Accessibility links

logo-print

უნივერსიტეტის 88-ე წლისთავი საპროტესტო მიტინგითა და შიმშილობის აქციით აღინიშნა


ყოველი წლის 8 თებერვალს ქართული საზოგადოება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მორიგ წლისთავს აღნიშნავს. ზუსტად 88 წლის წინ, 1918 წლის 8 თებერვალს,

ძველი სტილით 26 იანვარს, ანუ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, პროფესორმა ივანე ჯავახიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნა იმ დროისათვის კავკასიაში პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი, რომლის პირველ რექტორად პროფესორთა კოლეგიამ ცნობილი ქიმიკოსი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტმა 23 რექტორი გამოიცვალა, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 18-დან 3000-მდე გაიზარდა. თუმცა ბოლო დროს სასწავლებელი საზოგადოების ყურადღებას მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებით როდი იქცევს. საქმე ის არის, რომ დაპირისპირებასა და განხეთქილებას, ქართული საზოგადოების მსგავსად, ვერც უნივერსიტეტის კოლექტივი გადაურჩა. როგორ შეხვდა „მეცნიერების ტაძარი“ დაარსების 88-ე წლისთავს?

8 თებერვალს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, იქ, სადაც დაკრძალულნი არიან სასწავლებლის დამაარსებელნი, პანთეონისათვის უჩვეულო ხალხმრავლობა და ხმაური იყო.

[აქციის ორგანიზატორის ხმა] „მეგობრებო, თუ შეიძლება, შევგროვდეთ სახელდახელოდ მოწყობილი ტრიბუნის წინ...“

ოპოზიციური პარტიებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ერთმა ნაწილმა სასწავლებლის 88-ე წლისთავი საპროტესტო მიტინგით აღნიშნა. აქციის მონაწილეთა შორის იყო მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი, რომლის გვერდითაც სახელდახელოდ უნივერსიტეტის კიბეებზე მოწყობილ იმპროვიზირებულ ტრიბუნასთან ყოფილი დეპუტატები ელიზბარ ჯაველიძე, გურამ შარაძე და ანზორ აბრალავაც იდგნენ. თემურ ჟორჟოლიანი, როგორც თავად ამბობს, მიტინგზე უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა მიიყვანა:
[თემურ ჟორჟოლიანის ხმა] „ეს არის კონკრეტული აქცია. მოვითხოვთ ერთადერთს: უნივერსიტეტის ავტონომიის დაბრუნებას. პრეზიდენტი და ხელისუფლება არ უნდა ნიშნავდეს რექტორს და სამეცნიერო საბჭოს.“

უნივერსიტეტისათვის ავტონომიის დაბრუნებას ითხოვენ შიმშილობის აქციის მონაწინელიც. ალეკო ყიფიანი უნივერსიტეტის მოშიმშილე თანამშრომლებს 8 თებერვალს შეუერთდა.

[ალეკო ყიფიანის ხმა] „მნიშვნელობა აქვს დღეს უნივერსიტეტის გადარჩენას, რაც გათანაბრებულია საქართველოს გადარჩენასთან. ჩვენს გარშემო გაერთიანდა უამრავი პოლიტიკური და არაპოლიტიკური ორგანიზაცია და, რაც მთავარია, თავად უნივერსიტეტი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა დაიცვას თავი და საქართველო.“

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. რექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე ირწმუნება, რომ უნივერსიტეტის ავტონომიას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო შიმშილობის აქციაში მონაწილე ადამიანები პოლიტიკური პარტიების მიერ იმართებიან:

[რუსუდან ლორთქიფანიძის ხმა] „იმათ უნდათ პოლიტიკური აქციის მოწყობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ საქმეში ვერანაირ მხარდაჭერას ვერ აღმოვუჩენ. მრცხვენია, რომ ეს ყველაფერი უნივესიტეტში ხდება. ავტონომია კი უნივერსიტეტს აუცილებლად ექნება. ეს არის ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, მაგრამ ხომ უნდა იცოდნენ, რომ ახლა გარდამავალი პერიოდია.“


დაპირისპირების მიუხედავად, უნივერსიტეტის თანამშრომლები თანხმდებიან იმაზე, რომ უნივერსიტეტი რიგითი უმაღლესი სასწავლებელი არ არის. პროფესორ პაატა კოღუაშვილის თქმით, უნივერსიტეტზე თითქმის ერთი წლით ადრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი გაიხსნა, თუმცა, მთელი რიგი მიზეზების გამო, უნივერსიტეტი საქართველოს ისტორიაში მაინც პირველი უმაღლესი სასწავლებლის სახელით შევიდა:
[პაატა კოღუაშვილის ხმა] „პოლიტექნიკური ინსტიტუტი 9 თვით ადრე, 1917 წელს, გაიხსნა, მაგრამ ქართველმა ხალხმა ეს ფაქტი თითქოს დაივიწყა, იმდენად დიდია უნივერსიტეტის მნიშვნელობა. ქართველი ბავშვი როგორც კი თვალს გაახელს, მას უკვე უყვარს უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილი და ილია ჭავჭავაძე.“

1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მისი დამაარსებლის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის, სახელს ატარებს, ხოლო 88 წლის წინ გახსნილ მეცნიერების ტაძარში ამჟამად ცოდნის წყურვილს 35 ათასამდე სტუდენტი იკლავს, მათ აღზრდაზე კი 55 აკადემიკოსი, 600-მდე პროფესორი და ათასზე მეტი დოცენტი ზრუნავს.
XS
SM
MD
LG