Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძალოვნები კონფლიქტის ზონაში“ნადავლს” პოულობენ


ბოლო ხანს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საქართველოს სპეცსამსახურებმა ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი აღმოაჩინეს. ნივთმტკიცებით 3 თებერვალს საზოგადოების

წინაშე ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი წარდგა, ათი დღის შემდეგ კი - სამხედრო უწყების ხელმძღვანელი. მათი განცხადებით, ამ იარაღით საქართველოში ტერორისტული აქტები უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა საბრძოლო იარაღის ცოდნის საქმეში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა დასანანი არაკომპეტენტურობა აღმოაჩინეს.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სიახლოვეს სამართალდამცველები, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წინა წლებშიც ხშირად პოულობდნენ მსუბუქ იარაღს. მაგრამ ხელის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, სახელწოდებით “იგლა”, პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ჯგუფმა 2 თებერვლის გვიან ღამით ქარელთან ახლოს აღმოაჩინა. მინისტრმა მერაბიშვილმა სასწრაფოდ მოიწვია პრესკონფერენცია და საზოგადოებას აუწყა, რომ რუსული წარმოების იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი და რომ იგი გამიზნული იყო საქართველოში ტერაქტის მოსაწყობად:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “გუშინ ჩვენ მიერ ქარელში ნაპოვნი იქნა საზენიტო დანადგარი “იგლა”, მოყვანილი საბრძოლო მდგომარეობაში. ჩვენთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ასეთი ტიპის იარაღი ითვლება ტერორისტულ იარაღად და იგი მთელ მსოფლიოში არის მკაცრი აღრიცხვის ქვეშ. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავრჩით ტერორისტულ აქტს.”

თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, გამნაღმმველებმა საზენიტო დანადგარი ადგილზე გააუვნებელყვეს, რითაც მინიმუმამდე დავიდა შანსი, დადგენილიყო იარაღის წარმომავლობა. რაც მთავარია, საბრძოლო მოქმედებაში მყოფი საზენიტო დანადგარი “იგლა” მდინარეში იყო ჩაგდებული და ის მეთევზეებმა იპოვეს. შესაბამისად, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი ხელისუფლების განცხადების დამაჯერებლობას ეჭვქვეშ აყენებს:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “ის, რომ რომელიღაც მეთევზემ “იგლა” იპოვა ტბაზე და ამას თვლით, რომ ეს არის მერაბიშვილის უწყების კარგი მუშაობა, ხომ არ დავბრმავდით ნეტავ?”(სტილი დაცულია)

გადამდგარი გენერალი, სამხედრო საჰარეო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე კი არ გამორიცხავს, რომ საზენიტო დანადგარი მოქმედებაში მოსულიყო წყლიდან ამოღების შემდეგაც, რადგან იარაღი ჰერმეტულობას დიდხანს ინარჩუნებს:

[ამირან სალუქვაძის ხმა] “საერთოდ გერმეტულია, მაგრამ უნდა შემოწმდეს, რამდენ ხანს იყო წყალში და რომ შევიდა წყალი, რა დაზიანდა. ისე, ამ ტიპის იარაღი ნებისმიერ ამინდში ისვრის.”

დამოუკიდებელი ექსპერტები კიდევ უფრო დაიბნენ მეორე “ნადავლის”შემთხვევაში, რომლის დემონსტრირებაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 13 თებერვალს, პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოაწყო. ამჯერადაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდა ხელის გადასატანი საზენიტო დანადგარი, ოღონდ არა “იგლა”, არამედ გაცილებით მასზე მსუბუქი - ე.წ. “სტრელა.” თუმცა მას შემდეგ, რაც მინისტრმა ოქრუაშვილმა საზენიტო დანადგარი აღწერა, ადამიანები შიშმა შეიპყრო.

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] “ეს არის, ფაქტობრივად, ყველაზე საშიში იარაღი, ბირთვული და ბიოლოგიური იარაღის შემდეგ.”

ყოფილი უშიშროების მინისტრი, დამოუკიდებელი ექსპერტი ირაკლი ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა საბრძოლო იარაღის სუსტი ცოდნა გამოამჟღავნა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “ეს იგივეა, რომ გავაკეთოთ ასეთი კლასიფიკაცია: ბირთვული და ბაქტერიოლოგიური იარაღი და ყუმბარსატყორცნი.”

ბაქტერიოლოგიური და ბირთვული იარაღის სიძლიერესთან 3 ათას მეტრზე მოქმედი და საფრენი ობიექტების გასანადგურებლად გამიზნული საზენიტო დანადგარის შედარება ქართველმა პარლამენტარებმაც და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც უკომენტაროდ დატოვეს. მინისტრებისადმი ნდობა ჯერ კიდევ ისეთი მაღალია საზოგადოებაში, მიიჩნევს ირაკლი ბათიაშვილი, რომ, როგორც ჩანს, ძნელია დაიჯერო, რომ ასეთი მაღალი რანგის პირები ასეთ ლაფსუსებს უშვებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG