Accessibility links

logo-print

არის თუ არა საქართველოს მთავრობა მზად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოსალოდნელი სერიოზული პროვოკაციების აღსაკვეთად


ახლოვდება დრო, როცა საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებით საბოლოო

გადაწყვეტილებაზე უნდა შეთანხმდნენ და კონფლიქტის ზონაში ვითარებაც იძაბება. საქართველოს ხელისუფლებამ გააპროტესტა რუსეთის სამშვიდობო ძალების მძიმე ტექნიკის შეყვანა კონფლიქტური რეგიონის ქართულ სოფლებში, რაც სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის სამი რუსი ოფიცრის დაკავებას მოჰყვა. კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა თვითნებური გადაადგილება ახალი საბაბი ხდება სამშვიდობო ოპერაციის თემაზე რუსეთ - საქართველოს დაპირისპირებისა. ხელისუფლებაშიც და მის გარეთაც პროვოკაციებს ელიან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. არის თუ არა საქართველოს მთავრობა მზად ამ პროვოკაციების აღსაკვეთად?

თუ რა საფრთხეებს ელის საქართველოს მთავრობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში და რა კეთდება მოსალოდნელი სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად, ამაზე მსჯელობა ამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ბიუროს გაფართოებული სხდომის დახურულ ნაწილში წარიმართა. იქ კი, როგორც ცნობილია, დეპუტატებმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციაზე მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმინეს. რა ითქვა მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე? ასეთი შეკითხვით პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს მივმართეთ.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”ეხლანდელ საფრთხეებს რაც შეეხება, მოსალოდნელია სამხედრო პროვოკაციები და დაგომისის ხელშეკრულებაზე გამოდევნება, რომ ეს არის 2 პრეზიდენტის გადაწყვეტილება და საჭიროა ორი პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვერთო საქმეში იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო და კომიტეტის სხდომაზე გვემსჯელა, ხომ არ შექმნის იურიდიულ ჩიხს ეს ხელშეკრულება.”(სტილი დაცულია)


შექმნის თუ არა იურიდიულ ჩიხს დაგომისის ხელშეკრულება, ამაზე პარლამენტში მსჯელობა გაგრძელდება. მართალია, დაახლოებით 1 წლის წინ საქართველოს ხელისუფლება არ გამორიცხავდა აღნიშნული ხელშეკრულების დენონსაციას, მაგრამ, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, დენონსაცია იმ შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი, თუკი ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნებოდა პარლამენტის მიერ. გამოსავლისთვის სხვა არგუმენტი სახელდება:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”სოჭის ხელშეკრულება არის ორმხრივი შეთანხმება და არ არსებობს ორმხრივი შეთანხმება, რომლიდან გამოსვლის უფლება არ ჰქონდეს ერთ-ერთ მხარეს.”

ასეთი განმარტება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თბილისში ოთხშაბათს გააკეთა. ნინო ბურჯანაძის მოსაზრებას იზიარებს მიხეილ მაჭავარიანიც, თუმცა აღნიშნავს, რომ დაგომისის ხელშეკრულებაში თავის დროზე არ იქნა მითითებული, რომ ხელშეკრულებიდან გამოსვლა საერთაშორისო ნორმების სტანდარტებით შეიძლება. ამიტომ, მაჭავარიანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის კარგად გასაგები უნდა გახადოს შესაძლო გადაწყვეტილების იურიდიული საფუძველი.


რაც შეეხება სხვა საფრთხეს, სამხედრო საფრთხეს, არსებულ ვითარებაში ექსპერტები შიშობენ საქართველოს ხელისუფლება არ წამოეგოს რაიმე პროვოკაციას. პაატა ზაქარეიშვილი ამის ალბათობას ხედავს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”საკმარისია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს, ამაზე პოლიტიკას ვაკეთებთ. კარგად შეისწავლა ეს რუსეთმა და, შესაძლოა, წამოგვაგოს პროვოკაციაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ გამორიცხულია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან სამხედრო პროვოკაციაზე წამოგება და ამის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდა. ”

ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და მაინც, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის შემთხვევაში ის სრულიად დასაშვებად მიიჩნევს ქართველებისა და ოსების ერთმანეთის პირისპირ დატოვებას, გამშველებლის გარეშე, ოღონდ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს ყველა, რომ არ დაუშვებს შეიარაღებულ დაპირისპირებას. არის თუ არა მზად ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის ან მშვიდობის შენარჩუნების რა მექანიზმებია შემუშავებული რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის შემთხვევაში? - ამ შეკითხვაზე მიხეილ მაჭავარიანი ზოგად პასუხს იძლევა და ამბობს, რომ მთავრობას გარკვეული ვარიანტები შემუშავებული აქვს.
XS
SM
MD
LG