Accessibility links

ოპოზიცია ხელისუფლების პოლიტიკაში არაკომპეტენტურობის ნიშნებს ხედავს

  • ნინო როდონაია

ცხინვალის რეგიონში განვითარებული ბოლო მოვლენების შედეგად საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ამჟამინდელ გამწვავებას ხელისუფლების მიერ წარმოებული

არაკომპეტენტური პოლიტიკის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევს ოპოზიციური ,,სახალხო ფორუმი.”
მისი ლიდერები არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევენ საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტს შეეხება.
რა არგუმენტებით ასაბუთებს ოპოზიცია ხელისუფლების მოქმედების არაკომპეტენტურობას?

რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობისა და ამჟამად არსებული საერთაშორისო ფონის, მათ შორის, კოსოვოს მომავალ დამოუკიდებლობაზე საუბრის გათვალისწინებით, საქართველომ საკუთარი პოლიტიკა რუსეთის არმიის სამი ოფიცრის პრობლემამდე არ უნდა დაიყვანოს, - აცხადებს ,,სახალხო ფორუმი,” რომელიც ქვეყნის გარშემო ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებას ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს. ერთ-ერთ ბოლო მაგალითად აკაკი ასათიანს მოჰყავს აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ იანვრის ბოლოს დამტკიცებული რეზოლუცია, რომელშიც საუბარია მხოლოდ ორგანიზაციის მეთვალყურეთა მისიის გაგრძელებაზე, ისიც მხოლოდ ორი თვით და, ადრინდელი ანალოგიური დოკუმენტებისგან განსხვავებით, აღარც კონფლიქტის მოგვარებაზეა საუბარი და არც ამ პროცესის საფუძვლად ე.წ. ბოდენის დოკუმენტის გამოყენებაზე:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,აქ არის ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი: ხუთ წუთში იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც არასასურველია ჩვენი ქვეყნისათვის. ხმას არ იღებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ანუ ეთანხმება. დუმილი თანხმობის ნიშანია. და ჩვენი დიდი მეგობრები და მტრები ვინც არიან, - ვინ მტერია და ვინ - მოყვარე, ვეღარ გაიგებ, - აბსოლუტურად ერთსულოვნად იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, სულ ცოტა, იმას, რომ საქართველომ უნდა გაიცნობიეროს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც არსებობს მსოფლიო პოლიტიკაში: ყველას თავისი ინტერესი აქვს და ამ ინტერესის დამცველი არის თვითონ.” (სტილი დაცულია)

,,სახალხო ფორუმის” წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი განმარტავს, რომ რეზოლუციის კენჭისყრამდე უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიწვეულ საქართველოს წარმომადგენელს შეეძლო საკუთარი უარყოფითი პოზიცია მაინც გამოეხატა და ამას პროცედურა ითვალისწინებს. სხდომის ოქმში კი ამგვარი ჩანაწერი არ არსებობს:

[ირაკლი მელაშვილის ხმა] ,,საქართველოს დელეგაციამ ის პოზიცია, რომელიც შემდეგ პრესკონფერენციებზე იქნა დაფიქსირებული და იქნა ატეხილი საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი ამ რეზოლუციის გარშემო, იქ, სადაც საჭირო იყო, ეს პოზიცია არ დააფიქსირა. ასე რომ, ხვალ რომ საკითხი დაისვას, რომ საქართველო არ ეთანხმება ბოდენის დოკუმენტის ამოღებას, რასაც ჩვენი ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, დარჩება ძალიან უცნაური შთაბეჭდილება ყველას.” (სტილი დაცულია)

,,სახალხო ფორუმისთვის” გაუგებარია ისიც, თუ რატომ არის ხელისუფლება სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ კოსოვოს შესაძლო დამოუკიდებლობის სცენარი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე არ გავრცელდება.
ოპოზიცია ხელისუფლების არაკომპეტენტურობას ხედავს სამშვიდობო ძალების გასვლასთან დაკავშირებითაც. აკაკი ასათიანისთვის გაურკვეველია, თუ რას აპირებს საქართველო რუსეთისგან მოსალოდნელი სერიოზული დესტრუქციის საპასუხოდ:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,ამ ვითარებაში, სულ ცოტა, თანმიმდევრული მაინც ხომ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. პატარა ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც თვლის, რომ ეს მტრულად განწყობილი ქვეყანაა. ან არ უნდა დაიწყოს სამშვიდობოების გაყვანაზე ლაპარაკი, ან უნდა დაიწყოს და მიიყვანოს ბოლომდე. ეს არ არის პოლიტიკა: აი, შევუღრენ, მერე უკან დავიხევ, შევუღრენ - უკან დავიხევ. ეს ცუდად მთავრდებოდა ყველგან, ყოველთვის.” (სტილი დაცულია)

რუსეთთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში საქართველო, შესაძლოა, მარტო აღმოჩნდეს, - ,,სახალხო ფორუმი” დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყნის ხელისუფლებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე ნათქვამი აქვს. თავად ფორუმი არათანმიმდევრული პოლიტიკის შეცვლის მთავარ საშუალებად საზოგადოების მიერ ერთიანი პოზიციის შემუშავებას მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG