Accessibility links

logo-print

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან


ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაიწყებამდე. გამოცდის ჩაბარება მოუწევს არამარტო აბიტურიენტთა დაახლოებით 32 ათასიან არმიას,

არამედ, თავად განათლების სისტემის რეფორმირების პირველ ეტაპსაც. საქმე ისაა, რომ წელს საქართველოში პირველად ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც რადიკალურად განსხვავდება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის აქამდე მოქმედი სისტემისგან. თუ რაში მდგომარეობს ეს სხვაობა და როგორ ხვდებიან მას აბიტურიენტები, ამის შესახებ კახა მჭედლიძე გესაუბრებათ.

აბიტურიენტებს, მათ ვისაც პირველად მოუწევთ ახალი ტიპის გამოცდების ჩაბარება, უკვე არჩეული აქვთ ის 5 უმაღლესი სასწავლებელი, ფაკულტეტი თუ სპეციალობა, სადაც სწავლის გაგრძელებას ისურვებდნენ. უმაღლესი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრეტენდენტი იმ ინსტიტუტის სტუდენტი ხდება რომელიც პირველ ადგილზე დააყენა. თუ ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა, მომდევნო ადგილზე ჩაწერილი ინსტიტუტი განიხილება და ასე შემდეგ.

[თეას ხმა 1] ”მე ვაბარებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ”
[ჟურნალისტი] ”სხვა კიდევ რა გაქვთ არჩეული?
[თეას ხმა 1] ”იცით ჟურნალისტიკა მაქვს სულ სხვადასხვა განხრით, სამართალი, ტელე-ჟურნალისტიკა, რადიო-ჟურნალისტიკა, ყველგან ჟურნალისტიკა. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს პროფესია, მაინტერესებს და რა ვიცი ძალიან მიყვარს.”

ეს არის თბილისის პირველი გიმნაზიის მეთერთმეტე კლასელი თეა სიბაშვილი. მის მიერ არჩეული სპეციალობა ერთერთ ყველაზე პოპულარულად ითვლება.

წინასაგამოცდო ტენდენციების შესახებ უფრო მეტს ”შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” დირექტორისგან მაია მიმინოშვილისგან შეიტყობთ.

[მაია მიმინოშვილის ხმა] ”ტელე-რადიოჟურნალისტიკაზე ყველაზე დიდი კონკურსია სხვათაშორის, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი... სხვათაშორის ფილოლოგიის ფაკულტეტზე აღმოჩნდა კონკურსი. კონკურსია სამედიცინო უნივერსიტეტში ისეთი მაღალი არა როგორიც იურიდიულზე და ტელე-რადიო ჟურნალისტიკაზე და ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკაზეა მაღალი კონკურსი და კავშირგაბმულობაზე.”

ამ ტრადიციულად პოპულარულ პროფესიებთან ერთად გამოიკვეთა ახალი მიმართულებები რომლებიც აბიტურიენტთა ცხოველი ინტერეს დაიმსახურა. წინა წელთან შედარებით საგრძნობლადაა მომატებული განაცხადების რაოდენობა ტურიზმის, ტრანსპორტის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის, ასევე ხელოვნებისა და სპორტის სპეციალობებზე. მაია მიმინოშვილის განცხადებით არ გამართლდა ოპონენტების აზრი რომ გამოცდების ახალი სისტემა გაანელებდა ინტერესს ტექნიკური პროფესიების მიმართ.

[მაია მიმინოშვილის ხმა] ”იმის გამო რომ აბიტურიენტების ნაწილს მოუწევთ 4 გამოცდის ჩაბარება, ნაწილს 3 გამოცდის ჩაბარება მხოლოდ იყო საშინელი შიში იმასთან დაკავშირებით რომ მოხდება ის რომ აბიტურიენტების უმრავლესობა წავა ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე იმიტომ რომ იქ ჩასაბარებელია 3 გამოცდა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რეგისტრაციის შედეგების მიხედვით რომ ნამდვილად არ მომხდარა ასე.”

ერთიან ეროვნულ გამოცდებს მოწინააღმდეგეები არა მხოლოდ ამ მიზეზის გამო გამოუჩნდნენ. ისევე როგორც ყველა რეფორმა საქართველოში, განათლების რეფორმაც პოლიტიზირებული აღმოჩნდა. შესაბამისად გამოცდების ახალ სისტემას ხელისუფლების ოპოზიციონერი პოლიტიკური ორგანიზაციების უმეტესობა დაუპირისპირდა. მათ შორისაა პოლირიკური მოძრაობა ”წინ საქართველო”. მისი ერთერთი ლიდერი, იმერეთის მხარეში პრეზიდენტის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი ამბობს რომ გამოცდების ახალი წესი ევროპულ პრაქტიკას არ შეესაბამება.

[თემურ შაშიაშვილის ხმა] ”აი როგორიც არის ევროპაში მე ვარ იმის მომხრე უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდები საერთოდ არ არის. ქუთაისში ჩვენ ეს გავაკეთეტ. ქუთაისის აკაკი წერეთლის გიმნაზიას ამთავრებდნენ რევოლუციამდე და ევროპაში ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში დიპლომით ხვდებოდნენ. ამიტომ უნივერსიტეტში უნდა იყოს არა გამოცდის ჩაბარება არამედ დიპლომების კონკურსი როგორც ეს არის თანამედროვე მსოფლიოში.”

საქართველოს ხელისუფლება მთელი ქვეყნის მაშტაბით უნიფიცირებული გამოცდების ჩატარების მთავარ მიზნად, აბიტურიენტების ჩარიცხვის სისტემაში ბოლო დრომდე არსებული პროტექციის, კორუფციის და მექრთმეობის აღმოფხვრას ასახელებს. ამ ამოცანის განსახორციელებლად ”შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა” მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, უზარმაზარი სამუშაო გასწია და მთელი საქართველოს მაშტაბით 76 სარეგისტრაციო პუნქტისა და 14 საგამოცდო ცენტრის ორგანიზება შეძლო. ცენტრები აღიჭურვა სათანადო აპარატურით და იქ დასაქმებულ თანამშრომლებს სპეციალური ტრეინინგები ჩაუტარდათ. აღსანიშნავია ისიც რომ საგამოცდო ტესტები დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტის სტამბაში დაბეჭდება. თუ რატომ ამას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის კომენტარიდან შეიტყობთ:

[მაია მიმინოშვილის ხმა] ”აქ რომ დაგვებეჭდა გადავრჩებოდით ინფორმაციის გაჟონვას?
[ჟურნალისტი] მე ვერაფერს გეტყვით, არ ვარ კომპეტენტური...
[მაია მიმინოშვილის ხმა] მაშინ მე გეტყვით დაზუსტებით რომ ეს ნამდვილად ასე მოხდებოდა. ამისგან არანაირად არ ვართ დაზღვეული, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს.”

საგამოცდო ტესტების და საერთოდ გამოცდების პროცესის უსაფრთხოების ზომები ამით არ ამოიწურება. სპეციალური გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება თბილისის ის სკოლა სადაც საგამოცდო ტესტების გამსწორებლები იმუშავებენ.
მაქსიმალური ობიექტურობის დაცვის მიზნით კი აბიტურიენტთა ქულების შეჯამება და მათი მისადაგება შერჩეულ სპეციალობებთან, კომპიუტერული პროგრამით განხორციელდება.

მოკლედ, ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ გამოცდებგავლილმა ახალგაზრდებმა თავი არ იგრძნონ კორუფციის ანდაც არაობიექტურობის მსხვერპლად. სწორედ ამიტომ ჩემს მიერ გამოკითხული აბიტურიენტების უმრავლესობისთვის გამოცდების ახალი სისტემა სრულებით მისაღებია: გიორგი მაღლაკელიძეს და თეონა ქებულაძეს მოვუმინოთ:

[აბიტურიენტები]
[გიორგი მაღლაკელიძე] ”მისაღებია სავსებით იმიტომ რომ აქ ცოდნა ფასდება და არა ფული.”

[თეონა ქებულაძის ხმა] ”მეშინია, ძალიან მეშინია, მაგრამ მომწონს გამოცდების ჩატარების ასეთი მეთოდი.
[ჟურნალისტი] რატომ?
[თეონა ქებულაძის ხმა] ”რატომ?... ცოდნა გაიმარჯვებს, ცოდნა გავა წელს და ალბათ მაგიტომ, ადრინდელთან შედარებით ჩაწყობა აღარ იქნება. რა ვიცი ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. რასაც ვუყურებ ახლა, ვფიქრობ რომ ასე იქნება."
XS
SM
MD
LG