Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი


ორშაბათს ბაღდადში განახლდა ერაყის ყოფილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინისა და მისი შვიდი თანამზრახველის სასამართლო პროცესი.



ჰუსეინი სასამართლოში გამოცხადდა მას მერე, რაც მან ბოიკოტი გამოუცხადა წინა ორ სხდომას 1-ლ და 2 თებერვალს. მაგრამ მშვიდობიანი არც განახლებული სხდომა ყოფილა.

ჰუსეინის ხმა 1315
"გაუმარჯოს ერაყს! გაუმარჯოს არაბ ერს! ძირს ოკუპაციის აგენტები! ძირს ბუში! გაუმარჯოს ხალხს! გაუმარჯოს ხალხს!"

აი, ამ შეძახილებით შევიდა სადამ ჰუსეინი სასამართლო დარბაზში. ის და დანარჩენი შვიდი ბრალდებული, მართალია, დაბრუნდნენ სასამართლოს სხდომაზე, მაგრამ სულაც არ არიან ამით კმაყოფილი. ჰუსეინმა სასამართლოს მოსთხოვა, გამოიყენოს მისი კანონიერი უფლება და ბრალდებულები დაუსწრებლად გაასამართლოს.

საქმე ის არის, რომ ბრალდებულები პროტესტს უცხადებენ ახალ მთავარ მოსამართლეს, რომელიც უძღვება პროცესს - რაუფ აბდელ-რაჰმანს. მათი თქმით, იგი ტენდენციურია თავისი წარსულის გამო. აბდელ-რაჰმანი ბაათის რეჟიმის პერიოდში დაპატიმრებულ და ნაწამებ იქნა.

გარდა ამისა, ბრალდებულები ითხოვენ უსაფრთხოების მოსაზრებებით სასამართლოს გადატანას სხვა ქვეყანაში. ოქტომბერში პროცესის დაწყების შემდეგ დაცვის ორი ვექილი იქნა მოკლული.

თუკი ჰუსეინი საკუთარი ფეხით შევიდა სასამართლო დარბაზში, დაცვამ ძალით შეიყვანა მისი ნახევარძმა, ერაყის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ბარზან ალ-თიქრითი, რომელიც მათ წინააღმდეგობას უწევდა და ლოზუნგებს გაიძახდა:

[თიქრითის ხმა 1317]

სადამ ჰუსეინსა და მის თანამოაზრეებს 1982 წელს სოფელ ალ-დუჯაილში 140 მამაკაცისა და ბიჭის გაჟლეტაში ედებათ ბრალი. ეს სადამსჯელო აქცია სადამ ჰუსეინზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ მოხდა.

ბრალდება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბრძანება თავად სადამ ჰუსეინისგან მომდინარეობდა.

პროცესს მთელი მსოფლიო ინტერესით ადევნებს თვალ-ყურს. ადამაინის უფლებების დამცველები გამოთქვამენ შიშს, რომ ბრალდებულები, შესაძლოა, ვერ იყენებდნენ თავიანთ უფლებას, ჰქონდეთ სათანადო დაცვა.

"ჰიუმან რაიტს უოჩი" აცხადებს, რომ ახალი მოსამართლის მიერ ბრალდებულთა ვექილების დათხოვნა და ახლებით შეცვლა მთელ სასამართლო პროცესს უქმნის საფრთხეს, რომ იგი არაობიექტურად იქნეს მიჩნეული.
XS
SM
MD
LG