Accessibility links

logo-print

მიეწოდება თუ არა თბილისს ხარისხიანი სასმელი წყალი?


თბილისში სასმელი წყლის ხარისხზე კონტროლს 2006 წლამდე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია ახორციელებდა,

თუმცა ვითარება „საქართველოს სანიტარულ კოდექსში" ცვლილებების შეტანისა და "სურსათის უვნებლობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ შეიცვალა. კანონის თანახმად, წყლის ვარგისიანობაზე, ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, მერიის ზედამხედველობის სამსახური და სოფლის მეურნეობის სამინისტროც აგებს პასუხს, თუმცა გარდამავალ ეტაპზე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დედაქალაქში სასმელი წყლის კონტროლი შესუსტდა. მართლაც ასეა თუ არა ეს და რამდენად ვარგისიანია წყალი, რომელსაც თბილისელები მოიხმარენ?

საქართველოს დედაქალაქის უზრუნველსაყოფად მუნიციპალური საწარმო „თბილწყალკანალი“ სასმელი წყლის საჭირო მარაგის 70 პროცენტს არაგვის ხეობის არტეზიული და ზედაპირული საბადოებიდან იღებს, დანარჩენ 30 პროცენტს კი მდინარე ივრის აუზიდან ივსებს.

[ისმის წყლის ხმაური]

ჯამში, თბილისელები ყოველწამიერად 21 ტონა სასმელ წყალს მოიხმარენ. თუმცა ერთია მოცულობა და მეორე კი - წყლის ხარისხი და მიწოდების რეჟიმი, რომელიც თბილისელთა ერთ ნაწილს არ აკმაყოფილებს.

[ქალბატონის ხმა] „12 საათიდან 5 საათამდე წყალი გამორთულია, არ მოდის.“

[მამაკაცის ხმა] „მე ვცხოვრობ ფიქრის გორაზე. წყლით კმაყოფილები ვართ.“

[ქალბატონის ხმა] „მომარაგებით უკმაყოფილო არ ვართ, მაგრამ წყლის ხარისხი ხშირად არადამაკმაყოფილებელია. მოჰყვება სილა და რაღაც სპეციფიკური სუნი.“

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცანავა ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს უკმაყოფილების ობიექტური მიზეზი აქვთ. მისი თქმით, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების რეფორმირებისა და რეორგანიზაციის შედეგად, სასმელი წყლის ხარისხზე კონტროლი შესუსტდა:

[გიორგი ცანავას ხმა] „აღმოჩნდა ისე, რომ ეს ლაბორატორიები და კონტროლი გადაეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ასე ითქვა ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც წყლის კონტროლის საკითხს განიხილავდა, მაგრამ როცა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გვქონდა შეხვედრა, გაირკვა, რომ მინისტრი საქმის კურსში იყო, მაგრამ ფუნქციები რეალურად არ გადანაწილებულა და რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხოლოდ იმ წყლის ხარისხზე აგებს პასუხს, რომელსაც საკვებ პროდუქტში გამოიყენებენ.“

გამოდის, რომ სასმელი წყლის სისუფთავეზე ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება უნდა ზრუნავდეს. იმას, თუ რომელი უწყება და რა შემთხვევაშია პასუხისმგებელი წყლის ხარისხზე, განსაზღრავს „სურსათის უვნებლობის შესახებ კანონი“, რომლის ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი ზურაბ ცქიტიშვილი განმარტავს:

[ზურაბ ცქიტიშვილის ხმა] „ამ კანონის მიხედვით ჩამოყალიბებული მაკონტროლებელი ორგანო შეამოწმებს იმ წყალს, რომელსაც საწარმოები გამოიყენებენ სურსათის დამზადებისას, ან რომელიც წყლად უნდა დაფასოვდეს, - მინერალური იქნება ეს თუ სხვა სახის წყალი, - ხოლო ის წყალი, რომელიც მოდის ონკანებში, რა თქმა უნდა, დარჩება ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ, თუ სხვა რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ მიიღო მთავრობამ.“

და, მართლაც, მთავრობამ უკვე მიიღო განსაკუთრებული გადაწყვეტილება, როცა სანიტარული ინსპექცია მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაუქვემდებარა, თუმცა, როგორც ამ სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ედილაშვილი ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისში სასმელ წყალს აღარ ამოწმებენ:

[ლევან ედილაშვილის ხმა] „სათავე ნაგებობიდანაც ვიღებთ წყალს და აგრეთვე ვიღებთ ქალაქის სხვადასხვა რაიონებში. აღებული წყალი მოწმდება როგორც ბიოქიმიურად, ასევე ბაქტერიოლოგიურად.“

თუმცა ირკვევა, რომ, ზედემხედველობის სამსახურის გარდა, სასმელ წყალს, ვიდრე თბილისელებს მიაწვდიან, ბაქტეოროლოგიული კვლევა „თბილწყალკანალის“ ლაბორატორიაშიც უტარდება. ექსპერტი გოჩა ჯელია განმარტავს:

[გოჩა ჯელიას ხმა] „იღებენ სინჯებს ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან. მოწმდება როგორც ნედლი, ასევე გაფილტრული, დამუშავებული წყლის ხარისხი, რომელიც მოდის ონკანებიდან, ხოლო ეს წერტილები სისტემატურად იცვლება.“

გოჩა ჯელიას თქმით, სასმელი წყალი, როგორც წესი, ქსელში მომხდარი ლოკალური ავარიების დროს ბინძურდება. ამის გამო კი გასაკვირი არ არის, რომ შედარებით შეძლებული მოქალაქეები ონკანიდან მოჩხრიალე ქლორიან სითხეს სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში დაფასოებულსა და გაცილებით ძვირად ღირებულ მინერალურ თუ წყაროს წყალს ამჯობინებენ.
XS
SM
MD
LG