Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრთხილი ოპტიმიზმი პარიზში მთიანი ყარაბაღის კონლფიქტზე მოლაპარაკების დაწყებამდე


პარიზთან, რამბუიეს სასახლეში ხვალ გაიმართება შეხვედრა, რომელზეც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელებენ. შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს

იმის გამო, რომ მასში სომხეთის და აზრბაიჯანის პრეზიდენტები მონაწილეობენ. დიპლომატიურ წრეებში ფრთხილ ოპტიმიზმს გამოთქვამენ: როგორც ჩანს, ერთმანეთს უახლოვდება ორი მხარის პოზიციები მთიანი ყარაბაღის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

სამშვიდობო პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს - ეს შეფასება ეკუთვნის ეუთოს “მინსკის ჯგუფის” ამერიკელ თანათავმჯდომარე სტივენ მენს. “მინსკის ჯგუფი” 1994 წლიდან შუამავლობს ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

[სტივენ მენის ხმა] “ყოველი ჩვენგანი აღიარებს, რომ მივადექით ეტაპს, როცა მოლაპარაკებებიდან გადაწყვეტილებაზე უნდა გადავიდეთ. ამერიკული პერvპექტივიდან გვჯერა, რომ არსებობს მომავალ თვეებში შეთანხმების პერსპექტივა. არ გვინდა, მხარეებმა ხელიდან გაუშვან ეს მნიშვნელოვანი შანსი”, -
ასე აფასებს ამერიკელი შუამავალი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას ახლა, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტიდან 12 წლის შემდეგ.

სტივენ მენისა და არა მარტო მისი ოპტიმიზმი, როგორც ჩანს, მომდინარეობს სომხეთის პოზიციაში გამოკვეთილი ცვლილებიდან. რა ცვლილებაზეა ლაპარაკი, განმარტავს ქართველი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ბოლო ხანს მონაწილეობდა კონფერენციებში როგორც ერევანში, ისე ბაქოში. [ზაქარეიშვილის ხმა: იხ. აუდიოვერსია]

რეფერენდუმმა, რომელსაც პაატა ზაქარეიშვილი ახსენებს, მთიანი ყარაბაღის პოლიტიკური სტატუსი უნდა განსაზღვროს. ერევნის დაყაბულებამ კონფლიქტის ეტაპობრივ მოგვარებაზე აზერბაიჯანსაც უბიძგა უფრო მოქნილი პოზიციისაკენ. ასე ფიქრობს კავკასიის საკითხების ექსპერტი ტომას დე ვაალი, რომელიც ბაქოშია ჩასული წიგნის - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისადმი მიძღვნილი ნაშრომის - რუსული თარგმანის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.

[ტომას დე ვაალის ხმა] “აქ მოელიან, რომ პარიზში პარასკევს რაღაც მოხდება, მაგრამ ეს იქნება რაღაც სახის დეკლარაცია - შესაძლოა, დეკლარაცია ძირითადი პრინციპების შესახებ და აშკარაა, რომ მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკება ამ საკითხებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბრების შემდეგ ვფიქრობ, რომ საუბრის ტონი შეიცვალა: ისინი გაცილებით უფრო კონსტრუქციულად ლაპარაკობენ, გაცილებით უფრო დეტალურად, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.”

მაგრამ საკითხავია, რამდენად დიდ დათმობებზე წასვლა შეუძლიათ პარიზის მოლაპარაკების მონაწილეებს. საზოგადოება ორივე ქვეყანაში ერთმანეთისადმი უნდობლობით არის გამსჭვალული - ასეთი შთაბეჭდილება დარჩა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც. [ზაქარეიშვილის ხმა: იხ. აუდიოვერსია]

შეფასებას, რომ სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც ცალმხრივად ხედავენ მთიანი ყარაბაღის პრობლემას, იზიარებს თომას დე ვაალიც. [ტომას დე ვაალის ხმა] “ლიდერებს პირადი შეხვედრებისას აქვთ ხოლმე საკმაოდ ვრცელი, კონფიდენციალური დისკუსიები შესაძლო კომპრომისზე, საზოგადოება კი კვლავინდებურად ჩარჩენილია 90-იან წლებში, 80-იანი წლების ბოლოში და ერთმანეთისადმი უაღრესად აგრესიულ რიტორიკას ავლენს. ამ თვალსაზრისით, ლიდერები მახეში არიან გაბმული. შეთანხმებაც რომ დადონ, ძალიან ძნელი იქნება მისი მოსახლეობისათვის მოწონება და ვფიქრობ, რომ ეს საქმეს ძალიან გაართულებს.”

ჯერ-ჯერობით იმედი მაინც იგრძნობა ვენაში, ეუთოს შტაბ-ბინის დერეფნებში - განსხვავებით აზერბაიჯანელი ლტოლვილების თავშესაფრებიდან, რომელთაც ყარაბაღიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან განდევნილი ასიათასობით ადამიანი შეკედლებია. ამ ხალხს 12 წელია, აღარ უნახავს მშობლიური მიწა-წყალი და მისთვის არც აზერბაიჯანში ნავთობით მოპოვებულ კეთილდღეობას მოუტანია რაიმე სარგებელი. ლტოლვილები შინ დაბრუნებაზე ოცნებობენ და ვინ იცის, შესაძლოა ამ დღეებში პარიზიდან შეიტყონ დამაიმედებელი ინფორმაცია.
XS
SM
MD
LG