი” მკითხველს ექსპერტთა პროგნოზებსაც სთავაზობს, სტატიაში, სათაურით ”ცხინვალის რეგიონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პროცესი დაიძრა”, ექსპერტი სამხედრო საკითხებში კახა კაციტაძე იმ შესაძლო დაძაბულობაზე საუბრობს, რომელიც რუსი სამხედროების იძულებით გაყვანას შეიძლება მოჰყვეს. ექსპერტი ასეთ შემთხვევაში საქართველო-რუსეთის ლოკალური ომის საფრთხეს ხედავს, რადგანაც, მისი თქმით, ”შეტაკების შემთხვევაში რუსული მხარის წინააღმდეგობა ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამშვიდობო ბატალიონით არ ამოიწურება.” კახა კაციტაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან შედარებით არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური უპირატესობა აქვს და სწორედ ეს უპირატესობა უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად. ომის საფრთხეზე ამავე სტატიაში ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილიც საუბრობს: ”პარლამენტი დადგენილებას რომ მიიღებს, ხელისუფლებამ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს რუსეთთან და ომის რეალობასთანაც სწორედ მაშინ დავდგებით.”

მეორე თემა, რომელზედაც დღეს გამოსული ქართული გაზეთების უმრავლესობა ამახვილებს ყურადღებას, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მიზნებს შეეხება. სამშაბათს ექს-საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესას თავისი მომავალი პარტიის კონცეფცია წარმოუდგინა. დასაფუძნებელ პოლიტიკურ პარტიას ჯერჯერობით მხოლოდ პირობითი სახელი აქვს და ის ასე ჟღერს: ”ჩვენი გზა, ქართული გზა”. ”მისთვის ადრე რომ ეკითხათ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდებოდა თუ არა, კატეგორიულ უარს განაცხადებდა, - წერს გაზეთი “24 საათი”, - თუმცა მხოლოდ ”მოძრაობას” რომ არ დასჯერდებოდა, იმთავითვე იყო ცნობილი”. დღევანდელი ”ახალი თაობა” ზურაბიშვილის მიზნებს საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს და ყოფილი მინისტრის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოთქმულ თითქმის ყოველ სიტყვას ბეჭდავს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG