Accessibility links

logo-print

რამ გამოიწვია განხეთქილება აზერბაიჯანის ოპოზიციაში?


გასულ კვირაში აზერბაიჯანის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ოპოზიციურმა პარტიამ, "მუსავათმა", გამოაცხადა,

რომ წარმოშობილი უთანხმოებების გამო ტოვებს ოპოზიციურ ალიანსს სახელწოდებით "აზადლიყი". ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, 6 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ "მუსავათის" ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი გრძელვადიანი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია.

იმ მიზეზებს შორის, რომლებიც "მუსავათმა" 9 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩამოთვალა, არის უთანხმოებები, რომლებიც - პარტიის ლიდერთა თქმით - ჯერ კიდევ სამი თვის წინათ წარმოიშვა "მუსავათსა" და მის პარტნიორებს - დემოკრატიულ პარტიასა და სახალხო ფრონტს შორის. კერძოდ, "მუსავათს" მოჰყავს 26 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებული დავა, როცა სახალხო ფრონტის ლიდერმა ალი ქერიმლიმ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ დაშლილიყვნენ, ვიდრე ხელისუფლება არჩევნების შედეგებს არ გააუქმებდა. მაშინ "მუსავათის" თავმჯდომარემ ისა გამბარმა, პირიქით, სცადა, დაერწმუნებინა აქციის მონაწილეები, დაშლილიყვნენ. როგორც გამბარმა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს ჟან-კრისტოფ პეკს უთხრა სატელეფონო ინტერვიუში, იგი შიშობდა, რომ სამართალდამცველები უმოწყალოდ გაუსწორდებოდნენ ოპოზიციის მხარდამჭერებს.

[ისა გამბარის ხმა] "მივიჩნიეთ, რომ საზოგადოება და ოპოზიციური ძალები ჯერჯერობით მზად არ არიან ასეთი აქციისთვის, რადგან წინასწარვე ვივარაუდეთ, რომ ხელისუფლება უმოწყალოდ გაუსწორდებოდა მჯდომარე აქციის მონაწილეებს, შემდეგ კი საერთოდ აკრძალავდა აზერბაიჯანში მასობრივი აქციების მოწყობას. შესაბამისად, მომავალში კიდევ უფრო შეიკვეცება ბრძოლის წარმართვის შესაძლებლობა. მაგრამ ჩვენი თანამოაზრეები სხვა პოზიციაზე დგანან. მათ ეგონათ, რომ ეს წარმატებული აქცია იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ვარაუდი გამართლდა: 26 ნოემბრის შემდეგ აზერბაიჯანში შეუძლებელი შეიქნა რაიმე მასობრივი აქციების გამართვა, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ გალაშქრება და ასე შემდეგ."

უთანხმოება პროტესტის გამოხატვის ფორმების საკითხში, ოპოზიციურ ალიანსში გაჩენილი პირველი ბზარი იყო. მალე მას სხვებიც მოჰყვა. 1 დეკემბერს საკონსტიტუციო სასასართლომ ბათილად სცნო არჩევნების შედეგები ათ საარჩევნო ოლქში 125-დან, მაგრამ ოპოზიციურმა კოალიციამ გადაწყვიტა, არა მარტო აღარ მიეღო მონაწილეობა ამ ოლქებში დანიშნულ ხელახალ არჩევნებში, არამედ ბოიკოტი გამოეცხადებინა ახალი პარლამენტისთვის და უარი ეთქვა მასში მოპოვებულ 9 მანდატზე.

მაგრამ 5 თებერვალს "მუსავათის" პარტიის ყრილობა გაემიჯნა ამ გადაწყვეტილებას და გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 13 მაისისთვის დანიშნულ ხელახალ კენჭისყრაში. და კიდევ ერთი: ისა გამბარის თქმით, მართალია, "მუსავათი" არ სცნობს ახალი პარლამენტის ლეგიტიმურობას, ის მაინც საჭიროდ მიიჩნევს, დაიკავოს პარტიის მიერ მასში მოპოვებული სამი ადგილი. სახალხო ფრონტის ლიდერის, ალი ქერიმლისთვის, "მუსავათის" ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების წინაშე დანებება და ნოემბრის არჩევნების შედეგების აღიარება.

[ალი ქერიმლის ხმა] "ჩვენ პრინციპულად განვაცხადეთ, რომ არ გვსურდა მონაწილეობა შოუში, წარმოდგენაში, რომელსაც ხელისუფლება აწყობს ხოლმე. მას არ უნდა ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ამის ნაცვლად ის შოუს მოწყობით არის დაკავებული. ჩვენ არ გვინდა ვითამაშოთ ის ოპოზიციური როლი, რომელიც ხელისუფლებამ მოგვცა. პრინციპულად არ ვაპირებთ, შევეგუოთ გამოცხადებულ, გაყალბებულ შედეგებს. ეს არის მთავარი უთანხმოება ჩვენსა და მუსავათის პარტიას შორის."
XS
SM
MD
LG