Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული სახელები ქართულ საბრძოლო მემორიალზე


13 წლის წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის

ბრძოლაში აფხაზეთში ქართველი მებრძოლების მხარდამხარ უკრაინელი, ინგუში, რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოხალისეებიც იბრძოდნენ. საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტმა არქივიდან ამოიღო ამ მებრძოლების გვარები და აღმოაჩინა, რომ მათ შორის რამდენიმე მებრძოლი სახელმწიფოს ჯილდოებითაც ყოფილა დაჯილდოებული. ერთ-ერთ მათგანს, უკრაინელ ოლეგ ბაბროვიჩს, ქართველმა თანამებრძოლებმა თბილისში შეხვედრა მოუწყვეს და სპეციალური საპატიო დიპლომი დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადასცეს. ვახტანგ გორგასლის ორდენის მფლობელი უკრაინელი მებრძოლი ახლაც მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ქართველების მხარდამხარ იბრძოლოს. ყოველკვირეულ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” დღეს მინდა ქართულ-უკრაინულ საბრძოლო მეგობრობაზე გესაუბროთ.

50 წელს მიტანებული ოლეგ ბაბროვიჩი უკრაინული გასამხედროებული ორგანიზაციის, “უნა-უნსოს”, სტაჟიანი წევრია. 1993 წელს იგი სათავეში ედგა უკრაინელი მოხალისეებისაგან შემდგარ სამთო-მსროლელ ბატალიონს და მონაწილეობას ღებულობდა შრომის, გალის, ოჩამჩირისა და კოდორის ოპერაციებში. ოლეგ ბაბროვიჩს, რომელიც ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა, საშინლად აღიზიანებს შეკითხვა, თუ რატომ იბრძოდნენ უკრაინელები საქართველოში და იღებდნენ თუ არა ამისათვის გასამრჯელოს:
[ოლეგ ბაბროვიჩის ხმა] “ბიჭები თავისუფლდებოდნენ სამსახურებიდან ან მივლინებას აფორმებდნენ საკუთარ ხარჯზე, რადგან მათ ესმოდათ: თუ დღეს მოსკოვის დარტყმის ქვეშ საქართველო მოექცეოდა, მაშინ ხვალ უკრაინის ჯერიც დადგებოდა. ასე რომ, დიდი ანგარიშით, ჩვენ საქართველოსთვის კი არა, არამედ ჩვენი სამშობლოსათვის - უკრაინისათვის - ვიბრძოდით.”

1992-93 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, 300-მდე უკრაინელი მოხალისე იბრძოდა. ისინი, ძირითადად, იმ სამთო ბატალიონში იყვნენ თავმოყრილნი, რომელსაც მაიორი ოლეგ ბაბროვიჩი მეთაურობდა. ქვედანაყოფი ბრძოლებში 1993 წლის ივლისში ჩაება და სოხუმის განაპირა სოფლის, შრომის, აღების დროს პირველი დანაკარგიც განიცადა. უკრაინელი მებრძოლები ორი დღის განმავლობაში ელოდნენ დახმარებას, რათა შეენარჩუნებინათ დაკავებული პოზიციები, მაგრამ უკანდახევის ბრძანება მიიღეს, რის გამოც ოლეგ ბაბროვიჩი ახლაც გაოცებულია:

[ოლეგ ბაბროვიჩის ხმა] “საბრძოლო მონაწილეობას ვღებულობდი სოხუმის დაცვის ბრძოლებში. ჩემმა ქვედანაყოფმა შტურმით აიღო სოფელი შრომა. ბრძოლებში სამი მებრძოლი დაგვეღუპა, 28 დაგვეჭრა. პლაცდარმი სამი დღე გვეკავა. მაგრამ შემდეგ, ჩვენთვის გაუგებარი გარემოების გამო, დახმარება ვეღარ მივიღეთ წარმატების გასაღრმავებლად, თუმცა ეს იყო სტრატეგიული უბანი და, როგორც ოფიცერი, ვფიქრობდი, რომ შრომიდან შეგვეძლო გავსულიყავით ახალ ათონზე და გზა მოგვეჭრა გუმისთვის დაჯგუფებისათვის. ეს ხდებოდა 17 ივლისს. და 19 ივლისს უკან გამოვედით.”

ყველაზე დიდი სიურპრიზი ოლეგ ბაბროვიჩს მშობლიურ კიევში ელოდა. საქართველოდან უკან დაბრუნებული უკრაინელი მოხალისეები უკრაინის იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ბანდფორმირების წევრებად ჩათვალა და ციხეში ჩაყარა. საპატიმროში აღმოჩნდა ოლეგ ბაბროვიჩი, რომელმაც ციხეს საქართველოს ხელისუფლების შუამდგომლობით და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის წყალობით დააღწია თავი. ომში გადარჩენას კი ოლეგ ბაბროვიჩი, რომელსაც მე თბილისში, ხსოვნის მემორიალთან, შევხვდი, იმ ორ ქართველ ჯარისკაცს უმადლის, რომლებმაც დაჭრილი მებრძოლი ცეცხლის ალიდან გამოიყვანეს:

[ოლეგ ბაბროვიჩის ხმა] “მე ტყვიამ ხელი გადამიმსხვრია. ნამსხვრევით კი მარჯვენა თეძოში დავიჭერი. დაჭრილი ტყიანი მთით ორმა ქართველმა გამომიყვანა. ჩვენს ქვემოთ რუსები იდგნენ - მე მგონი, ირკუტსკის დივიზიიდან. ისინი გვხედავდნენ ხეებს შორის და ყუმბარსატყორცნიდან განუწყვეტლივ ცეცხლს გვიშენდნენ. ამ ბიჭებს შეეძლოთ ჩემი მიტოვება, საკუთარი თავი რომ გადაერჩინათ, მაგრამ მათ შიშველი ხელით მატარეს. ცოცხალი რომ ვარ, იმ ორი ქართველი ბიჭის დამსახურებაა.”

იმ ორი ქართველი ბიჭის კვალს ოლეგ ბაბროვიჩმა თბილისში ვერ მიაგნო. მაგრამ ვახტანგ გორგასლის ორდენის უკრაინელ კავალერს საქართველოში ჰყავს ბევრი თანამებრძოლი, ვისთან ერთადაც ის, როგორც თავად ამბობს, საქართველოს და უკრაინას იცავდა. ერთ-ერთი მათგანია გადამდგარი პოლკოვნიკი ვახტან კილაურიძე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე საზღვაო ქვეითთა ბატალიონს ხელმძღვანელობდა და უშუალოდ უწევდა უკრაინელ მებრძოლებთან მხარდამხარ მოქმედება.

[ვახტანგ კილაურიძის ხმა]

10 წლის წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული უკრაინელი მოხალისეების ცხედრები, ქართველების დახმარებით, მშობლიურ უკრაინაში გადაასვენეს. მათი სახელები კი სამუდამოდ დარჩა თბილისში, გმირთა მოედანზე, აღმართულ ხსოვნის კედელზე და თანამებრძოლთა გულებში. 18 ივნისს უკრაინაში ქართველი ვეტერანები ჩავლენ, რათა კიდევ ერთხელ გაიხსენონ და მიაგონ პატივი უკრაინელ მოხალისეებს, რომლებიც 13 წლის წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG