Accessibility links

logo-print

რატომ გაიყიდა ''ინტელექტბანკის'' აქტივები და პასივები


ამ დღეებში საქართველოს საბანკო სექტორში ერთ-ერთი მსხვილი გარიგება განხორციელდა. 12 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და ეროვნული ბანკის

პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გამოაცხადეს, რომ ”ინტელექტბანკის” აქტივები და პასივები "საქართველოს ბანკმა" შეიძინა. პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, "ინტელექტბანკში" ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ აღნიშნული ბანკი შეიძლება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩენილიყო. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ მისი გაყიდვის სწრაფი გადაწყვეტილება მიიღესო, აღნიშნა ნოღაიდელმა.

”ინტელექტბანკის” ”საქართველოს ბანკთან” შერწყმის პრეზენტაცია 13 თებერვალს საღამოს 7 საათზე უნდა გამართულიყო, მაგრამ ცერემონია მოულოდნელად გადაიდო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარიგება არ შედგა ან რაიმე შეიცვალა.

”ინტელექტბანკის” გაყიდვის ოფიციალური მიზეზის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომან გოცირიძეს მოვუსმინოთ:

[რომან გოცირიძის ხმა] ”"ინტელექტბანკის" მეანაბრეები, შესაძლოა, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩენილიყვნენ. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა პრევენციული ღონისძიება ჩაატარა და, რისკის თავიდან აცილების მიზნით, ბანკის აქტივებისა და პასივების გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
"ინტელექტბანკის" შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ბანკი ზარალზე მუშაობდა. მეანაბრეებს საფრთხე რომ არ შექმნოდათ, ამიტომ მისი გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ.”

საბანკო სფეროს რეგულირებას და ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. ამიტომ მის ხელმძღვანელობას ბუნებრივად მიაჩნია ის ფაქტი, რომ სერიოზული პრობლემების მქონე ბანკის 35 ათასამდე მეანაბრე გაკოტრებას გადაარჩინა, ქვეყნის საბანკო სფერო კი - პანიკის საფრთხეს.

ცნობისთვის: ”ინტელექტბანკი” არ განეკუთვნებოდა მცირე მოცულობის ბანკების კატეგორიას და ის მნიშვნელოვან აქტივებს ფლობდა ანაბრების, საკრედიტო დაბანდებებისა თუ სხვა საბანკო პროდუქტების სახით.
საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, “ინტელექტბანკის” აქტივები ქართული საბანკო სექტორის აქტივების დაახლოებით 2 პროცენტს შეადგენდა. ეს, მისივე შეფასებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა დაბალი აღმოჩნდა წლიური მოგების მაჩვენებელი - დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი - და მან აქტივებთან მიმართებაში მხოლოდ 1,2 პროცენტი შეადგინა. წარმატებული ბანკები - მაგალითად, ”თი-ბი-სი ბანკის” ან ”ქართუ” ბანკის - ანალოგიური საშუალო მაჩვენებელი 3,5 პროცენტია და მათი წლიური მოგება 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით კი, “ინტელექტბანკის” მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მოგების მაჩვენებელი მცდარი აღმოჩნდა. ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს.

და მაინც, რატომ იჩქარა ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს მთავრობამ “ინტელექტბანკის” კონფიდენციალურად გაყიდვა და ხომ არ დგას ამის უკან რაიმე პოლიტიკური ინტერესი? - ამ კითხვებით გიორგი ცუცქირიძეს მივმართე.

[გიორგი ცუცქირიძის ხმა] ”აი, რომ ეყიდა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, შეიძლება გეთქვა, რომ ...”

აღსანიშნავია, რომ “ინტელექტბანკის” სახელი ბოლო დრომდე შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკური მრჩევლის თემურ ბასილიას სახელთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ვარდების რევოლუციამ ბასილიასთან ერთად ბანკის მდგომარეობაზეც მოახდინა გავლენა - ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”შესაბამისად, სავარაუდო იყო, რომ, აი, ეს თავისუფლად კონვერტირებადი კლიენტურა...”

გამოცდილი ეკონომისტი ქართველ მეანაბრეებს და ბიზნესმენებს ურჩევს ბანკთან თანამშრომლობის დაწყებამდე ქართული პოლიტიკის მცირე ანალიზი მაინც გააკეთონ, რათა პოლიტიკურ არასტაბილურობასთან დაკაშირებული საბანკო რისკები შეამცირონ.
XS
SM
MD
LG