Accessibility links

თბილისში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მორიგი სამუშაო ვიზიტი საქართველოში 8 თებერვალს დაიწყო და 15 თებერვლამდე გასტანს. ხელისუფლება ვარაუდობს,

რომ მას შემდეგ, რაც ფონდის მისია მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მაკროეკონომიკური პარამეტრების განხილვას დაასრულებს, მათ მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება, რომლის დადებითად შეფასების შემთხვევაში საქართველო ფონდიდან მორიგ ტრანშს მიიღებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ თავისი სამუშაო შეხვედრები, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკიდან დაიწყო. ფონდის წარმომადგენლები საქართველოში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან და მათი მიზანი ”სიღარიბის დაძლევის პროგრამის” მთავრობასთან შეთანხმებული პარამეტრების შესრულების მონიტორინგი იქნება. სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ჯონ ვეიკმან-ლინი, რომელიც საქართველოში მისიის ხელმძღვანელის რანგში პირველად ჩამოვიდა, აცხადებს, რომ, გასული წლის მაჩვენებლების გარდა, ხელისუფლებასთან 2006 წლის პარამეტრების დეტალებზეც იქნება საუბარი:

[ჯონ ვეიკმან-ლინის ხმა] „სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის ძირითადი მიზანია „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მიმდინარეობის განხილვა. მისიის წევრები შეისწავლიან და გააანალიზებენ როგორც 2005 წლის, ისე მიმდინარე წლის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ სამწლიანი პროგრამა, რომელიც, მთლიანობაში, დაახლოებით 140 მლნ აშშ დოლარის კრედიტს ითვალისწინებს, 2004 წლის 4 ივნისს დამტკიცდა. საქართველოს პროგრამის ფარგლებში სულ 3 ტრანში აქვს მიღებული. აქედან უკანასკნელი ეროვნული ბანკის ანგარიშზე 2005 წლის აგვისტოში ჩაირიცხა. გასული წლის ბოლოს გათვალისწინებული იყო კიდევ 20 მილიონი დოლარის გამოყოფა, მაგრამ საქართველოს მთავრობასა და ფონდს შორის წარმოქმნილმა დისკუსიამ პროგრამა დროებით შეაფერხა. თუმცა, საბოლოოდ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, სავალუტო ფონდის ექსპერტების მიერ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები წარმატებულად შეფასდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ, გასული წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, ფონდთან რაიმე პრობლემა ნაკლებად არის მოსალოდნელი:

[რომან გოცირიძის ხმა] ”თუ ჩვენ გადავხედავთ შარშანდელ შედეგებს, როგორც სავალუტო ფონდი, ისე ყველა ექსპერტი მონეტარულ პოლიტიკას, ისევე როგორც ფისკალურს, უაღრესად დადებითად აფასებს. ინფლაცია არის საკმაოდ დაბალი მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზეც კი – 6,2%, ფულის მასის ზრდა იყო მხოლოდ 19,8%. უკლებლივ ყველა შეთანხმება, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან იყო გაფორმებული, შესრულდა.”

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამით მაკროეკონომიკური პარამეტრების განხილვას 15 თებერვლამდე დაასრულებს. ამის შემდეგ მომზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დასამტკიცებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს წარედგინება. თუ დირექტორთა საბჭო შეთანხმებული პროგრამის მიმდინარეობას პოზიტიურ შეფასებას მისცემს, საქართველოსათვის 20 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
XS
SM
MD
LG