Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: პარლამენტის აზრით, საგარეო პოლიტიკაში მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანის უფლებებზე


14 თებერვალს ევროპის პარლამენტმა განიხილა ანგარიში,

რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ადამიანის უფლებების საკითხზე უფრო მეტი აქცენტის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ეს ანგარიში სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. ის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირში არსებულ შეშფოთებაზე – რომ კავშირი ადამიანის უფლებების და დემოკრატიული სტანდარტების დარღვევაზე სათანადო რეაგირებას არ ახდენს. ანგარიშში აგრეთვე გამოთქმულია აზრი, რომ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის "სამეზობლო პოლიტიკა" ეხებათ, ადამიანის უფლებების განმტკიცება სხვებზე უფრო მკაცრად უნდა მოეთხოვოთ.



14 თებერვალს ევროპის პარლამენტმა ღიად განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ადამიანის უფლებების და დემოკრატიული სტანდარტების მუხლის ეფექტიანი, მოქნილი და მკაცრი დანერგვა სურს. საუბარია მუხლზე, რომელიც 1995 წლიდან ევროკავშირის წევრ და სხვა ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმებების სავალდებულო ასპექტს წარმოადგენს.

სტრასბურგში შემდგარ პლენარულ სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური წონა უცხოეთში დემოკრატიული ცვლილებების გამოწვევის მიზნით უნდა გამოიყენოს.

სხდომაზე მწვავე კრიტიკა გამოითქვა იმ "გამორჩევითი" პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ევროკავშირი მისდევს ამ მუხლთან მიმართებით. ჯერჯერობით მისი ამოქმედება მხოლოდ თორმეტჯერ მოხდა – აფრიკის 10 ქვეყანასთან, ჰაიტისთან და ფიჯისთან მიმართებით.

საჯად ქარიმმა, რომელიც ბრიტანელი ლიბერალი დეპუტატია და ინგლისის ჩრდილო-დასავლეთის ბევრ მუსულმან ამომრჩეველს წარმოადგენს, ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების ქონაში დაადანაშაულა:

[ქარიმის ხმა] "სულ უფრო აშკარა ხდება, რომ მნიშვნელოვან ქვეყნებთან თანამშრომლობისას სტრატეგიული პარტნიორობა და პრაგმატული პოლიტიკის ორმაგი სტანდარტები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე წინ დგას. ეს მუხლი სწორედ ამ უფლებების განმტკიცებას ისახავს მიზნად."

ასეთივე კრიტიკა გამოთქვეს ევროპარლამენტში, სიდიდით მეორე, სოციალისტური ფრაქციის წარმომადგენლებმა. ყველაზე დიდი, კონსერვატორული ჯგუფი კი კრიტიკას არ დაეთანხმა. თუმცა ევროპის ხალხის პარტიამ, რომელიც მემარჯვენე ორიენტაციას ატარებს, ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

დღეს განხილული ანგარიში აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს უნდა დაეყრდნოს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თუ სავაჭრო სფეროებში. ანგარიშში ნათქვამია, რომ უკვე არსებული მუხლი ძალიან ზოგადად არის ფორმულირებული – მაგალითად, არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ის სადამსჯელო ქმედებები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ შეიძლება განხორციელდეს ადამიანის უფლებების სისტემატური უგულებელყოფის გამო. ამდენად, ანგარიშში გამოთქმულია მოწოდება, რომ ამ კუთხით წარმოებული პოლიტიკა კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

დღეს გამართულ დებატებს უთანხმოებაც თან სდევდა. ევროპის კავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ორგანიზაციის, ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენელმა ჯერარდ ბატენმა განაცხადა, რომ, მართალია, ადამიანის უფლებების დაცვა ღირსეული საქმეა, ევროკავშირი ყველა ქვეყნის მიმართ იდენტურ დამოკიდებულებას ვერ გამოხატავს:

[ბატენის ხმა] "თუ დაინერგება, ეს ჩინეთს და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებსაც შეეხება. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი სამუშაო ადგილია დამოკიდებული ჩინეთთან არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე და მათი რაოდენობა მომავალში მხოლოდ გაიზრდება. ნუთუ მართლა იმის თქმა გვინდა, რომ ყველაფრის შეცვლას ვაპირებთ და ჩინეთს ვეტყვით, რომ ევროპის პარლამენტის ამ ანგარიშის საფუძველზე უცებ დემოკრატიულ ქვეყნად უნდა იქცეს და ერთ ღამეში ადამიანის უფლებები სრულად დანერგოს? არა მგონია!"

საათნახევრის განმავლობაში მიმდინარე დებატებზე ჯერარდ ბატენის ამ გამოსვლამ პირდაპირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. თუმცა ბრიტანელი რადიკალი პოლიტიკოსის სიტყვები გარკვეულწილად აირეკლა საგარეო საკითხებში ეკროკომისრის, ბენიტა ფერერო-ვალდნერის, გამოსვლაში. ევროკომისარმა ევროკავშირის პოლიტიკა გაამართლა – მისი თქმით, კავშირი რთული ბალანსის დაცვას ცდილობს და არ ელის, რომ სამყარო ერთ დღეში გამოიცვლება:

[ფერერო ვალდნერის ხმა] "ჩვენს შეთანხმებებს ფართომასშტაბიანი პოლიტიკური მიზნები აქვს. ჩვენი სურვილია სტაბილურობას და მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას შევუწყოთ ხელი. პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ის, რომ ჩვენ ყოველთვის ადამიანის უფლებების ერთი და იმავე მუხლით არ ვხელმძღვანელობთ და ყოველთვის არ ვაწესებთ სანქციებს, ჩვენს გაუბედაობაზე არ მეტყველებს. ვფიქრობ, ჩვენ მოსახლეობის განვითარებასაც უნდა შევუწყოთ ხელი. შეხედეთ აფრიკის და აზიის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობას. როგორც რამდენიმე თქვენგანმაც აღნიშნა, არსებობს კიდევ გადარჩენის და შიშისგან გათავისუფლების უფლება."

ბენიტა ფერერო-ვალდნერის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში არანაკლებად მნიშვნელოვანი საკითხებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და საკანონმდებლო რეფორმები. ევროკომისრის თქმით, ყოველივე ამის დანერგვას დრო სჭირდება.

ანგარიშში აგრეთვე გამოთქმულია მოსაზრება, რომ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის "სამეზობლო პოლიტიკა" ეხებათ, ადამიანის უფლებების განმტკიცება სხვებზე უფრო მკაცრად უნდა მოეთხოვოთ და რომ მათთან მიმართებით ევროკავშირი მხოლოდ დემოკრატიზაციის ზოგადი მოთხოვნით არ უნდა შემოიფარგლოს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG