Accessibility links

''მეამბოხე მოსამართლეები” სადისციპლინო კოლეგიის წევრთა კვალიფიკაციის კვლევას განაგრძობენ

  • ნინო როდონაია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებიც სადისციპლინო კოლეგიამ საქმეთა განხილვას გასული წლის ბოლოს ჩამოაშორა,

კანონის დარღვევაში კოლეგიის კიდევ ერთ წევრს, ამჯერად თავმჯდომარეს, ადანაშაულებენ. საუბარია დარღვევაზე სადისციპლინო სამართალწარმოების კანონის იმ მუხლისა, რომლის თანახმად, კოლეგიის წევრს იურისტის პროფესიით მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეს. დასჯილი მოსამართლეები აცხადებენ, რომ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე კახა ყიფიანი კანონის ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის კახა ყიფიანის იურიდიული განათლებისა და პროფესიული გამოცდილების გარკვევა მის მიერვე წლის ბოლოს დასჯილმა მოსამართლეებმა 9 დღის წინ დაიწყეს და შესაბამისი საჯარო ინფორმაცია, როგორც თავად აცხადებენ, იუსტიციის საბჭოსგან არცთუ უპრობლემოდ მიიღეს. ამ ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ სადისციპლინო კოლეგიის ამჟამინდელი თავმჯდომარე კახა ყიფიანი ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა, დიპლომი, იურისტ-ეკონომისტის კვალიფიკაციით, 2001 წლის დეკემბერში მიიღო, 2004 წლის აგვისტოში კი კოლეგიის ხელმძღვანელად დაინიშნა. დასჯილი მოსამართლეები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში კანონი კიდევ ერთხელ დაირღვა, რადგან სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს იურისტად მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება არა აქვს:

[მერაბ ტურავას ხმა] "ჩვენთვის ყოვლად წარმოუდგენელია ის, რომ სახელმწიფოში ხელისუფლებამ ვერ მოძებნა ადამიანი, რომელსაც ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის უნივერსიტეტის დამთავრებასთან ერთად 5 წლით იურისტად მუშაობის სტაჟი მაინც ექნებოდა." (სტილი დაცულია)

მოსამართლე მერაბ ტურავა განმარტავს, რომ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს ორი ხმის უფლება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ, კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, საბოლოო ვერდიქტი სწორედ თავმჯდომარეს გამოაქვს. იმას, რომ სადისციპლინო კოლეგიის ხელმძღვანელი კანონის მოთხოვნას თავად ვერ აკმაყოფილებს, მოსამართლეთა ადვოკატი ეკა ბესელია ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში განგაშის საფუძვლად მიიჩნევს:

[ეკა ბესელიას ხმა] "როდესაც მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნის საკითხი უნდა გადაწყვიტო, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი, და ამას იხილავს ადამიანი, რომელიც კანონსაწინააღმდეგოდ არის დანიშნული ამ შემადგენლობაში და არის საბჭოს ხელმძღვანელი, ეს არის ისეთი ფაქტი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში იქნებოდა განგაშის საფუძველი." (სტილი დაცულია)

კახა ყიფიანი სადისციპლინო კოლეგიის რიგით მეორე წევრია, რომელსაც ამ ორგანოს მიერ დასჯილი მოსამართლეები კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. იურისტად მუშაობის არასაკმარისი სტაჟი მოსამართლეებმა დეპუტატ ნინო კალანდაძის ბიოგრაფიაშიც აღმოაჩინეს, თუმცა მისი საწინააღმდეგო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო. უახლოეს ხანში ამავე ინსტანციას ნინო კალანდაძისადმი კიდევ ერთი პრეტენზიის განხილვა მოუწევს. დასჯილი მოსამართლეები ირწმუნებიან, რომ დეპუტატის დიპლომი, რომელიც, კახა ყიფიანის დიპლომისგან განსხვავებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაა, კანონის დარღვევითაა გაცემული. ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლო სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის არასაკმარის სტაჟთან დაკავშირებულ საჩივარს მიიღებს. თუ კახა ყიფიანთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ნინო კალანდაძის საქმის მსგავსი იქნება, ეს განაჩენიც აპელაციის წესით გასაჩივრდება. ადვოკატ ეკა ბესელიას ყველა ეს პროცედურა აუცილებლად მიაჩნია სტრასბურგის სასამართლოში საჩივლელად:

[ეკა ბესელიას ხმა] ,,მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ეხლა ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ამაზე არ რეაგირებენ და ცდილობენ რაღაცა სხვადასხვა მანიპულაციებით მიჩქმალონ ეს ფაქტი. მაგრამ ჩვენთვის ეს არის ისეთი არგუმენტი, რომელიც ყველა შემთხვევაში გახდება ევროპის სასამართლოში ძალიან სერიოზული განსჯის საგანი. ეს მოსამართლეები ამ ბრძოლას ყველა შემთხვევაში მოიგებენ, მაგრამ ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი სირცხვილი.” (სტილი დაცულია)

ადვოკატები სადისციპლინო კოლეგიის ამჟამინდელი თავმჯდომარის მონაწილეობით დასჯილ სხვა მოსამართლეებსაც მოუწოდებენ, ანალოგიური საფუძვლითა და წესით გაასაჩივრონ მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, რადგან, კოლეგიის ხელმძღვანელთან დაკავშირებული დარღვევის გამო, ეს განაჩენები უკანონოა და ხელახალ განხილვას ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG