Accessibility links

საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები დასავლეთის პრესაში გამოქვეყნებული კარიკატურების შესახებ


დანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების გაზეთებში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვით გამოწვეულმა ვნებათაღელვამ საქართველომდეც მოაღწია,

თუმცა ქართველი მუსლიმანები პროტესტს ძალადობის გარეშე გამოხატავენ. მათი თქმით, წინასწარმეტყველის გაშარჟება შეურაცხყოფს მორწმუნეთა პატივსა და ღირსებას, რის გამოც გაზეთების რედაქციებმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადონ. ცხადია, ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ქართულ საინფორმაციო საშუალებებზე, რომელთა რედაქტორებს არც კი უფიქრიათ სკანდალური კარიკატურების საკუთარ გამოცემებში დაბეჭდვა.

[ისმის ლოცვის ხმა]

საქართველოში მცხოვრები ასიათასობით მორწმუნე მუსლიმანს წმინდა წიგნის, ყურანის მაიდა სურის, 57-ე აიეთი ასწავლის: ნუ გაიხდით მეგობრად იმათ, ვინც თქვენი სარწმუნოება მასხარად აიგდოო. საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები არ მალავენ, რომ შეურაცხყოფილნი არიან წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებით, თუმცა მათი რისხვა მოზომილია.

[მამაკაცის ხმა] „რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ურთიერთსიძულვილს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ არ დავუშვათ ეს და ყოველმხრივ ვეცდებით, რომ იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა. გამოსავალი ერთია: იმ სახელმწიფომ თუ პრესამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში ისლამისა და მუსლიმანების წინაშე.“

საქართველოში ყველაზე მეტი მუსლიმანი ქვემო ქართლის მხარეში ცხოვრობს. ბოლნისი, დმანისი, მარნეული, გარდაბანი უპირატესად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული რაიონებია. ტოფიკ გაჯიევი, მარნეულის გამგებლის მოადგილე, ამბობს, რომ, სულიერი ტკივილის მიუხედავად, მორწმუნეების პროტესტი ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებაში არ გადაზრდილა:

[ტოფიკ გაჯიევის ხმა] „ვთვლით, რომ შეურაცხყვეს, წაბილწეს წინასწარმეტყველის სახელი და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენც უკმაყოფილონი ვართ, თუმცა ამ საკითხს რაიმე სახის გართულება არ მოჰყოლია. მორწმუნეები მეჩეთში შეიკრიბნენ და საკუთარი დამოკიდებულება, პროტესტი ცივილიზებული ფორმით გამოხატეს.“

ტოფიკ გაჯიევი კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ წინასწარმეტყველის კარიკატურები ქართულ პრესაში არ დაბეჭდილა. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელსაც ბათუმში დავურეკე, ამბობს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, მისივე სიტყვებით,“ ეს არ არის აბსოლუტური თავისუფლება“:

[სოზარ სუბარის ხმა] „გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს. ერთ-ერთი შეზღუდვა არის ის, რომ სხვისი პატივი და ღირსება არ უნდა შეურაცხყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება რელიგიურ გრძნობებს, რასაც შეიძლება რელიგიური შუღლის გაღვივება მოჰყვეს.“

თუმცა, როგორც ირკვევა, ქართველი რედაქტორები არც მდგარან ცდუნების წინაშე. გაზეთი „რეზონანსი“ 1992 წლიდან გამოდის და ბეჭდვითი სიტყვის ადგილობრივ ბაზარზე მოწინავე პოზიციას დღემდე ინარჩუნებს, ელისო ჩაფიძე კი ამ გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილეა.

[ელისო ჩაფიძის ხმა] „ევროპას აწუხებს მუსლიმანებთან თანაცხოვრების პრობლემა, მაგრამ ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ვიმყოფებით ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე და ტრადიციულად საქართველოში არსებობდა შემწყნარებლობა რელიგიებს შორის, პრობლემა ისე მწვავედ არ დგას. ჩვენთან ურთიერთობები დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა და ამის გამო ქართულ გაზეთებში არც არავის უფიქრია ამ კარიკატურების გადმობეჭდვა.“

დაბოლოს: საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანების უმეტესობა შიიტი-მუსლიმანია, რის გამოც 9 თებერვალს, მუჰამედის შვილიშვილის, ჰუსეინის, მოწამებრივი აღსასრულის დღეს, საქართველოში მდებარე მეჩეთები ვერ იტევდა მლოცველებს, რომლებიც, “შაჰსეი, ვაჰსეის” ძახილით, აგრესიას მხოლოდ საკუთარი სხეულის მიმართ გამოხატავდნენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG