Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში რუსეთის საელჩოსთან “რე-აქცია” გაიმართა


ალბათ, გახსოვთ თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, ქართული ინტერნეტსაზოგადოების მიერ გამართული რამდენიმე ორიგინალური საპროტესტო აქცია,

სახელწოდებით ”რე-აქცია”. მაშინ, რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით, ქართული ინტერნეტდისკუსიის ”ფორუმ-ჯი-ის” (forum.ge) აქტიურმა მონაწილეებმა მუსიკით გააყრუეს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია და თავად საელჩოს შენობა კომპიუტერში შექმნილი ლოზუნგებისა თუ ანიმაციების საპროექციოდ გამოიყენეს. ”რე-აქციის” მონაწილენი რუსეთის საელჩოს წინ 10 თებერვალსაც შეიკრიბნენ. რატომ?

[ისმის ხმაური]

ქართული ინტერნეტსაზოგადოების ერთი ჯგუფის რუსეთის საელჩოს წინ შეკრების მიზეზი ისევ რუსეთის ჯარების, ამჯერად კი სამშვიდობოების, საქართველოს ცხინვალის რეგიონიდან გაყვანის სურვილია. რე-აქციის მონაწილეებმა საელჩოს მოპირდაპირე მხარეს საქართველოს დროშებთან ერთად ათასგვარი ლოზუნგი და კარიკატურა გამოფინეს - მაგალითად, პუტინი ბაღაფშისა და კოკოითის დედის როლში, ლოზუნგი “სამშვიდობოებო, შინ!” - ”მიროტ-ვორ-ცი, დამოი!” , სადაც ”ვორ” - ომი ინგლისური ასოებითაა დაწერილი.

[ზარაზას ხმა] ”აქ სამშვიდობოები არიან კასკით, რომლებმაც გადაკეტეს ტროტუარი და არ უშვებდნენ ხალხს ერთმანეთთან. საბოლოო ჯამში, იქ შეხლა-შემოხლა მოხდა და ეს სამშვიდობოები იქედან გაყარეს. ეს ალყა გაირღვა, ხალხმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა, არ უჩხუბიათ, რასაც რუსები გვიწინასწარმეტყველებენ.” (სტილი დაცულია)

ეს არის ”რე-აქციის” ორგანიზატორი ზაზა მაჭარაშვილი, მეტსახელად ”ზარაზა”. იგი იმ თეატრალიზებულ წარმოდგენაზე საუბრობს, რომელიც რეაქციონერებმა მოაწყვეს. თავად ცისფერჩაფხუტიანების როლის შემსრულებლებს მვუსმინოთ:

[ცისფერჩაფხუტიანების ხმა] ”...ისინი ქართველ ხალხს ებრძვიან რეალურად, ჩვენ გათამაშებული სცენები გვქონდა.”

”ეს ქუდები გვიკეთია, რათა რუსებს ვაჩვენოთ, რასაც მათი ცისფერჩაფხუტიანები აკეთებენ კონფლიქტის ზონებში.”

ასეთი სცენის გათამაშებით თუ რისი თქმა უნდოდათ რეაქციონერებს, ზაზა მაჭარაშვილს ვკითხე. მან მითხრა, რომ ზუსტად იმის თქმას შეეცადნენ, რაც ცხოვრებაში ხდება:

[ზარაზას ხმა] ”სამშვიდობო ძალები რუსეთის დიად გამარჯვებას აფიქსირებენ, ჩვენი ტერიტორიის ანექსიას აკეთებენ და პირდაპირ საუბარს გვიშლიან ოსებთან და აფხაზებთან, იმიტომ რომ იციან, თუ ეს პირდაპირი კონტაქტი დამყარდება, რუსი ცისფერჩაფხუტიანები და მათი ჟანგიანი ტანკები აქ არავის დასჭირდება.”(სტილი დაცულია)

რე-აქციის მონაწილეებმა თავიანთი მოთხოვნები რუსეთის საელჩოს გადასცეს. მათ პროტესტს - ამ ორი წლის მაძილზე, რაც მსგავსი აქციები იმართება, პირველად - სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

10 თებერვლის რე-აქცია, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ხანმოკლე აღმოჩნდა. აქციის ორგანიზატორებმა ცუდი კლიმატური პირობები მოიმიზეზეს და პირობა დადეს, რომ გაზაფხულზე, როდესაც დღის წესრიგში აფხაზეთიდან რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანის საკითხი დადგება, რუსეთის საელჩოს წინ ისევ შეიკრიბებიან და რუსი ცისფერჩაფხუტიანების ნამოქმედარის ამსახველი კადრებით ღამღამობით კვლავ დაასხივებენ საელჩოს შენობის ფასადს.
XS
SM
MD
LG