Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარიკატურების გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება


ვნებათაღელვა, დასავლურ პრესაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებას რომ მოჰყვა, არ ცხრება.

მუსულმანებმა, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ წინასწარმეტყველის გაშარჟების გამო, პარასკევს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს პაკისტანში, ბანგლადეშში, მალაიზიაში.

[დემონსტრაციის ხმაური] ეს ხმაური მალაიზიის ქალაქ კუალა ლუმპურშია ჩაწერილი. ის შესაძლოა, მშვიდობიანი აქციის შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს, მაგრამ პროტესტის მონაწილე, ჰადი ავანგის გამონათქვამით თუ ვიმსჯელებეთ, დემონსტრანტები პოზიციის არაძალადობრივი ფორმით გამოსათქმელად შეიკრიბნენ. [დემონსტრანტის ხმა] “დღეს შევძელით დამტკიცება, რომ შეგვიძლია გამოვთქვათ პროტესტი ისე, რომ არ შეილახოს უცხოური მისიების უსაფრთხოება. ისლამი ჩვენგან მოითხოვს უცხოელთა წარმოამდგენლობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფას”.

კუალა-ლუმპურშივე მოეწყო ისლამის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელზეც მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა აბდულა ჰადაუიმ დაგმო “ფანატიზმი და ისტერია”.

კარიკატურებით გამოწვეული დაძაბულობის განხმუხტვას დასავლეთშიც ცდილობენ. დანიის გაზეთმა “ილანდს პოსტენმა”, რომლის პუბლიკაციითაც დაიწყო მთელი სკანდალი, პარასკევის ნომერში აუწყა მკითხველებს, რომ “მწვავე რეაქციის გამო, რომელიც მუჰამედის კარიკატურებს მოჰყვა, “ილანდს პოსტენი” არ მოიმოქმედებს არაფერს, რაც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იქნებოდა”. ეს გახლავთ ციტატა სტატიიდან, რომელსაც ხელს აწერს დანიური გამოცემის მთავარი რედაქტორი, კარსტენ იუსტე. მანვე დროებით დაითხოვა “ილანდს პოსტენის” კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ფლემინგ როუზი - კარიკატურების დაბეჭდვაზე პასუხისმგებელი პირი.

ამასობაში კი გრძელდება არა მარტო მუსლიმანების საპროტესტო გამოსვლები, რომელთაც ადამიანის მსხვერპლიც მოჰყვა, არამედ მწვავე დისკუსია დასავლეთში იმის შესახებ, თუ რა ურთიერთმიმართებაშია ერთი მხრივ პრესის, მეორე მხრივ - აღმსარებლობის თავისუფლება. წაგიკიხთავთ ციტატებს ევროპის რამდენიმე წამყვანი გამოცემიდან.

პარიზის კონსერვატიული გაზეთი “ფიგარო” წერს:
“მუსლიმანური სამყარო თავად გვაჩვენებს საკუთარი თავის კარიკატურას. ლონდონში დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით “ევროპა, შენი 11 სექტემბერიც დადგება”, “გაჟლიტეთ ყველა, ვინც ისლამს შეურაცხყოფს”. ვინ უგდებს ყურს ზომიერი მულისმანების აღშფოთებას? ევროპული ისლამი, რომელიც სრულიად სამართლიანად არის ნაწყენი წინასწარმეტყველისადმი უპიტივისცემლობის გამოვლენის გამო, მართალია ქუჩაში, უმეტესწილად, არ გამოსულა, მაგრამ არც ის უცდია, გამიჯვნოდა ანტიდასავლურ და ჯიჰადისაკენ მოწოდებებს (...) ისლამს, დემოკრატიასთან 30-წლიანი კონტაქტის მიუხედავად, პრაქტიკულად, არ შეუცვლია აზროვნების ან მოქმედების წესები”, წერს პარიზში გამომავალი “ფიგარო”.

სხვა, შეიძლება ითქვას, საწინააღდმეგო შეფასებას იძლევა ლონდონის “გარდიანი” - მემარცხენე ორიენტაციის გაზეთი. მასში ვკითხულობთ: “ ის, ვინც პრესის თავისუფლებაზე მიუთითებს წინასწარმეტყველის შეურაცხმყოფელი გამოსახულების დაბეჭდვის გამართლებისას, ამით პრაქტიკულად ამბობს, რომ ის, რასაც თვითონ მიიჩნევს ძვირფასად და წმინდად, უფრო ღირებულია, ვიდრე ის, რასაც მუსლიმანები მიიჩნევენ ძვირფასად და წმინდად. კარიკატურები სიძულვილის, რასიზმისა და ისლამოფობიისაკენ წაქეზებას უფრო ემსახურება, ვიდრე სიტყვის თავისუფლებას”.

დაბოლოს, კიდევ ერთი ციტატა: რომში გამომავალ ყოველდღიურ “რეპუბლიკაში” გამოთქმულია მოსაზრება, რომ კარიკატურები მხოლოდ საბაბი იყო მუსლიმანების საპროტესტო გამოსვლებისათვის: “კარიკატურები, რომლებმაც ისლამური სამყაროს რისხვა გამოიწვია, რომც არ დაბეჭდილიყო, მაინც შესაძლებელია, რომ სხვა საბაბს (წიგნს, ფილმს, საგაზეთო სტატიას) გამოიყენებდნენ მსგავსი დემონსტრაციების მოსაწყობად. შესაძლოა, ეს ტყუილის მეშვეობითაც მომხდარიყო როგორც ნაწილობრივ მოხდა კიდეც ზოგ ისლამურ დედაქალაქში, სადაც დასავლეთში გამოქვეყნებული კარიკატურების გარდა ნაჩვენებია ყალბი ნახატები, რომლებიც უკიდურეს მკრეხელობად უნდა ჩაითვალოს და რომლებიც სინამდვილეში არც ერთ დასავლურ გაზეთს არ დაუბეჭდავს”, წერს რომის გაზეთი “რეპუბლიკა”. მისი და არა მარტო მისი ინფორმაციით, წინასწარმეტყველის კარიკატურებით ისლამურ ქვეყნებში ისედაც გაღიზიანებულ ადამიანებს, ზოგ შემთხვევაში, ყალბი კარიკატურებიც აჩვენეს.
XS
SM
MD
LG