Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკაში დღეს ერთ უახლეს გამოცემას წარმოგიდგენთ. ვიდრე გაგიმხელდეთ, რა წიგნზე


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკაში დღეს ერთ უახლეს გამოცემას წარმოგიდგენთ. ვიდრე გაგიმხელდეთ, რა წიგნზე ვილაპარაკებთ, ერთი სუსტად გამოხატული დადებითი ტენდენცია უნდა შევნიშნოთ:

საქართველოში თანდათან ჩნდება თარგმნილი წიგნები, რომლებიც ორიგინალის ენაზე მცირე ხნის წინ დაიწერა. ქართველი მთარგმნელები არათუ ტრანზიტულ გზას არ მიმართავენ ლიტერატურის გადმოსაქართულებლად, არამედ არჩევენ წიგნს სიახლისა და აქტუალობის მიხედვით. წიგნი, რომელზედაც დღეს გესაუბრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წელს გამოიცა და მას დღემდე ეხმაურებიან, როგორც ”მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნს ჟურნალისტიკაში ჩაბმული ყველა ადამიანისათვის”. ესაა ფუნდამენტური ნაშრომი ახალი ამბების მოპოვებისა და მიწოდების შესახებ - ვინც ასე აფასებს ამ წიგნს, შესაძლოა, აჭარბებს კიდეც, მაგრამ როგორც ჩვენი რესპონდენტებისგან შეიტყობთ, ის უაღრესად აქტუალურად მიიჩნიეს შეერთებულ შტატებში ჟურნალისტიკის კრიზისის დროს. ახლა ბილ კოვაჩისა და ტომ როზენსტილის ”ჟურნალისტიკის ელემენტები” უკვე ქართულადაც არსებობს. და მასზე დავით პაიჭაძე მოგითხრობთ.

ჟურნალისტიკის ელემენტების ქართულად გამოცემაში წილი დაიდეს საქართველოში ცნობილმა ორგანიზაციებმა. მათ შორის არის საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო, რომლის მედია-ინოვაციების პროგრამის კოორდინატორი ლიკა ჩახუნაშვილი ჩემთან საუბრისას განმარტავს, ვინ არიან წიგნის ავტორები:

[ჩახუნაშვილის ხმა] “ბილ კოვაჩი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ნიმანის ფონდის კურატორი და ”ნიუ-იორკ ტაიმსის” ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი. ტომ როზენსტილი არის ჟურნალისტიკის სრულყოფის პროექტის დირექტორი. ის იყო ”ლოს-ანჯელეს ტაიმსის” მედია კრიტიკოსი და ”ნიუსუიკის” მთავარი კორესპონდენტი კონგრესში.”

წიგნის თარგმნაში ჩართული იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიც. ინსტიტუტის ჟურნალისტიკის სკოლის ხელმძღვანელი მაია მიქაშავიძე აღწერს ერთ მიზეზს, რამაც წიგნის ქართულად გამოცემა გადააწყვეტინათ:

[მიქაშავიძის ხმა] ”ჟურნალისტის პროფესია საქართველოში ასე განვითარდა: ამ საქმიანობას ბევრი ისე ეწევა, რომ არ გააჩნია ამ პროფესიის საფუძვლიანი ცოდნა, არა აქვს გააზრებული პრინციპები, რომელთაც, ერთი შეხედვით, იცნობენ, მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი - არ იციან.”

მიუხედავად იმისა, რომ წიგნს სახელმძღვანელოს სათაური აქვს, ის მხოლოდ სახელმძღვანელო არ გახლავთ. ქვესათაურად ყდას აწერია: რა უნდა იცოდნენ ახალი ამბების სფეროს მუშაკებმა და რას უნდა მოელოდეს მათგან საზოგადოება. საზოგადოებაში, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს მედიაკრიტიკა და მოქალაქეები, უნდათ თუ არა, სჯერდებიან მიწოდებულ ინფორმაციას, ასეთი წიგნი, ალბათ, აქტუალურია. მაგრამ რატომ იყო ის აქტუალური ამერიკის შეერთებულ შტატებში? ლიკა ჩახუნაშვილი წიგნის შექმნის წინაისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკელი მედიის თეორეტიკოსები, მკვლევარები წუხდნენ იმის გამო, რომ ჟურნალისტიკა მოსწყდა საზოგადოებას და ვეღარ უპასუხებდა დროის მოთხოვნებს. გაუცხოების მიზეზების გასარკვევად სპეციალისტებმა ჩამოაყალიბეს დაინტერესებულ ჟურნალისტთა კომიტეტი და შეუდგნენ კვლევას.

[ჩახუნაშვილის ხმა] ”ჟურნალისტიკა დღეს, როცა კომუნიკაციის მრავალი საშუალება და ფორმა არსებობს და მეგაკორპორაციული მფლობელობის ჩარჩოებში ექცევა, თავს სახეს იცვლის. მნიშვნელოვანი იყო, გაერკვიათ, რა ცვლილებები უნდა განიცადოს ჟურნალისტიკამ (თუ საერთოდ საჭიროა ეს ცვლილებები) და რა პირველადი, ძირეული ფუნქციები უნდა შეინარჩუნოს. ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი შეეცადა, სწორედ ამ კითხვების პასუხი ეპოვა.”

ეს წიგნი განუმარტავს მოქალაქეებს, რას უნდა მოითხოვდნენ ისინი ჟურნალისტებისაგან. აქ ბევრი საგულისხმო მაგალითია, დაწერილია ლაკონიურად და არაერთხელ უაღრესად უჩვეულო ასპექტით განმარტავს მოვლენებსა თუ წესებს. როცა საქართველოში დასავლური მედიის გამოცდილებას ეცნობიან, ამ გამოცდილებას მეტწილად ისე წარმოადგენენ, რომ ქართულ რეალიებთან საერთოს ცოტას თუ უპოვი. იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებენ დაგვანახვონ, რა აქვს საზიარო ქართულ ჟურნალისტიკას დასავლურ პრაქტიკასთან. წიგნში ბევრ ასეთ მაგალითს გადავაწყდი და ერთ-ერთს ახლა მოვიყვან. ბილ კოვაჩი და ტომ როზენსტილი წერენ ტოკ-შოუზე, რომელსაც ჩვენში აუცილებლად მონათლავდნენ სკანდალურად:

”ეს გადაცემა ერთ-ერთი იყო იმ უამრავ გადაცემათაგან, რომელბშიც ასევე ხშირია სიტყვის შეწყვეტინება, ლანძღვა, ხმამაღალი ინტონაციები და ისეთი ფაქტების გამოყენება, რომლებიც მნიშვნელოვანს არაფერს ამტკიცებს, მაგრამ მოსაუბრეთა პოლარიზაციას უფრო აძლიერებს. არსებობს განსხვავება ფორუმსა და კინკლაობას შორის, ასევე ჟურნალისტიკასა, რომელიც დებატებში შუამავლის როლს ასრულებ, და ფსევდოჟურნალისტიკას შორის, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნური დებატების გამართვას. მათი ერთადერთი მიზანი ხალხის პროვოცირება და უსაგნო ვნებათაღელვაა. ეს უკანასკნელი იმის ნაწილია, რასაც ”კამათის კულტურას” უწოდებენ. თუმცა ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ”კამათის კულტურის” უკან დგას, ის კი არ არის, რომ მაყურებელს კამათი უნდა, არამედ ის, რომ ლაპარაკი უფრო იაფია. ერთი ტოკ-შოუს დადგმის დნახარჯები გაცილებით ნაკლებია იმ დანახარჯებზე, რომლებიც რეპორტაჟების ინფრასტრუქტურისა და ახალი ინფორმაციის მოწოდებას სჭირდება.”

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს წარმომადგენელი ლიკა ჩახუნაშვილი მეუბნება, რომ ”ჟურნალისტიკის ელემენტებში” საძიებელია არა იმდენად ქართული ვითარების მსგავსი ან განსხვავებული სიტუაციები, არამედ უნივერსალური პრინციპები, რომლებიც საერთო უნდა იყოს ყველა და, განსაკუთრებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქმედი ჟურნალისტისათვის. შესაძლოა, წესები თუ დასკვნები, რომლებამდეც ავტორები მიდიან, ვინმეს ბანალურად ეჩვენოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დავაკვირდეთ, გვაქვს თუ არა პრინციპებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა.

[ჩახუნაშვილის ხმა] ”ძალიან აქსიომატური, მარტივი ჭეშმარიტებებია, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანი და ღრმა. ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა, სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს. ჟურნალისტიკა, პირველ რიგში, მოქალაქეების ერთგული უნდა იყოს. ჟურნალისტიკის არსი ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა იმათგან, ვისაც აშუქებს. ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი. ჟურნალისტიკა ხალხს საჯარო კრიტიკისა და მსჯელობის საშუალებას უნდა აძლევდეს. რაც მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა საინტერესოდ და ადეკვატურად უნდა წარმოადგინოს. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს ინფორმაციის პროპორციულობა და ეს ინფორმაცია ყოველმხრივი უნდა გახადოს. ჟურნალისტი პასუხს აგებს სინდისის წინაშე.”

ცოტა უჩვეულოდ შეიძლება მოჩანდეს ისიც, რომ ჩამოთვლილ პრინციპებში არ ისმის სიტყვები სამართლიანობა და ბალანსი. წიგნის ავტორები მიიჩნევენ, რომ ესენი ბუნდოვანი ცნებებია. საქართველოში იმპორტირებული ბევრი დასავლური კონცეფციისაგან განსხვავებით, კოვაჩისა და როზენსტილის წიგნი არ განიხილავს ჟურნალისტურ ეთიკას განყენებულად; ეთიკა აქ პროფესიული სტანდარტის ნაწილია. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის სკოლის ხელმძღვანელი მაია მიქაშავიძე მეუბნება:

[მიქაშავიძის ხმა] ”ძალიან ხშირად მინახავს, როგორ არჩევენ ჟურნალისტიკის ამერიკელი და ფრანგი პროფესორები ამა თუ იმ ეთიკურ საკითხს, დილემას, კონკრეტულ სიტუაციას. ისინი ყოველთვის იხსენებენ ამ წიგნში მოცემულ მნიშვნელოვან პრინციპებს და, აქედან გამომდინარე, აძლევენ კონკრეტულ პასუხს ჩვენს სტუდენტებს მათი პრობლემის გადასაწყვეტად.”

წიგნის დასასრულს ავტორები გვთავაზობენ მათ მიერ შედგენილ მოქალაქეთა უფლებების ბილს, სადაც მითითებულია, რას უნდა მოელოდეს ხალხი პრესისგან და როგორ უნდა მოიქცეს, თუ ეს უფლებები ირღვევა. ამჯერად ციტატებს აღარ მოვიყვან. დაე, მკითხველი თვითონ გაეცნოს.
XS
SM
MD
LG