Accessibility links

რატომ ვერ ღებულობენ კუთვნილ თანხებს საავადმყოფო ფურცელზე მყოფი ადამიანები


მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონის თანახმად, საავადმყოფო ფურცელზე, ეგრეთ წოდებულ ბიულეტენზე, მყოფ ავადმყოფთა დაფინანსების პროცედურამ ძირეული ცვლილება განიცადა.

ერთი მხრივ, დაფინანსება მთლიანად დაევალა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, მეორე მხრივ კი, განისაზღვრა გაცდენილი სამუშაო დღეების ფულადი ანაზღაურების მაქსიმალური ზღვარი. ზღვარი 115 ლარს შეადგენს. 2006 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფურცელზე მყოფი ადამიანის კუთვნილი თანხის გამოთვლა სწორედ ამ ზღვრული ოდენობიდან მოხდება და არა ხელფასიდან, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში გაცილებით მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის კანონით დადგენილ ამ ცვლილებებს ხელისუფლების ოპოზიციურ წრეებში დაქირავებულთა დისკრიმინაციის კვალიფიკაცია მიეცა, ჯერჯერობით კანონის სრულად ამოქმედებაც კი ვერ ხერხდება. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება გახდა ჩვენი ყურადღების საგანი – დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე მყოფი ადამიანები კუთვნილ თანხებს ვერ ღებულობენ.

დროებით შრომისუუნარო ადამიანთა საავადმყოფო ფურცლის განაღდების პრობლემა 2006 წლის დადგომისთანავე გაჩნდა. ქალბატონი ნუნუ, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმის გამო გასული წლის ბოლოდან იმყოფება ბიულეტენზე. დეკემბრის თვის კუთვნილი თანხა სამსახურმა აუნაზღაურა. მას შემდეგ კი, რაც, 2006 წლის ბიუჯეტის კანონით, ანგარიშსწორების პასუხისმგებლობა ცალსახად დაეკისრა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, ვერც ფული მიიღო და ვერც კომპეტენტური განმარტება, რაშია საქმე.

[მოქალაქის ხმა]“მე რომ ჩავაბარე საავადმყოფო ფურცელი, ველოდები ანაზღაურებას, მე სხვა შემოსავალი არა მაქვს. ცხადია, ახლა შევყურებ ამ ფულს, როდის მივიღებ. უნდა მოვკვდე მშიერი, ასე გამოდის, სანამ მინისტრის ბრძანება არ იქნება და სანამ არ გადაწყვეტენ ამ საკითხს. ეს ერთი და, მეორეც, ახლა რამდენად კმაყოფილი უნდა ვიყო მე - ბევრად დაბალ ხელფასს ვიღებ ჩემს საავადმყოფო ფურცელზე, ვიდრე ჩემი ხელფასია.“

ქალბატონი ნუნუ ექიმია. მისი ხელფასი საშუალოდ 200 ლარია, ბიულეტენზე ყოფნის მანძილზე მისი ანაზღაურება, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ 115 ლარი იქნება. მაგრამ, მოგეხსენებათ, ჯერჯერობით ამ თანხის მიღებაც პრობლემაა. როგორც სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში განმარტავენ, საავადმყოფო ფურცელზე მყოფ ადამიანებს კუთვნილი თანხები ენახებათ, არ ეკარგებათ და მიიღებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრო თანხების გაწერის წესის თაობაზე ნორმატიულ აქტს დაამტკიცებს. როგორც აღნიშნული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მანონ ხაჩიძე შენიშნავს, ფინანსური განმარტებების წესის შემუშავების ვადები დარღვეული არ არის, იმის მიუხედავად, რომ მოქალაქეებს სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ:

[მანონ ხაჩიძის ხმა]“ ვაჩერებთ იანვარში შემოსულ ყველა ფურცელს და ანაზღაურდება ეს ჩვეულებრივად. ეს რომ გაჩერდება, ესეც ფინანსთა სამინისტროსთანაა შეთანხმებული, იმიტომ რომ ვიდრე ხარჯვის წესი არ დაიწერება, ანუ ერთჯერადად ვაძლევთ კაცს, ანუ გავყოფთ და სამ თვეზე ვაძლევთ. თუ როგორ ხდება ეს, როგორ მოძრაობს ეს თანხა ბიულეტენიდან თვითონ პერსონამდე, ამის წესი დაიწერება და ამას მოგახსენებთ. მე მაინც მგონია, რომ სამშაბათისთვის გვექნება რაღაც რეალური.“(სტილი დაცულია)

პირობითად მომავალი სამშაბათის შემდეგ სამედიცინო ფურცელზე მყოფ ადამიანთა ფინანსური ანგარიშსწორების საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდება.საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გაცილებით უფრო დიდ პრობლემად მიიჩნევს მეორეს - ფინანსური ზღვარის დაწესებას:

[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა]“მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს თანხა მიზანმიმართულად წავა და ისევ ამ სფეროს მოხმარდება. დასაქმებული ადამიანი ზარალდება სერიოზულად. მაშინ მე რატომ ვიხდი – პენსიაში არ აისახება ჩემ მიერ გადახდილი გადასახადები, ანუ მე რაც არ უნდა ვიხადო, მაინც გავდივარ პენსიაში და ვიღებ 28 ლარს.რაც არ უნდა ვიხადო, ჩემი ხელფასიდან მაინც ვიღებ 115 ლარს.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, ბიუჯეტის შემოსავლების ამგვარი მეთოდებით გაზრდა უხერხული და არასწორია. შესაბამისად, პროფკავშირთა ლიდერი საზოგადოებას საკუთარი სასიცოცხლო მოთხოვნებისა და შეხედულებების დაცვისაკენ მოუწოდებს - მით უფრო, რომ წინ არის შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტების შეჯერება და განხილვა, რაც არასამთავრობო სექტორმა ამ ცოტა ხნის წინათ საყოველთაო მობილიზების საგნად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG